„ყველაზე ადვილი ტყუილი“

ამერიკული ტელესერიალის, The West Wing-ის ერთ-ერთი სერია, რომლის სახელწოდებაცაა In God We Trust, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ვინიკი და მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტი ბარტლეტი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების შემდეგ დროის გასაყვანად და ნაყინის მისართმევად თეთრი სახლის სამზარეულოში შედიან. ვინიკი ხშირად არ დადის ეკლესიაში და ამის გამო მის კამპანიას პრობლემა ექმნება, ბარტლეტი კი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა. სამზარეულოში საუბარი რელიგიაზე ჩამოვარდება:

ვინიკი: რა დაემართა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის პრინციპს?
ბარტლეტი: სულდგმულობს, მაგრამ ვშიშობ, კონსტიტუცია არაფერს ამბობს რელიგიისა და პოლიტიკის გამიჯვნის შესახებ.
ვინიკი: თქვენ ამბობთ, რომ ეს კარგია?
ბარტლეტი: მე ვამბობ, რომ ეს ასეა და ყოველთვის ასე იყო.
ვინიკი: თქვენ ფიქრობთ, ამომრჩეველს მართლა სჭირდება იმის ცოდნა, ეკლესიაში დავდივარ თუ არა?
ბარტლეტი: მე ამის ცოდნა არ მჭირდება, მაგრამ მე ისედაც არ ვაპირებ თქვენთვის ხმის მოცემას. ჩვენზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, თუ რას გამოიყენებენ ამომრჩევლები ჩვენი შეფასებისას.


მართლაც, ერთი მხრივ ამომრჩევლებს უფლება გვაქვს, ვიცოდეთ კანდიდატების მრწამსისა და ღირებულებათა სისტემის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მათი მანიპულაციის საგანი არ გავხდეთ?

ერაყის ქურთისტანში, სადაც ამჟამად ვმუშაობ, წინასაარჩევნო პერიოდია. 21 სექტემბერს ქურთისტანის ნახევრად ავტონომიური რეგიონი საკუთარ პარლამენტს აირჩევს. ერაყის, ისევე, როგორც მისი შემადგენელი ნაწილის, ქურთისტანის, სახელმწიფო რელიგია ისლამია. ერაყის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, კანონმდებლობის ძირითადი წყარო არის ისლამი და აკრძალულია ისეთი კანონის მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს. თუმცა, ამავე დროს, აკრძალულია ისეთი კანონის მიღებაც, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. ქურთისტანში არსებობს რელიგიის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სამინისტროა, 15 ათასი თანამშრომლით. სამინისტროს ექვემდებარება 4 480 მეჩეთი და 2 500 იმამი და სასულიერო პირი.

ქურთისტანის საარჩევნო კანონი მკაცრად კრძალავს რელიგიური რიტუალების აღსრულების ადგილების გამოყენებას საარჩევნო პროპაგანდისთვის და ეს დანაშაული, სულ ცოტა, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. რელიგიურ საქმეთა სამინისტრო ამჟამად იძიებს პარტია „ისლამური კავშირის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში სიტყვით გამოსვლას. ასევე, ხუთი მოლას საქმეს, რომლებმაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეჩეთში პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და მორწმუნეებს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შესაძლო დანაშაულს ისიც ამძიმებს, რომ ეს მოწოდებები ტელევიზიით გადაიცა.

საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში რელიგია კატასტროფულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცხო არ არის არც სასულიერო პირთა პოლიტიკური ქადაგებები და არც ამა თუ იმ რელიგიურ რიტუალში (საკუთარი ნებით თუ „პიარის“ რჩევით) მონაწილე პოლიტიკოსები ტელეეკრანზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის ჩატარება მხოლოდ შემდეგი დაწესებულებების შენობებშია აკრძალული:

- საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;
- სასამართლოები;
- სამხედრო ნაწილები.

საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა განიხილოს შესაძლებლობა, რომ ამ ჩამონათვალს რელიგიური დანიშნულების ადგილებიც მიუმატოს. ეს ეკლესიისთვისაც სასარგებლო იქნება და სახელმწიფოსთვისაც. ამომრჩევლები კი ნაკლებად მოტყუებულად ვიგრძნობთ თავს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ყოველდღე უთმობს საჯარო სივრცის გარკვეულ ნაწილს ეკლესიას და სასულიერო პირების გადმოცემები საკანონმდებლო აქტების იერარქიაში ლამის კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს. ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვა შორს არ გვამყოფებს იმ მდგომარეობისგან, რომლის გამოც ერაყის ქურთისტანმა აკრძალა საარჩევნო კამპანიაში რელიგიის ჩართვა - ეს არის რელიგიით მოტივირებული (ან გამართლებული) ძალადობა.

ბარტლეტის და ვინიკის დიალოგში კარგად გამოჩნდა, რომ ეკლესიისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა ილუზიაა, თუმცა ვინიკი პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ პრესის წინაშე წარდგება და იტყვის:

„არ მესმის, როგორ შეიძლება ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპი დაიცვას ხელისუფლებამ, თუკი ხელისუფლებაში მოსასვლელად რელიგიის ტესტის ჩაბარება გიწევს. მე მინდა მედიის ყველა წარმომადგენელი და ყველა ამომრჩეველი გავაფრთხილო, თუ თქვენ პოლიტიკოსისგან მოითხოვთ რელიგიური მრწამსის გამოხატვას, თქვენ უბრალოდ ითხოვთ, რომ მოგატყუონ. ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი მოგატყუებთ და ეს იქნება ყველაზე ადვილი ტყუილი, რომელიც მათ თქვენი ხმების მისაღებად ექნებათ სათქმელი. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე მე ყოველდღე ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რომელიც შეეხება ხელისუფლებას, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ კითხვები რელიგიის შესახებ, გთხოვთ წახვიდეთ ეკლესიაში.“

ვინიკი ვერ გახდა პრეზიდენტი, თან ვინიკი მხოლოდ და მხოლოდ ტელესერიალის გმირია. საქართველოში, როგორც ალბათ ყველგან, კეთილსინდისიერი და გულწრფელი პოლიტიკოსი ოქსიმორონია. თუმცა, ამომრჩევლებს უნდა შეგვეძლოს ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. თუ ეკრანზე გამოჩენილი, ხატებთან დაჩოქილი, თვალებანთებული პოლიტიკოსი ის ტყუილია, რომელსაც ყველაზე ადვილად ვიჯერებთ, რა უნდა ვიღონოთ უფრო სერიოზული ტყუილების წინააღმდეგ?!