მზე შენ ხარ!

ერაყის ქურთისტანში მუშაობისას, ჩემი საცხოვრებლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ქორწინების სალონი მდებარეობდა. იქ ყოფნის განმავლობაში ათობით ქორწილის თვითმხილველი გავხდი და, სიმართლე რომ ვთქვა, უკიდურესად სტრესული სამუშაო რეჟიმის ფონზე ეს ქორწილები ლამაზად გამოწყობილი სტუმრებითა და ნეფე-პატარძლით, მუსიკითა და ცეკვებით ზოგჯერ ჩემი მხიარულების ერთადერთი წყარო იყო. თუმცა, ეს ყველაფერი მანამ მამხიარულებდა, ვიდრე წავიკითხავდი, რომ საკანონმდებლო აკრძალვის მიუხედავად, სწორედ იმ პროვინციაში, სადაც მე ვმუშაობდი, ყოველი მეორე (!) ქალი სასტიკი დანაშაულის, სასქესო ორგანოს დასახიჩრების მსხვერპლი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი სასტუმროდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე ქორწინების სალონში მოსული პატარძლების ნაწილს ვერასოდეს ექნებოდა სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელსაც ეს დანაშაული მათ რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობას აყენებდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება არის „ნებისმიერი ისეთი პროცედურა, რომელიც გულისხმობს ქალის გარეგანი გენიტალიის ნაწილობრივ ან მთლიან მოკვეთას, ან ქალის სასქესო ორგანოს ნებისმიერ დაზიანებას არასამედიცინო საფუძვლით.“ ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება ქალებისა და გოგოების უფლებათა მძიმე დარღვევაა და გაერომ 2012 წელს ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, გაააქტიუროს ძალისხმევა მთელს მსოფლიოში მისი ამოძირკვის მიზნით. ამ დანაშაულის მთელი სისასტიკე ის არის, რომ ქალის სექსუალობის კონტროლი ადრეულ ასაკშივე ხდება - ეს ოპერაცია ხომ თითქმის მუდამ ბავშვებს უტარდებათ. დასახიჩრება რამდენიმე ტიპის არსებობს: კლიტორის ნაწილობრივ ან სრული მოკვეთა, დიდი და მცირე ბაგეების მოკვეთა ან ვაგინალური ხვრელის დავიწროება. სხვადასხვა საზოგადოებებში მიიჩნევა, რომ რაკი დასახიჩრება ამცირებს ქალის ლიბიდოს, შესაბამისად, თავიდან არის აცილებული ქალების „არასწორიი“ სქესობრივი ქცევა; ხოლო ვაგინალური ხვრელის დავიწროების შემთხვევაში ქალს, სექსუალური აქტის ჩასატარებლად, ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც შეიძლება დასჭირდეს.

ეს დანაშაული ქალის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი უსასტიკესი ფორმაა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთადერთი, რამაც ერაყში ყოფნისას თავზარი დამცა.

2013 წელს, წინასაარჩევნოდ, ელექტორატის გულის მოსაგებად, ერაყის მინისტრთა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც განქორწინების შემდეგ ქალებისთვის უნდა შეეზღუდათ მემკვიდრეობისა და მშობლის უფლებები; ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება, ანუ თანხმობის გარეშე სექსი ლეგიტიმურად უნდა ჩაეთვალათ; ქმრის ნებართვის გარეშე ქალებისთვის უნდა აეკრძალათ შინიდან გასვლა და ა.შ. ამ კანონპროექტს „ჯაფარის კანონპროექტს“ უწოდებდნენ, რადგან ის ეფუძნებოდა შიიტური იურისპრუდენციის ჯაფარის სკოლის სწავლებას, რომელიც მეექვსე იმამის, ჯაფარ ალ-სადიყის სახელს ატარებს.

საკანონმდებლო ინიციატივა ამით არ ამოიწურებოდა. იგი უპრეცედენტოდ დაბლა წევდა ქორწინების ასაკობრივ ზღვარს: კანონპროექტის მიხედვით, გოგოების ქორწინება ცხრა წლიდან უნდა გამხდარიყო შესაძლებელი, ბიჭებისა კი - 15 წლიდან. მეტიც: მშობლების თანხმობის შემთხვევაში გოგოების ქორწინება ცხრა წლამდეც კი უნდა ყოფილიყო შესაძლებელი! საბედნიეროდ, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდებისთვის არის დამახასიათებელი, კანონპროექტმა გარკვეული ხნით იმოქმედა ამომრჩევლის გრძნობებზე, მაგრამ პარლამენტმა იგი არ მიიღო (რაშიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უაღრესად უარყოფითმა საერთაშორისო რეაქციამ).

