სუს-ის ანგარიში პარლამენტს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 2015 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებს, რომელთა წინაშეც ვრცელი მოხსენებით წარდგა სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია. ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობათა გაუმჯობესებას, კონტრდაზვერვით საქმიანობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ოკუპაციით გამოწვეული საფრთხეების განეიტრალებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

ლევან იზორიამ თავისი ნახევარსაათიანი გამოსვლის ძირითადი ნაწილი დაუთმო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე საუბარს. მისი თქმით, 2015 წელს უსაფრთხოების სამსახურსა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად იცვლებოდა ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი. ლევან იზორიას თქმით, მნიშვნელოვანი იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები:

„დაიწყო გამოძიება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე. წ. წარმომადგენელ აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ. დასრულდა მათი სასამართლო პროცესი და მათ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ტერორისტების გამოვლენისა და დაკავების მიზნით გატარდა ოპერატიული ღონისძიებები აჭარასა და გურიაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები და დაკავებული იქნა ოთხი პირი, რომლებმაც ფიცი მისცეს ე. წ. ‘ისლუმურ სახელმწიფოს’“.

ლევან იზორიას თქმით, ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით იმყოფება საქართველოს 50-მდე მოქალაქე, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ფლობს უსაფრთხოების სამსახური და მათი დაბრუნების შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. ლევან იზორიას თქმით, საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებიც:

რუსეთის ჯაშუშები ჩვენს ქვეყანაში აღარ არიან? რუსეთი აღარ ებრძვის საქართველოს? რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ აღარ მუშაობენ? რა გააკეთეთ მთელი ამ 3,5 წლის განმავლობაში...
გიორგი ბარამიძე

„ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ არის მძიმე კრიმინოგენული ვითარება. ხდება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, ადგილი აქვს ე. წ. ბორდერიზაციის პროცესს, იზღუდება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება, ასევე განათლების ხელმისაწვდომობა და, ბუნებრივია, ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ პერიოდულად იმართება რუსეთის სამხედრო ძალების წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, ბუნებრივია, ამ საფრთხეების შეკავების, მინიმიზების კუთხით პერმანენტულად ვაფასებთ და ვაკვირდებით, ვახორციელებთ ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“.

უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ლევან იზორიას თქმით, ამ მიმართულების სამსახურის წარმოებაშია 142 საქმე, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ყველა მიმართულებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დეპუტატ გიორგი ბარამიძის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში არაფერია ნათქვამი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ:

„რუსეთის ჯაშუშები ჩვენს ქვეყანაში აღარ არიან? რუსეთი აღარ ებრძვის საქართველოს? რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ აღარ მუშაობენ? რა გააკეთეთ მთელი ამ 3,5 წლის განმავლობაში - რუსული ქსელი კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც აგენტურული, ასევე ე. წ. რბილი ძალის თვალსაზრისით, თქვენ კი ერთი სიტყვაც არ გიხსენებიათ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ პროპაგანდისტულ ომზე“.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე გამოთქვეს ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების რესურსების დიდი ნაწილი ხმარდება არა ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნას. დეპუტატ გიორგი ვაშაძის თქმით, სუსის 4 ათასი თანამშრომლიდან მხოლოდ მცირე ნაწილია დაკავებული პრიორიტეტულად გამოცხადებული საქმიანობით, დანარჩენები კი მუშაობენ რეგიონალურ განყოფილებებში და დაკავებული არიან მიყურადებით, თვალთვალით და დაშინებით:

„თქვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა, სუსი იქნება თუ რასაც დავარქმევთ, უნდა ჩაბარდეს წარსულს, რადგანაც წარსულს უნდა ჩაბარდეს პოლიტიკური პოლიცია და წარსულს უნდა ჩაბარდეს კაგებეშნიკური მიდგომები“.

თავიდან სპეცსამსახურს გაუჭირდა აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის სიტუაცია არის მეტ-ნაკლებად დარეგულირებული, იმიტომ რომ გამკაცრდა კონტროლის საზღვრებზე, უშუალოდ პანკისის ხეობაში გატარდა საჭირო და დროული ღონისძიებები...
გიორგი გობრონიძე

ხელისუფლების ოპონენტების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც და ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების სამსახური კვლავ პოლიტიზებულია. ასე ფიქრობს გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი:

„ყველა ხელისუფლება, მმართველი ელიტა გამსახურდიას შემდეგ თავის თავს აიგივებს სახელმწიფო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტთან და ასეთ დროს, ბუნებრივია, მოხდება სპეცსამსახურების პოლიტიზება, რაც უნდა უარყოს ხელისუფლებამ“.

გიორგი გობრონიძის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულმა კონტრტერორისტულმა და პრევენციულმა ღონისძიებებმა თვალსაჩინო შედეგი გამოიღო: ფაქტობრივად, ნულამდე დავიდა საქართველოდან ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქალაქეების გადინების მაჩვენებელი.

„თავიდან სპეცსამსახურს გაუჭირდა აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის სიტუაცია არის მეტ-ნაკლებად დარეგულირებული, იმიტომ რომ გამკაცრდა კონტროლის საზღვრებზე, უშუალოდ პანკისის ხეობაში გატარდა საჭირო და დროული ღონისძიებები და, რაც საინტერესოა, ხელისუფლებამ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგა პანკისის ხეობაში სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, უთხრა გიორგი გობრონიძემ რადიო თავისუფლებას.

საკომიტეტო მოსმენის დროს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ასევე დაუსვეს შეკითხვები ე.წ. „ოდეერების“, ანუ უშიშროების ოფიცრების, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩანერგვის პრაქტიკის შესახებ. ლევან იზორიას თქმით, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს აღარ ჰყავს „ოდეერები“ და, მათ შორის, არ ჰყავს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში:

„2015 წლის აგვისტოს შემდეგ პიროვნება, რომელიც იყო „ოდეერი“, ასრულებს კანცლერის მოადგილის უფლებამოსილებებს. ასე გადაწყვიტა კანცლერმა, არ ვიცი, მეგობრობის თუ სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე. ეს იყო მისი გადასაწყვეტი. ჩვენს სამსახურს აღარ ჰყავს თავისი წარმომადგენელი 2015 წლის აგვისტოდან არა მარტო თსუ-ში, არამედ არც ერთ სხვა უმაღლეს სასწავლებელში“.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც წარდგება. სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს დეპუტატები, სავარაუდოდ, 30 მარტს მოუსმენენ.