მორიგი წინასწარი განხილვა ტარიფის კორექტირებისთვის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებული მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართა. განხილვის თემა ამჯერად იყო ქსელში კაპიტალური დანახარჯების მაჩვენებლები, რომლის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციამაც ხმაურით ჩაიარა. საჯარო განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასს“, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას, რომელიც თბილისს ემსახურება, კაპიტალური დანახარჯების ოდენობად 36 მილიონ ლარზე მეტი განუსაზღვრა. ეს რიცხვი დაზუსტებას ექვემდებარება და პროცესი ამ მიმართულებით გაგრძელდება. „თელასი“ თავის მოსაზრებებს კომისიას დამატებით 31 აგვისტომდე წარუდგენს. თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების მიზნით გამართულ შეხვედრაზე კი ხმაურის მიზეზი გახდა „თელასის“ პრივატიზების შემდგომ მოსახლეობიდან ამოღებული თანხების გაუთვალისწინებლობა კაპიტალურ ხარჯებში. „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თანახმად, საუბარია, დაახლოებით, 800 მილიონის ოდენობის აქტივებზე:

“ხარჯთაღრიცხვაში რატომ არ არის აქტივები შეტანილი, რომელიც „თელასმა“ ამოიღო მოსახლეობისგან? რატომ არაა, რატომ არ წერია არაფერი? ეს აქტივი ხომ ამოღებულია და რატომ არ ანგარიშობთ, ამაზე გამეცით პასუხი“.

ჯონდი ბაღათურიას კითხვას სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მარეგულირებელი კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

“800 მილიონი არის აბსოლუტურად არასერიოზული თემა. მარეგულირებელმა კომისიამ წარმოადგინა 99 წლის აუდიტორული დასკვნა, რომელმაც, მე მგონი, ეს კითხვა მოხსნა საფუძველშივე“.

თუმცა, სემეკის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილისთვის, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ძალაშია კითხვები იმასთან დაკავშირებით, გაზრდილია თუ არა კაპიტალური ხარჯების მაჩვენებელი იმ მიზნით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენელი კახა ძაგანია, მაგალითად, ვარაუდობს, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალია:

“ინვესტიციები, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი „თელასის“ მიერ, არის ძალიან გაბერილი და ეს, შესაბამისად, ტარიფში აისახება სემეკის მიერ და, შესაბამისად, მომხმარებელს, ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ოჯახის წევრებს გვიწევს გაბერილი თანხების გადახდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ის ინვესტიციები, რომელიც არის განხორციელებული და სადღაც არის, დაახლოებით, 400 მილიონი წარმოდგენილი 16 წლის მანძილზე, არის ძალიან მაღალი. ეს ჩვენ უკვე გადახდილი გვაქვს ხუთი წლის წინ და, შესაბამისად, დაბალი უნდა იყოს ტარიფი“.

„თელასმა“ სემეკს ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით 23 ივნისს მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, კომპანიის თანახმად, არის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი შეცვლა დოლართან მიმართებით, რაც ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას განაპირობებს. ამ გარემოებას უსვამს ხაზს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძეც, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ტარიფი გაიზრდება:

“ალბათ, მოიმატებს. რა თქმა უნდა, უფრო მოსალოდნელია, რომ მოიმატოს, მაგრამ რამდენით, ამას ვერ ვიტყვი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესყიდვებს. შესყიდვებია ძირითადი, რაც ზრდის ტარიფს“.

„თელასში“ კი აცხადებენ, რომ 2016 წელს ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური, დაახლოებით, 70 მილიონი ლარით ეზრდებათ. შესაბამისად, კომპანია ტარიფის გაზრდას, დაახლოებით, 4-5 თეთრის ფარგლებში ითხოვს.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას გადაწყვეტილების მიღების ვადა 1015 წლის დეკემბრამდე აქვს. უკვე დასრულდა ტარიფის ფორმირების ოთხი კომპონენტიდან საჯარო მსჯელობა ორზე, კერძოდ, ნორმატიულ დანაკარგებსა და კაპიტალურ დანახარჯებზე. საოპერაციო და შესასყიდი კომპონენტების დანაკარგის შესახებ მორიგი წინასწარი განხილვა ასევე საჯარო ფორმატში გაიმართება.