ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, ალიანსში უნდა იყოს კონსენსუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე. ეს განცხადება სტოლტენბერგმა გააკეთა 9 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საქართველოს უწოდა „ნატოს ერთ-ერთი უახლოესი" პარტნიორი. „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც მოკავშირეები ანიჭებენ (ქვეყანას) კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, უნდა არსებობდეს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ. მაგრამ რასაც მივესალმები არის ის, რომ აღწევთ წინსვლას, რომ ახორციელებთ თქვენს რეფორმებს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებ პრესკონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებს ნატოს 10-11 თებერვალის მინისტერიალს. ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მასში მონაწილეობის მისაღებად, ისევე როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შესახვედრად, ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელიც.