სოჭის ოლიმპიადის სადავო მეჩირაღდნე

სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდანი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედოვნებს, რომ არ მოუწევს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა, საქართველოს მთავრობა კი აპირებს დააკვირდეს პროცესებს რუსეთის მხრიდან და თუ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე ისაა, რომ სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი ივან ნეჩაევი იქნება.

საქართველოს მთავრობა სპორტული თამაშების "ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში" შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც საუბარია აგრეთვე მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რაც ოლიმპიადის „პოლიტიზებას“ ისახავს მიზნად და წინააღმდეგობაში მოდის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სურვილთან. საქართველოს პოლიტიკური ელიტა აღაშფოთა მოსკოვის გადაწყვეტილებამ, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი ივან ნეჩაევი, რომელიც ქართული ჯარის ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს ბომბავდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს. ამასთან, თბილისი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების არჩეული კურსისა, თუმცა ყურადღებით აკვირდება სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და „თავისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.

სოჭის ოლიმპიადისა და მასში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც. მისი სიტყვებით, მაშინ როცა საქართველო სოჭის ოლიმპიადის დეპოლიტიზებას ცდილობს, მეორე მხარე სულ სხვაგვარ გადაწყეტილებას იღებს:

„ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი სახელმწიფო ასეთ ვითარებაში ასე გამომწვევად არ უნდა იქცეოდეს. ყოველივე ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის მოწესრიგება, გამოვხატავთ ერთგულებას იმ გამოცხადებული კურსისადმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, მაგრამ დღეიდან ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ქვეყნის მოქალაქეების ღირსების დასაცავად“.

რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკურ ნაწილში გადაიზარდა ეს თამაშები და პოლიტიკური თემა გახდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არ მიიღოს მონაწილეობა...
ლერი ხაბელოვი
მიუხედავად იმისა, რომ 2 მაისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი არ გამორიცხავს გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს:

„იცით თქვენ, რომ ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესია ჩატარდა, სადაც ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კურსს ბოლომდე გავყვებით. რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკურ ნაწილში გადაიზარდა ეს თამაშები და პოლიტიკური თემა გახდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არ მიიღოს მონაწილეობა“.

ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის განმარტებით, ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა მიმდინარე წლის 7 მაისამდე ჰქონდა. ახლა, გამონაკლისის სახით, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი უარს იტყვის შეჯიბრებაში მონაწილეობაზე, შემდეგ სანქციებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო იმსჯელებს. თუმცა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში არ ელიან, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მოჰკვეთენ.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებისა და იმ ფონზე, როცა სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესის სააკრედიტაციო სიაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები შეიყვანა, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში რუსეთის მხრიდან ოლიმპიადაზე დამატებითი სიურპრიზების მოწყობას არ გამორიცხავენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ თუ მაინცდამაინც ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება სურთ, არა ქართული დროშით, არამედ ოლიმპიური დროშით უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განაცხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი პოზიცია კი ნუგზარ წიკლაურმა გააცნო საზოგადოებას:

თუ ჩვენ ოლიმპიადაზე არ წავედით, ეს, პირველ რიგში, იქნება ბოიკოტის გამოცხადება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რაც ყველანაირად მიუღებელია ქართული სპორტის განვითარებისათვის...
შოთა ხაბარელი
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის მძიმე პოლიტიკური პროვოკაცია და ცინიკური ჟესტი ომის მსხვერპლთა მიმართ, რაც ცხადყოფს პუტინის სურვილს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები გამოყენებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატების განცხადებით, სიმბოლურია, როცა რუსეთი მშვიდობის თამაშების ერთ-ერთ მეჩირაღდნედ ოკუპაციის სიმბოლოს აყენებს და საერთაშორისო საზოგადოება ამას აუცილებლად უპასუხებს. ეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯია, მიიჩნევენ კოალიციაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება ცივი გონებით უნდა იქნეს მიღებული, ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი შოთა ხაბარელი, რომლის სიტყვითაც, საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარით არა რუსეთის ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გამოუცხადებს ბოიკოტს:

„თუ ჩვენ ოლიმპიადაზე არ წავედით, ეს, პირველ რიგში, იქნება ბოიკოტის გამოცხადება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რაც ყველანაირად მიუღებელია ქართული სპორტის განვითარებისათვის, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რუსეთის ოლიმპიური თამაშები, არც პუტინის ოლიმპიური თამაშებია, ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ სოჭში ჩატარებულიყო ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ გამოვუცხადებთ ბოიკოტს“.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე მიღებული არ არის, ხელისუფლება პროცესებს დააკვირდება. სოციალურ ქსელებში უკვე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც ოლიმპიადის ბოიკოტირების მსურველებს აერთიანებს. სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვლიდან დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს - 3 მოთხილამურე და ერთი მოციგურავე.