სოციალური დახმარების ახალი პროგრამის განახლება

ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლის მაისში ამუშავებულ სოციალური დახმარების ახალ სისტემაში ცვლილებები შეაქვს. ეს ცვლილებები ნაწილობრივ ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რომლებიც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მთავრობას დღეს, 25 ივლისს, წაუყენა. რატომ გახდა საჭირო ახალი პროგრამის კიდევ ერთხელ განახლება და რა შეიცვლება ამ ინიციატივით?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მეთოდოლოგია იცვლება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, სოციალური დახმარების სისტემას, რომელიც 2015 წლის მაისიდან საპილოტე რეჟიმში ამუშავდა, ხარვეზები აქვს:

„ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერების რაღაც ნაწილს აზარალებს. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, შევისწავლეთ პროგრამის სუსტი წერტილები და შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება და, დამტკიცების შემთხვევაში, 1 აგვისტოდან შევა ძალაში“.

სოციალური დახმარების სისტემა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით შეიცვალა. ძველი წესით, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 001-ზე ნაკლები იყო, შემწეობას იღებდნენ. 1-სულიანი ოჯახისთვის ეს დახმარება 60 ლარი იყო, ხოლო ერთზე მეტსულიანი ოჯახებისათვის ყოველ მომდევნო წევრზე - 48.

ახალი წესით კი, სარეიტინგო ქულები დაჯგუფდა. მაგალითად, იმ ოჯახებს, რომლებსაც 30 001-ზე ნაკლები ქულა აქვთ, ყოველ წევრზე 60 ლარს იღებენ, ხოლო ისინი, ვისი ქულაც 60 001-დან 65 001-მდეა, თითო წევრზე 30 ლარს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,ზურაბ ჭიაბერაშვილმა 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეფასების ახალმა მეთოდოლოგიამ ორმოცი ათასზე მეტი ადამიანი ბოლო 7 თვის განმავლობაში შემწეობის გარეშე დატოვა - აქედან კი 11 ათასი პენსიონერია:

„..უმეტესად მარტოხელა მოხუცები, რომელთაც ძალიან უჭირთ მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო. ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე, მაშინ როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა სწორედ ამ პენსიონერებს ეხება. როგორც ზაზა სოფრომაძე განმარტავს, გაიზრდება პენსიონერების შეფასების კრიტერიუმი:

„რაც საშუალებას მოგვცემს, რომ დახმარება აღვუდგინოთ იმ პირებს, რომელთაც ეს დახმარება დროებით შეუჩერდათ. მეტიც, სახელმწიფო აუნაზღაურებს მათ იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ ეს დახმარება შეჩერებული ჰქონდათ“.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტაგ მეგრელიშვილი ერთ-ერთია, ვინც 2004 წლიდან მუშაობდა სოციალური დახმარების სისტემაზე. მისი შეფასებით, ამ პროგრამის მეთოდოლოგიას დროდადრო გადახედვა სჭირდება, რადგანაც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა იცვლება, ამის გადამოწმება კი კონტროლის ჯგუფების საქმეა:

„არჩევნების პერიოდებში კონტროლის ჯგუფების მუშაობა გაჩერებულია ხოლმე, სწორედ ამიტომ იზრდება ბენეფიციარების რაოდენობა. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობდნენ, აკონტროლებდნენ ახალ ბენეფიციარებს, საიდანაც ორმოცი-ორმოცდაათი ათასი ბენეფიციარი ამოვარდა“.