სილვია პლათის "ზარხუფი"

სილვია პლათი

წელს, იანვარში, 50 წელი სრულდება დიდი ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის ერთადერთი რომანის, "ზარხუფის" გამოცემიდან. თებერვალში პოეტის თვითმკვლელობიდან 50 წელიც შესრულდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ძალზე გულახდილ წიგნზე მელაპარაკა, წიგნზე, რომელიც 4 წლის წინ ქართულ ენაზეც გამოვიდა, ლელა სამნიაშვილის მიერ ნათარგმნი. ლელამ ამ რომანზე საუბრისას, პირველ რიგში, ფემინიზმის იდეები ახსენა. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "ზარხუფი" სწორედ ფემინისტური ბიბლიოთეკის სერიაში გამოსცა "ფონდმა ტასომ":

"ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ეს რომანი, ალბათ, პირველ რიგში, ფემინიზმთან ასოცირდება და არამხოლოდ მხატვრული ღირებულებების გამოა ცნობილი. თვითონ ავტორი, ალბათ, ამ ფაქტის მიმართ ორჭოფობასაც კი გამოთქვამდა თავის დროზე და არ იყო დარწმუნებული, რომ ეს იყო მისი საუკეთესო ნამუშევარი. იგი, პირველ რიგში, პოეტად რჩებოდა. ამიტომაც ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ეს წიგნი, ლექსებისგან განსხვავებით... იგი, როგორც წესი, არ აქვეყნებდა ლექსებს ფსევდონიმით. წიგნი ძალიან აიტაცეს ფემინისტებმა. თვითონ პლათი არ თვლიდა, რომ ეს იყო შედევრი, შეკვეთით იყო ეს რომანი დაწერილი და, პრინციპში, იმ პერიოდში დაწერა, როდესაც თავის დეპრესიას ებრძოდა. რომანში ის იმარჯვებს დეპრესიაზე, უფრო ადრეულ დეპრესიაზე, რომელიც მართლა დაამარცხა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგვიანებით იგივე ვერ შეძლო და ვიცით, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა".

როგორც ლელამ აღნიშნა, 1963 წლის პირველი გამოცემა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით გამოვიდა. ინგლისში ჰაინემანის მიერ გამოცემულმა ამ წიგნმა მალე საკმაოდ ბევრი მკითხველი მოიპოვა, თუმცა კიდევ რამდენიმე წელი უნდა გასულიყო, სანამ სილვია პლათის სახელით დაბეჭდავდნენ წიგნს. ეს 1967 წელს მოხდა, როცა პლათის დედისა და მისი მეუღლის, პოეტ ტედ ჰიუზის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გამოვიდა წიგნი.

პირველი ამერიკული გამოცემა მხოლოდ 1971 წელს განხორციელდა.
გამოსვლისთანავე აპრილის „ნიუ იორკ ტაიმსის“ წიგნების მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა ლიტერატურათმცოდნემ და თეორეტიკოსმა რობელტ სკოულზმა ხაზი გაუსვა იმას, რომ წიგნი 50-იანებში დაწერა ამერიკელმა მწერალმა, შემდეგ იგი 60-იანებში ბრიტანეთში გამოვიდა და მხოლოდ 70-იანებში მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. სხვათა შორის, სწორედ სკოულზს ეკუთვნის "ზარხუფის" ცნობილი შეფასება, სადაც იგი ამბობს: "ასეთ წიგნს, ალბათ, სელინჯერის ფრენი დაწერდა 10 წლის შემდეგ, ეს 10 წელი ჯოჯოხეთში რომ გაეტარებინაო".

ზარხუფი სწორედ ასეთი ჯოჯოხეთის სიმბოლოდ იქცა. ზარხუფი, ერთი შეხედვით, უწყინარი, კოხტა მინის სარქველია. გინახავთ, ალბათ, ეს ზარხუფი, მის ქვეშ ხან დეკორატიულ მცენარეებს ათავსებენ, ხან რაღაც სამშვენისებს, ხანაც თოჯინებს. ზემოთაც ითქვა, რომ წიგნის ბოლოს მთხრობელმა, ესთერ გრინვუდმა, დაამარცხა დეპრესია და გამოვიდა ამ ზარხუფიდან, თუმცა ბოლო აბზაცებში მაინც წამოსცდება წინასწარმეტყველებასავით: "...საიდან ვიცოდი, რომ ერთ დღესაც – კოლეჯში, ევროპაში, სადმე, ნებისმიერ ადგილას – იგივე ზარხუფი – თავისი უჰაერო, გამანადგურებელი სიმძიმით, კვლავაც არ ჩამოეშვებოდა".
რამდენიმე სპეციალისტმა, როცა წაიკითხა, მითხრა, რომ ქართულად ბევრად უფრო მსუბუქად იკითხება, ვიდრე ინგლისურად და ეს, ალბათ, ჩავარდნა იყო, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ შევედი პლათის მდგომარეობაში...
ლელა სამნიაშვილი


წიგნს მთარგმნელის შთაგონებით დაწერილი წინასიტყვაობა უძღვის, სადაც ლელა ძალზე ზუსტად ახასიათებს რომანის მოქმედების ძალას: "ზარხუფი ბოლომდე გააზრებული, საშინელებამდე გულწრფელი, მაგრამ მწყობრი, რეტროსპექტიული ნაწერია. შეიძლება წარსულში ასეთი თანმიმდევრული, მიზანმიმართული ჩაბრუნებაც კი გახდა ავტორის "ზარხუფის ქვეშ" ხელახლა მოხვედრის მიზეზი. ამჯერად – მთელი სასუნთქი ჰაერის დახარჯვით, სასიკვდილოდ".

