ევროკავშირი მილიარდი ევროთი დაეხმარება სირიელ ლტოლვილებს

სირიელი ლტოლვილები

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მილიარდ ევროს (მილიარდ 120 მილიონამდე დოლარს) გამოყოფენ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში სირიელი ლტოლვილების ბანაკების დასახმარებლად. ევროკავშირის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არის ბლოკის მორიგი ნაბიჯი თანამედროვე ეპოქის უდიდესი მიგრაციული კრიზისის შესარბილებლად.

ევროკავშირის საგანგებო, მიგრაციის კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტის გადაწყვეტილებების შესახებ 24 სექტემბერს დილაუთენია გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. ის უძღვებოდა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას, რომელმაც შვიდი საათი გასტანა.

„ლიდერების მიერ მიღწეულია შეთანხმება ლიბანის, იორდანიის, თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის დახმარების გაზრდაზე. მეტი დახმარება იქნება თანამშრომლობის მხარდამჭერი ზომების სანაცვლოდ. სულ ცოტა, კიდევ ერთი მილიარდი ევრო იქნება მობილიზებული ლტოლვილების დასახმარებლად გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მეშვეობით“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ტუსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, ნოემბრის ბოლომდე შეიქმნას საგანგებო ბანაკები, ე.წ. ცხელი წერტილები ევროკავშირის საზღვრებთან - ქვეყნებში, როგორიც არის საბერძნეთი და იტალია, რათა ევროკავშირის ექსპერტებმა სწრაფად მოახდინონ თავშესაფრის მიღების უფლების მქონე პირთა იდენტიფიცირება და რეგისტრაცია.

დონალდ ტუსკი, მისივე თქმით, აცნობიერებს, რომ ეს არის მხოლოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც კრიზისს ვერ მოაგვარებს... პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ ევროკავშირის სამიტზე იმაზე უკეთესი ატმოსფერო იგრძნობოდა, ვიდრე მის დაწყებამდე მოელოდნენ. წინა დღეებში ვრცელდებოდა ცნობები აზრთა მკვეთრ უთანხმოებაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 120 ათასი ლტოლვილის განაწილების გარშემო.

დიდი გამოწვევის წინაშე როცა ვდგავართ, არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროპამ გამოაცხადოს, ამას თავს ვერ გავართმევთო. ეს არასწორი იქნებოდა. ამიტომ ვამბობ ხოლმე: ჩვენ ამას გავუმკლავდებით!...
ანგელა მერკელი

ბევრმა ლტოლვილმა იმ ნახევარ მილიონამდე ადამიანს შორის, რომელიც წელს ჩავიდა ევროპაში, უაღრესად სახიფათო გზა გაიარა: დაძველებული გემებით, ზოგჯერ რეზინის ნავებით ჩავიდა ლიბიიდან იტალიაში თუ თურქეთიდან საბერძნეთში, ევროპაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის იმედით.

ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა განცხადება, რომელშიც არ დაუმალავს თავისი კრიტიკული დამოკიდებულება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგი ქვეყნის პოზიციის მიმართ. ეს ქვეყნები (მათ შორის ჩეხეთი და სლოვაკეთი) უარს ამბობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების პროპორციული ნაწილის მიღებაზე. მაგალითად, სლოვაკეთი მიუღებლად მიიჩნევს მიგრანტების გასანაწილებელი კვოტების შემოღებას და აცხადებს, რომ ევროკავშირს უჩივლებს ასეთი გეგმის განხორციელების დასაბლოკად. ევროკავშირის ლიდერები კი აცხადებენ, რომ კვოტები, რომლებსაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ყველა წევრისათვის არის სავალდებულო.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომლის ქვეყანაშიც ჩადის მიგრანტთა ნაკადის უდიდესი ნაწილი, ბრიუსელში კვლავ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი შეძლებს თავი გაართვას კრიზისს: „დიდი გამოწვევის წინაშე როცა ვდგავართ, არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ევროპამ გამოაცხადოს, ამას თავს ვერ გავართმევთო. ეს არასწორი იქნებოდა. ამიტომ ვამბობ ხოლმე: ჩვენ ამას გავუმკლავდებით! და მეორეც: ევროპას შეუძლია და აქვს საკმარისი ძალა გონივრული გამოსავლის მოსაძებნად. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გავაქტიურდეთ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით, მეტი უნდა ვიღონოთ მიგრაციის მიზეზების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ევროპას შესწევს ამის ძალა“.

ევროკავშირში ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნის ლიდერის, ანგელა მერკელის, ოპტიმისტური განცხადება უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები მალე ვერ მოგვარდება და ევროკავშირს პოტენციურ ლტოლვილებზე ფიქრიც მართებს.დონალდ ტუსკის შეფასებით, პოტენციური ლტოლვილების რიცხვი მილიონებს აღწევს.