ბლოგის ზოგიერთ მკითხველს ალბათ უკვირს, რა კავშირი აქვს ამ დანაშაულს ქართულ კონტექსტთან, ჩვენთან ხომ ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება არასდროს მომხდარა და მას არც რაიმე სოციალური და რელიგიური ნორმა თუ ტრადიცია უმაგრებს ზურგს. თუმცა, ამასვე ვერ ვიტყვით ბავშვთა ქორწინებაზე. როგორც ირკვევა, ჩვენში, მართალია ცხრა წლის ასაკში არა, მაგრამ, ზოგადად, ბავშვების ქორწინება მიღებული პრაქტიკაა. ბავშვების ქორწინებას შეგნებულად არ ვუწოდებ „ნაადრევ ქორწინებას“, რადგან სამართლებრივად, 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ბავშვად ითვლება. 18 წლამდე ასაკის მოქალაქეს სახელმწიფო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მის მიერ ელემენტარული წვლილის შეტანის უნარსაც კი ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, ეჭვიც არ ეპარება, რომ ქორწინებისა და შვილის გაჩენის პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. ბავშვის ქორწინება არასწორია, მნიშვნელობა არა აქვს, გოგოა თუ ბიჭი, თუმცა, ქორწინების შედეგად სწორედ გოგოებს უმცირდებათ განათლების მიღების შანსი; სამაგიეროდ, იზრდება მათი ექსპლუატაციისა და მათზე ძალადობის შანსები.

2015 წლს 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში იმართება აქციები, რომლებზეც ქალთა მოძრაობის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ ბავშვთა ქორწინების პრაქტიკის წინააღმდეგ. ქალთა მოძრაობის განცხადების თანახმად, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვანი გოგო ქორწინდება. ქორწინების შემდეგ გოგოები წყვეტენ სწავლას, მათ არა აქვთ პროფესია და კარიერა. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგომ განათლების მიღება შეწყვიტა მეშვიდე-მეცხრე კლასებში - დიდწილად ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. იმავე განცხადების თანახმად, საქართველოში ყოველდღე ოთხი არასრულწლოვანი გოგო ხდება დედა.

ისევე, როგორც ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ბავშვების ქორწინებაც მყარად ფესვგადგმული უთანასწორობის შედეგია; ერთიცა და მეორეც ქალის დისკრიმინაციის ყველაზე რადიკალურ ფორმებს მიეკუთვნება. ორივე შემთხვევაში ხდება ქალის სექსუალობის კონტროლი, რაც მას ართმევს პიროვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს: ავტონომიურობას, თავისუფლებასა და ღირსებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ორივე ამ დანაშაულის რაოდენობა, მართალია, ნელა, მაგრამ მაინც მცირდება, რაც, უწინარესად, საერთაშორისო ორგანიზაციების დაუღალავი შრომის შედეგია. ამ სასიკეთო საქმეში საქართველოს წვლილი ის იქნებოდა, რომ გოგოების დასაცავად, მთლიანად აკრძალოს 18 წლამდე ქორწინება და მეტი ყურადღება დაუთმოს გოგონების განათლებას (სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. თუმცა, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს).

სახელმწიფო უკომპრომისოდ უნდა ებრძოლოს მავნე ტრადიციებს, რადგან ზოგჯერ ადამიანის უფლებების ასეთ წარმოუდგენელ დარღვევებსაც კი ამართლებენ სოციალური და რელიგიური ნორმებითა თუ ტრადიციებით. ამიტომ ყოველთვის კარგად უნდა დავფიქრდეთ, როცა მათ კანონის საპირწონედ განვიხილავთ. როგორც ვხედავთ, ტრადიციები, სოციალური და რელიგიური ნორმები გოგოებსა და ქალებს არსად იცავს, მაგრამ კარგ სახელმწიფოში კანონს ნამდვილად შეუძლია მათი დაცვა.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ბავშვების ქორწინებას ზიანი მოაქვს როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგოებისთვის. თუმცა, ეს ზიანი, ცხადია, თანაბარი არ არის. ბევრ ოჯახში ხომ ბიჭებს შთააგონებენ, რომ სწორედ ისინი არიან ოჯახის უფროსები, მარჩენალები, ღირსების დამცველები და გვარის გამგრძელებლები, გოგოებს კი, უბრალოდ, „კარგ პატრონს“ აბარებენ. ყველამ ვიცით, რომ ოჯახური სისტემის ცენტრში ბიჭია, სწორედ ის არის მზე.

პოპულარული სატელევიზიო სერიალის „გრეის ანატომიიის“ შემქმნელი შონდა რაიმსი ორი კვირის წინ გამოსულ წიგნში „Year of Yes“ იხსენებს ეპიზოდს, სადაც სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი ქალი, ქრისტინ იანგი თავის მეგობარს, ასევე ძლიერ ქალს, მერედით გრეის მის ქმარზე ეუბნება: „არ მისცე საშუალება, შთანთქას ის, რაც შენ გჭირდება. ის მეოცნებეა, მაგრამ მზე არ არის. მზე შენ ხარ.“ შონდა რაიმსი წერს, რომ ქრისტინ იანგის ეს რჩევა მხოლოდ ამერიკელი ქალებისთვის კი იყო განკუთვნილი, არამედ მასაც ეკუთვნოდა. მე ვფიქრობ, ამ რჩევის მიცემა ქართველ გოგოებსა და ქალებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ. და თუკი გვჯერა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას, მათ შორის ბავშვთა ქორწინებას, უთანასწორობა და სტერეოტიპები კვებავს, და თუ გვინდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ ვიყოთ და ჩვენი წვლილიც შევიტანოთ გოგოების გაძლიერებაში, ჩვენ გარშემო რაც შეიძლება მეტ გოგოს უნდა ვუთხრათ: შენი თავის პატრონი შენ ხარ, ქორწინება შენი არჩევანია, შვილის გაჩენა შენი არჩევანია, შენ ამ სამყაროს უმნიშვნელო ნაწილი კი არ ხარ, ეს სამყარო შენ გარშემო ბრუნავს: მზე შენ ხარ!