"თვითონ ამერიკული ლიტერატურა პლათის მსგავს ავტორებს ბევრს იცნობს, მაგრამ ეს ქალი, პირველ რიგში, თავისი პოეტური თვისებებით გამოირჩევა ამ რომანში. რომანი არის უკიდურესად პოეტური და ეს ავტობიოგრაფიული რომანი სწორედ პოეტის ამ ადრეულ ეტაპს გადმოგვცემს ძალიან საინტერესო ენით. არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს წიგნი ფართო მკითხველზე იყოს გათვლილი, მით უმეტეს, ქართული რეალობისთვის, იმიტომ რომ ამ წიგნის კითხვა არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დაწერილი წიგნია, პოეტის დაწერილი წიგნი არის ძალიან მძიმე, ამავე დროს, და ეს სადღაც შეიძლება გასდევს ფონად... მაგრამ ავტორი იმდენად საინტერესოა, რომ ვნახე თუ არა წიგნი, მაშინვე გადავწყვიტე მისი თარგმნა. ეს მოხდა დაახლოებით 10 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ძალიან ადრე მივიღე. მე თვითონაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან მოვიხიბლე იმ პერიოდში ამ რომანით".

ლელას ერთ-ერთი პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, "არილში", სწორედ სილვია პლათის ლექსების თარგმანები იყო 90-იანებში. მოგვიანებით, თუ არ ვცდები, "ზარხუფის" რამდენიმე თავიც გამოვაქვეყნეთ. სხვათა შორის, ამ დღეებში ლელას ტექსტის თავისებურებებზეც ვკითხე და იმაზე, თუ როგორ თარგმნიდა იგი ამ წიგნს:

"ტიპიური პროცესია. რაღაცა მომწონს და მერე ვაკეთებ იმას, ქართულად როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან ნაკლებად ვცდილობ, რომ გავაკონტროლო ეს, გავაცნობიერო რაღაცა მომენტები ან დავგეგმო. ეს რაღაცა თავისთავადი პროცესია, ვერ ვიტყვი, რომ მე რაღაცა მიზანდასახულად გავაკეთე. მე ვთვლი, რომ ქართულად რომ დაწერილიყო, ეს რომანი ასეთი იქნებოდა... სხვათა შორის, რამდენიმე სპეციალისტმა, როცა წაიკითხა, მითხრა, რომ ქართულად ბევრად უფრო მსუბუქად იკითხება, ვიდრე ინგლისურად და ეს, ალბათ, ჩავარდნა იყო, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ შევედი პლათის მდგომარეობაში".
ახლად ჩამოყრილი თოვლი საბანივით გადაჰფარებოდა საგიჟეთის მიდამოს – საშობაო ფიფქები კი არ იყო, არამედ კაცის სიმაღლე იანვრის დიდთოვლობა - აი, ისეთი, სკოლებს, ოფისებსა და ეკლესიებს რომ აცარიელებს და უბის წიგნაკებსა და კალენდრებზე ერთი ან მეტი დღით წმინდა, ქათქათა ფურცლებს ტოვებს...
სილვია პლათი


პლათის ამ რთულ მდგომარეობაზე ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება. მასა და ტედ ჰიუზს შორის ურთიერთობაზე აქ არ შევჩერდები, რადგან ძალიან დიდ დროს წაიღებს. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ბოლო 10-15 წლის მანძილზე აუარება დოკუმენტური მასალა გამოქვეყნდა ამ თემაზე და ზოგი პუბლიკაცია ქსელშიც შეგიძლიათ იპოვოთ. ამას თან დაურდეთ ტედ ჰიუზის უკანასკნელი პოეტური კრებული, 1998 წელს გამოცემული "დაბადების დღის წერილები", რომელიც მთლიანად სილვია პლათისადმია მიძღვნილი და გასაგები გახდება, თუ რატომ ვარიდებ თავს ამ თემის დეტალიზაციას.

ერთი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ პლათის პროზაზე საუბრისას სულ სხვა რამაა მთავარი მკვლევარებისთვისაც და უბრალო მკითხველისთვისაც: საქმე ისაა, რომ პლათი რეალიების, ეპოქის მწერალიცაა, სადაც იგი, მაგალითად, დეტალურად აღწერს ყველა პერსონაჟის ტანსაცმელს, გარემოს, რეკლამებს, ჩვევებს, ყველა წვრილმანს, რითაც სავსე იყო მისი და მისი თანატოლების სამყარო 50–იანებში.

ახლა ზამთარია, ნაახალწლევი, და სიუჟეტი მინდა დავამთავრო რომანის ბოლო თავის დასაწყისით, სადაც ესთერი თოვლს აღწერს: "ახლად ჩამოყრილი თოვლი საბანივით გადაჰფარებოდა საგიჟეთის მიდამოს – საშობაო ფიფქები კი არ იყო, არამედ კაცის სიმაღლე იანვრის დიდთოვლობა - აი, ისეთი, სკოლებს, ოფისებსა და ეკლესიებს რომ აცარიელებს და უბის წიგნაკებსა და კალენდრებზე ერთი ან მეტი დღით წმინდა, ქათქათა ფურცლებს ტოვებს". ჩვენს საგიჟეთშიც ასე იყო, ჩვენც ხომ ზამთრის უქმეებით შევეგებეთ ახალი წლის პირველ დღეებს, ჩვენი ახლად შეძენილი თუ ნაჩუქარი უბის წიგნაკების პირველი ფურცლებიც ხომ ქათქათებდნენ რამდენიმე დღის მანძილზე, სანამ პირველი საქმეები არ ჩავინიშნეთ, სანამ არ გაივსო გვერდები გადახაზული (ანუ შესრულებული) თუ გადადებული საქმეებით და სანამ, როგორც იქნა, არ გამოვაღწიეთ დღესასწაულებიდან.