ზუგდიდში გარევაჭრობის აღდგენას მოითხოვენ

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სამოცდაათამდე გარემოვაჭრემ საპროტესტო აქცია გამართა გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა გამგეობის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. აქციის მონაწილეების თქმით, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საპატრულო პოლიციამ დღეს დილიდან მუშაობის უფლება არ მისცა.

„ნასესხები ფულით ვმუშაობთ, ლუკმაპურს ამით ვშოულობთ. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს“.

„გვაჩვენონ ის ბრძანება, სადაც წერია, რომ გარევაჭრობა აკრძალულია. გვაჩვენონ ბრძანება ახალი ხელისუფლების ბეჭდითა და ხელმოწერით. შანავამ მითხრა, ახალმა ხელისუფლებამ პოლიცია გამოაგზავნაო,თქვენს ასაყრელად“
, – გვითხრეს გარემოვაჭრეებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათთან შესახვედრად გამოსულ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს თენგიზ შანავასთან საუბარი არ ისურვეს და გამგებელთან, ალექსანდრე ქობალიასთან შეხვედრა მოითხოვეს. სწორედ ამ მოთხოვნით გადაკეტეს მათ სამხარეო ადმინისტრაციის წინ საავტომობილო გზა, რის შემდეგაც მათთან გამგებელი მივიდა. ალექსანდრე ქობალიას თქმით, გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული და, შესაბამისად, არ იქნება დაშვებული.

„ბაზრის დირექციამ გამოუყო ადგილები, ხელშეკრულებასაც მისცემს და ყველას მისცემს სამუშაო ადგილს. ეს პირობა შესრულებული იყო. ამ პირობას თვითონ არღვევენ, ჩვენ არასდროს დაგვირღვევია“, – განაცხადა გამგებელმა, რომლის რჩევითაც მოგვიანებით ათი გარემოვაჭრე ალექსანდრე ქობალიას კაბინეტში მოლაპარაკებების მიზნით შევიდა. ერთსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. გარემოვაჭრეები გამგებელთან შესვლას დღის ბოლოს ისევ გეგმავენ. მათი თქმით, ამჯერად ისინი უფრო მომზადებულები შევლენ და თან შეიტანენ იმ გარემოვაჭრეთა სიას, ვისაც სამუშაო ფართი არ აქვს.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის ივნისში გარემოვაჭრეების მიერ ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით გამართული აქციები კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა. შედეგად, გარემოვაჭრეებმა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მიიღეს სამუშაო ფართები, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მათ თვითნებურად კვლავ დაიკავეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.