Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი თამბაქოს წინააღმდეგ, ანუ „ნუ მაბოლებ“


შარდენის ქუჩაზე ხალხი შეკრებილიყო, ზოგს პირბადე ეკეთა, ზოგს კი - აირწინაღი. ისინი თამბაქოს რეკლამის აკრძალვას მოითხოვდნენ და იმასაც, რომ კაფეებსა და ბარებში სიგარეტის მოწევა აიკრძალოს.

“დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება”, “თამბაქო არაა ეკონომიკა, თამბაქო სიკვდილის ბიზნესია”, “აიკრძალოს მკვლელი რეკლამა”, “სუფთა ჰაერი ჩვენი უფლებაა”, “ნუ მაბოლებ”... - ეს სიტყვები აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტებზე ეწერა. ისინი კაფეების მეპატრონეებისგან სივრცის გამიჯვნას ითხოვდნენ, ხელისუფლებისგან კი - ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

აქციაზე არამწეველი ახალგაზრდები შეიკრიბნენ, მირანდა ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია:

“მწეველების მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ მინდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საზოგადოება, მინდა იმან არ დაიწყოს მოწევა, ვისაც ჯერ არ დაუწყია, ანუ თამბაქოს რეკლამა და პროპაგანდა ნაკლები იყოს.

ნაკლები თამბაქო და ნიკოტინი ჩვენს ფილტვებში!

7-8 წლის ადამიანი რომ დაიწყებს მოწევას, არ მგონია, ჯანსაღად ითვლებოდეს, ზუსტად ამიტომ მოვედი”.

პირდაპირ ვამბობ, თამბაქოს ინდუსტრიას ჰყავს მოსყიდული უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. არ არსებობს უწყება, სადაც თამბაქოს ინდუსტრიას თავისი დასაყრდენი არ ჰყავდეს. აუცილებელია ამ კონვენციის შესრულება და კეთილი ინებოს ამ ხელისუფლებამ, აკრძალოს თამბაქოს ნებისმიერი სახის რეკლამა და სპონსორობა...
გიორგი ბახტურიძე

შეკრებილთა შორის გამონაკლისი იყო ვახო კაშმაძე. მიუხედავად იმისა, რომ მწეველია, აქციაზე მოსვლა მაინც გადაწყვიტა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - განსაკუთრებით კი, კვების ობიექტებში - სიგარეტის კვამლი მისთვისაც უსიამოვნოა:

“მაღიზიანებს, როდესაც დახურულ სივრცეში ხალხი სიგარეტს ეწევა და ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, იმის გამო, რომ მეგობრები არ ეწეოდნენ, გავსულვარ შენობის გარეთ და ისე მომიწევია, რათა დისკომფორტი არ შემექმნა და არ შემებოლებინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭამენ. მეც მაღიზიანებს, როდესაც ვინმე სახეში მაბოლებს, ნამდვილად არ არის სასიამოვნო”.

აქცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ხელმძღვანელიც, გიორგი ბახტურიძე, “ჯანმრთელობის ორგანიზაციების ჩარჩო კონვენციის” ვალდებულებებსა და მისი აღსრულების დაბრკოლებებზე საუბრობს. როგორც თავად გვითხრა, აქამდე ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი ის არის, რომ მაღალჩინოსნები თამბაქოს ინდუსტრიას მფარველობენ:

“2011 წლამდე კონვენციით გვქონდა ვალდებულება, რომ აკრძალულიყო ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელებულა სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ რომ თვითონ განკარგავდნენ ამ ბიზნესს და დღეს ხდება მისი გადანაწილება.

პირდაპირ ვამბობ, თამბაქოს ინდუსტრიას ჰყავს მოსყიდული უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. არ არსებობს უწყება, სადაც თამბაქოს ინდუსტრიას თავისი დასაყრდენი არ ჰყავდეს.

აუცილებელია ამ კონვენციის შესრულება და კეთილი ინებოს ამ ხელისუფლებამ, აკრძალოს თამბაქოს ნებისმიერი სახის რეკლამა და სპონსორობა.

უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება როგორც პარლამენტში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები და საბოლოოდ მივიღებთ პასუხს, რას აპირებენ ისინი - რისთვისაც ვქირაობთ, იმ ინტერესებს გაატარებენ, თუ გააგრძელებენ კონკრეტული ბიზნესმენების ლობირებას”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყოველწლიურად თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში 11 000-მდე ადამიანი იღუპება, პასიური მოწევის შედეგად კი - 3 000 ადამიანი.

აქციაზე იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ლელა სტურუა:

“ზრდასრული მოსახლეობის 30% არის მწეველი. მათგან მამაკაცთა 55%, ქალების მხოლოდ 5% აღიარებს, რომ არის მწეველი. რეალურად, ექსპერტთა შეფასებით, გაცილებით მეტია მათი რაოდენობა. ეს არის 2010 წლის კვლევა და იმავეს მაისში გავიმეორებთ. სამწუხაროდ, მწეველია 16 წლის მოზარდთა 18%, რაც ძალიან დიდი ციფრია და, სამწუხაროდ, მოწევას იწყებენ 13 და უფრო მცირე ასაკიდან. ეს არის უახლესი კვლევა.

ამ ეტაპზე, ჩემი მოთხოვნაა, თუ არის მწეველთა ნაწილიც, ის იყოს აბსოლუტურად გამიჯნული, ანუ არამწეველთა ნაწილი იყოს 100%-ით თამბაქოსგან თავისუფალი”.

29 მარტი თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგო დღეა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, 2015 წელს განხორციელებული მონიტორინგის საფუძვლზე, გამოავლინა სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და სამასპინძლო ბიზნესის, ანუ კაფეებისა და რესტორნების, წარმომადგენლები, რომლებმაც ამა თუ იმ სივრცეში მოწევა აკრძალეს ან მწეველთა და არამწეველთა სივრცე ერთმანეთისაგან სრულიად გამიჯნეს.

აქციის მონაწილეებისთვის აირწინაღები და მოთხოვნა “ნუ მაბოლებ” სიმბოლურ დატვირთვას მაშინ დაკარგავს, როდესაც “ჯანმრთელობის ორგანიზაციების ჩარჩო კონვენციის” ვალდებულებები შესრულდება და არამწეველთათვის ქალაქში უფრო მეტი სივრცე გაჩნდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG