თამაზ ბაძაღუას "100 ლექსი"

გამომცემლობა "ინტელექტმა" 100 ლექსის სერიაში თამაზ ბაძაღუას კრებული გამოსცა. წიგნში 1987 წელს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის საუკეთესო ლექსებია შესული, პოეტის, რომელმაც თავის დროზე ქართული პოეტური მეტყველება შეცვალა.

წიგნს რამდენიმე წინასიტყვაობა უძღვის წინ და თითქმის ყველა ავტორი, თამაზ ჭილაძის გამოკლებით, პოეტის თაობისაა - ანდრო ბუაჩიძე, თამაზ ვასაძე, როსტომ ჩხეიძე, ივანე ამირხანაშვილი. კრებული სწორედ მისი მეგობრის, ვანო ამირხანაშვილის შედგენილია, სტუდიაში კი, ამ კრებულზე სასაუბროდ, თამაზ ბაძაღუას კიდევ ერთი მეგობარი, პოეტი ნუგზარ ზაზანაშვილი მოვიწვიე:

"პოეზიის ისტორიამ იცის ბევრი ტრაგიკული ბედის პოეტი. მათ შორის, საქართველოში იყვნენ პოეტები, რომლებიც ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან. სხვა ქვეყნების პოეზიაშიც იყვნენ, ვინც ადრე წავიდა, ტრაგიკულად დაასრულეს ცხოვრება, ანდა შეწყვიტეს წერა ახალგაზრდულ ასაკში და მერე აღარ უწერიათ... ეს მაგალითები უფრო განეკუთვნება წარსულს, XIX საუკუნეს, XX საუკუნის დასაწყისს... XX-ის ბოლოსთვის კი ასეთი ფენომენი იშვიათად მოგაგონდება, რომ 28 წლის ასაკში წავიდეს ადამიანი და ამხელა, ამ მოცულობის და ასეთი ხარისხის ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვოს."

თამაზ ბაძაღუას ეს მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია - მცირე ფორმები, დიდი ლექსები, პოემები, პიესები, პროზა, პოეტური თარგმანები. მან არაერთი უცხოელი პოეტის კლასიკური ტექსტი თარგმნა, ძირითადად იტალიელები (მიქელანჯელო ბუონაროტი, ჯაკომო ლეპარდი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვ), ასევე გიიომ აპოლინერი და რაინერ მარია რილკე. ცხადია, თამაზ ბაძაღუას პოეტიკა თარგმანშიც შესანიშნავად მოჩანდა და მისი ენასთან ჭიდილის მუდმივი პროცესი სხვისი ლექსების გადმოქართულებაშიც იკითხებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თამაზის ლექსების განუმეორებელი პოეტური აზროვნება იყო, რამაც სრულიად განსხვავებული ადგილი დაუმკვიდრა ძალიან ახალგაზრდა პოეტს:

"ეს არის აბსოლუტურად თვითმყოფადი პოეტი. მას თანდაყოლილი მეტაფორული აზროვნება ჰქონდა. ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იმ სამყაროშია, აქ არ არის. ის ამ ცხოვრების რუტინაში არ ცხოვრობს, არამედ მეტაფორაში, მომავალში. მე მისი ერთი ტაეპი წავუმძღვარე სათაურად ჩემს წერილს: "მე მომავალში ვიცხოვრე უკვე..." და ასეთი მინიშნებები, ასეთი ფორმულები, ასეთი ხატები, ასეთი სახეები მის პოეზიაში ბევრი მოიძებნება... ის ყოველთვის სადღაც წინ არის, არა ამ ცხოვრებაში. და თავიდან ბოლომდე მეტაფორულია მისი აზროვნება."

თამაზ ბაძაღუას ლირიკული გმირი ძალზე ძლიერია, პირდაპირი, გულახდილი, მკვეთრად გამოხატული "მე"-თი. იგი ხშირად არავის უშვებს თავის სამყაროში, რჩება მარტო და ასე აანალიზებს ყველაფერს, პირველ რიგში კი, ყოფნის და არყოფნის შესახებ ფიქრობს. იგი ყოველთვის საკუთარი თავიდან ხედავს ამას და ხშირად, სადაც სხვების არსებობის სივრცე იწყება, იქ მისი თავდება: "სადაც არასდროს არ ვიქნები, სწორედ იქ არის ბედნიერება...". ამ არყოფნიდან მოაქვს მას შემდეგი აზრებიც: "მე მეჩვენება, ვინც არ მინახავს, სწორედ ის არის ჩემი ერთგული, / მე მეჩვენება, რასაც ვერ ვამბობ, სწორედ ის არის ჩემი ფიცი, ჩემი ანდერძი. <...> მე ის მამშვიდებს, ვისაც ვერასდროს ვერ დავინახავ". სხვა ლექსში მისი მარტოობა უკვე რაღაც სიმრავლეს წარმოადგენს, "რადგან ათასი კაცი ვარ თვითონ, / და ათასივე მარტო კვნესის...", ანდა ორდება: "მე ჯერ მოვკვდები ღმერთების თვალწინ / და მერე ჩემთვის - ჩუმად და მარტო". თავად იგია მტანჯველიც და ტანჯულიც, იგი ზოგჯერ ჩამავალი მზეა, რომელიც "მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს", იგი ზღაპრებსაც თავის თავს უყვება ხოლმე.

