„თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლას ლიდერები სჭირდება“

„ნუ მაბოლებ!“ – სწორედ ამ სახელწოდების აქციით აღნიშნეს 31 მაისს თამბაქოს გარეშე მსოფლიოს დღე არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრებმა. ისინი ხელისუფლებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ისინი არ მისცემენ უფლებას ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდში ილაპარაკონ ჯანდაცვის საკითხებსა და ადამიანების კეთილდღეობაზე.

“სიკვდილის ტაბლო” - ასე დაარქვა „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ ელექტრონულ დაფას, სადაც, მათი თქმით, იმ ადამიანების რიცხვი აისახება, რომლებიც თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით ყოველდღიურად იხოცებიან. ტაბლოზე ათვლა 2013 წლის 20 მარტიდან დაიწყო, ანუ იმ დღიდან, როდესაც საქართველოში თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია შეიქმნა და რომელსაც, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრები აცხადებენ, არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისათვის, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების რაოდენობა შემცირდეს. მათივე სიტყვებით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დღემდე თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილის რაოდენობამ 35 ათასი შეადგინა.

31 მაისს, თამბაქოს გარეშე მსოფლიოს დღეს, ალიანსის წევრებმა ე.წ. „სიკვდილის ტაბლო“ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიიტანეს. მათ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს და გამართეს აქცია, სახელწოდებით „ნუ მაბოლებ!“.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გულგრილობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების მიზეზით ყოველწლიურად საქართველოში 11 ათასამდე ადამიანი კვდება. სწორედ ამიტომ გამართეს მათ აქციები მთავრობის კანცელარიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან: „ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას თამბაქოს კონტროლის სფეროში. თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ათასობით მოქალაქის დაღუპვაზე! ნუ იქცევით სიკვდილის ლობისტებად!“

„აიკრძალოს მკვლელი რეკლამა“, „თამბაქოს ლობისტები კლავენ“, „ეკონომიკის სამინისტრო კლავს“ - ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ აქციის მონაწილეები ჯერ პარლამენტის შენობასთან, შემდეგ მთავრობის კანცელარიასთან და, ბოლოს, ეკონომიკის სამინტროსთან. კახა ღვინიანიძე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის იმ ცვლილებებს, რომელთა შეტანასაც ისინი უკვე წლებია ითხოვენ კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“: მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობაში; რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა; გამაფრთხილებელი ფოტოების დატანა თამბაქოს კოლოფებზე, თამბაქოს აქციზური გადასახადის გაზრდა და ასევე თამბაქოს საწინააღმდეგო პროგრამების დაფინანსების გაზრდა. კახა ღვინიანიძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნების აღსრულება ძნელი არ არის, მაგრამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია პრობლემის მოსაგვარებლად:

„ეკონომიკის სამინისტროსთან გაპროტესტების მთავარი ლაიტმოტივი არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე, ყველანაირ ინიციატივას ბლოკავს, როგორც მთავრობის მხრიდან მიწოდებულს, ისე არასამთავრობო სექტორიდან ინიცირებულს. როგორც ეკონომიკის სამინისტროსა და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს აქვს შესაძლებლობა, რომ დაბლოკოს, ანუ ვიზა არ მისცეს საკანონმდებლო ცვლილებას და ამას ბოროტად იყენებს ეკონომიკის სამინისტრო“.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლების მტკიცებით, ამ გზით მთავრობა ცდილობს ლობირება გაუწიოს თამბაქოს ინდუსტრიას. რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიას, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა და რომელმაც ასევე სამი წლის წინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, სახელმწიფო სტრატეგიაც დაამტკიცა, კახა ღვინიანიძის მტკიცებით, არც ერთი ვალდებულება, რომელიც სამთავრობო კომისიამ თავის თავზე აიღო, არ შესრულებულა. სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ამოცანები, რომელთა შესრულებაზე კომისიამ უნდა იზრუნოს. ესენია: აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა მოსახლეობის ყველა ჯგუფში მოწევის შეწყვეტის სერვისების განვითარების გზით; მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში; მეორადი კვამლის ზემოქმედების (პასიური მოწევა) შემცირება, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება მოწევისა და სიგარეტის კვამლის მავნე ზემოქმედების შესახებ; თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება და სხვა. კახა ღვინიანიძე კომისიის უმოქმედობაზე გვესაუბრება:

„ეს კომისია, როგორც მინიმუმ, წელიწადში სამჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს. უკვე ორი წელია ისინი საერთოდ არ შეკრებილან. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისი, თუ როგორი ყურადღება ექცევა ამ საკითხებს და რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღება“.

ის, რომ 2013 წელს შექმნილი სამთავრობო კომისია და მათ მიერ დაწერილი სტრატეგია უფუნქციოდ არის დარჩენილი, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა. მისი თქმით, თუკი არ იქნა ხელისუფლების პოლიტიკური ნება საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა, ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით რაიმე მიღწევაზე საუბარი გამორიცხულია. ლელა სტურუა იმასაც ამბობს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკური ნების უქონლობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის:

„თამბაქოს ინდუსტრია არის ერთ-ერთი უძლიერესი ინდუსტრია, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნეს გატარებული. ის თავისი გზებით ცდილობს დაარწმუნოს მთავრობა, რომ თუკი აიკრძალა თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჩავარდება სარესტორნო-სამასპინძლო ბიზნესი. ჯანდაცვის მინისტრმა ერთი თვის წინ დააანონსა, რომ იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავარია პოლიტიკური ნება. ჩვენ ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს პრემიერ-მინისტრისა, რომელიც პროფესიით ექიმია. ზოგადად, თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის სჭირდება ლიდერები“.

31 მაისს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა თამბაქოს გარეშე მსოფლიოს დღეს. მისი სიტყვებით, ერთი მხრივ, ის არ არის მწეველი და მოუწოდებს სხვებსაც თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ ის ყველანაირ წარმოებას უჭერს მხარს, მათ შორის, თამბაქოს წარმოებასაც საქართველოში. ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ პრეტენზიას იმის გამო, რომ მთავრობამ საქართველოში თამბაქოს ინდუსტრია 4 მილიონი ლარით დააფინანსა.