ძველი სვანური სამკაულის ახალი სიცოცხლე მაშინ დაიწყო, როდესაც ისტორიის მკვლევარი ლუარსაბ ტოგონიძე საუკუნისწინანდელი ფოტოებით დაინტერესდა. იდეაც მალე გაჩნდა − შეექმნათ ამ ფოტოებზე გამოსახული სამკაულების იდენტური ან მსგავსი კოლექცია. „კავკასიური სამკაულის“ გუნდმა, თავად ლუარსაბმა, ნინო მამულაშვილმა და ნინო ანდრიაშვილმა დაიწყეს კვლევა: შეისწავლეს ეთნოგრაფიული მასალა, მოიძიეს მუზეუმში დაცული, გადარჩენილი სამკაულების დეტალები, დაიწყეს სიარული ოქროს ბირჟაზე და მალე აღმოაჩინეს, რომ სვანური სამკაულის დამზადების ტექნიკა და თავად სამკაულის ფორმებიც ნელ-ნელა ქრებოდა. ცოტა მოგვიანებით იპოვეს მჭედელი, ვინც ამ სამკაულებს ხელახლა დაამზადებდა, და თან ისე, რომ მათთვის ძველი იერსახე შეენარჩუნებინა. ასე დაიწყო ლადო ჩალაურის სახელოსნოში მუშაობა ძველი სვანური სამკაულის ახალ კოლექციაზე.