რადგან ზემოთ მისი მეტაფორული აზროვნება ვახსენეთ, აქვე მოვიყვან მისი პოეტური მეტყველების ერთი-ორ მაგალითს: "შენ ერთადერთი მყარი ტოტი ხარ, საღამოვ, სადაც / ფრთებდაკეცილნი ვსხედვართ და გვყლაპავს უძრავი ნატვრა.", ან ეს, რითმიანი: "ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ / სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად / და ზეცასავით იხსნება მიწა / და მიწასავით ღამდება ზეცა". ესეც ბოლო სტრიქონები მისი შედევრიდან "აღმოსავლეთის ვარსკვლავი": "ვიდრემდი შენს კენტ ვარსკვლავს შევტირი / და შენს ზაფხულში ვწევარ გიჟივით, / ვიდრემდი მესმის სისხლის ყიჟინი, / ვიდრემდი მარტო ვრჩები მსხვერპლივით". ეს და ბევრი სხვა ასეთი მაგალითი კარგად გვაჩვენებს თამაზ ბაძაღუას, როგორც გარდამტეხი, რაღაც თვალსაზრისით, გადამწყვეტი პოეტის შემართებას, მის იმდროინდელ გაბედულებას... მისი გარდაცვალებიდან 20-25 წლის შემდეგ, ეს გაბედულება უკვე ბევრმა აიტაცა. დღეს ბევრი ცდილობს, შესაძლოა ქვეცნობიერადაც, მისებურად შეარჩიოს სიტყვები, ააგოს წინადადებები და, რაც მთვარია, მოახერხოს ფიქრის დასრულება, პოეტური ცნობიერების ნაკადის აღვსება და ამ ნაკადის სავსედ მიტანა ფინალამდე. თამაზი სწორედ ამას ახერხებდა. მისი ლექსები სავსე იყო, მისი სიტყვები მფეთქავი, წინადადებები სისხლივით მოედინება. მის ლექსებში არ ჩანს, რომ რაღაც მომენტში პოეტი გაჩერდა, გაუჭირდა ან გადადო ლექსის წერა, აქ ვერ იგრძნობთ წყვეტებს, არ ჩანს ლექსიდან წასვლის და მასთან დაბრუნების კვალი. აქ ყველაფერი ერთი ამოსუნთქვითაა, ერთ ნაკადშია მოქცეული.

ცალკე საუბრის თემაა სიკვდილის, არარსებობის, არყოფნის უმწვავესი და, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური განცდა თამაზ ბაძაღუასთან. გახსოვთ, ალბათ, მისი უზუსტესი სიტყვები: "ჩვენ სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ, / ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის, / ჩვენ არ ვტირივართ, თუკი გვეტკინა, / ჩვენს ყოფნას შუქი ადგას არყოფნის".

ნუგზარ ზაზანაშვილმაც, ვინც, ჩემი აზრით, თამაზ ბაძაღუას პოეზიას ერთ-ერთი საუკეთესო კვლევა მიუძღვნა (ეს ვრცელი ესე ორიოდე წლის წინ გამოვაქვეყნე "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში"), სიკვდილის მუდმივი თანაყოფნა და მასთან დაკავშირებული სიღრმეები ახსენა:

"ეს არის ერთი მხარე, მეორე კი არის ძალიან სიღრმისეული რელიგიურობა, სიღრმისეული რელიგიურობა, რომელიც მსჭვალავს მის ლექსებს და ისეთ სიღრმეებამდე ჩადის, რომ ადამიანის არსების და არსებობის საწყისებს სწვდება. ამიტომ არის, რომ მის პოეზიაში ეს სიკვდილის სახე, ხატი, სულ ილანდება, თითქმის ყველა ლექსში. სხვადასხვა ნიღბით თუ პირდაპირი მინიშნებით. არსებობის გააზრება სიკვდილთან მიმართებაში, სიკვდილის გააზრება, სიკვდილის მხატვრული გააზრება, სიკვდილის პოეტური ასახვა... მე მგონი, ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული მხარე თამაზ ბაძაღუას პოეზიაში."

ბოლოს, არ შემიძლია ერთი ჩემი დაკვირვებაც არ გაგიზიაროთ. რაც დრო გადის, მით მეტ მსგავსებას ვხედავ თამაზ ბაძაღუას ლექსებსა და ირაკლი ფარჯიანის ნახატებს შორის, - განსაკუთრებით მისი ბოლო პერიოდის ნახატებს ვგულისხმობ. ირაკლი ფარჯიანი 9 წლით იყო უფროსი თამაზ ბაძაღუაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი პირადად კარგად არც იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა შეუძლებელია არ შეამჩნიო ორივე შემოქმედში რაღაც უცნაური ერთიანობა, ერთნაირი სიმძაფრე, ძალა, გაბედულება. ძალიან ჰგავს ერთმანეთს მათი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელიგიური თემებიც, რომელთაც შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებული საწყისები ჰქონდეთ და ზოგმა შეიძლება ეპოქის ნიშნადაც ჩათვალოს ეს რელიგიურობა, 80-იანების ერთგვარ საფირმო ნიშნად, თუმცა იქ, სადაც სიკვდილზე ფიქრი და მისი წინათგრძნობა შემოდის, ეპოქისგან ცოტა რამ რჩება. სამაგიეროდ, რჩება ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, სრულიად ამოვარდნილი იმდროინდელი ქართული ესთეტიკური ბუნებიდან, ორი მებრძოლი, წარმოუდგენელი ჟინით ავსებული ორი მუშაკი.