Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხვდნენ დე ფაქტო რესპუბლიკები სოჭის ოლიმპიადის სააკრედიტაციო სიაში?


მავთულხლართები დიცში
მავთულხლართები დიცში
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებათა საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააყენებს. გორის რაიონის სოფელ დიცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოც, სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ახალ პროვოკაციაზე საუბრობს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიც.
ჩვენ იქვე ვთქვით, რომ ჩვენს ამ დადებით ნაბიჯს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება რუსეთის მხრიდან. ეს რეაგირება კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ გვექნება იქ საქმე პროვოკაციებთან და ისეთ ფაქტებთან, რომ სადღაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი იყვნენ მოხსენიებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები...
მაია ფანჯიკიძე

„შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან საზღვრის გავლების პროცესით, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო“ - ასეთია პირველი ფრაზა განცხადებისა, რომელიც შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 20 სექტემბერს გაავრცელა, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს „მოხსნას ბარიერები იმ პირობების შესაბამისად, რომელთა შესრულება მან 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ითავა. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება კონფლიქტების მოგვარებისადმი საქართველოს მთავრობის მშვიდობიან მიდგომას.

თავის მხრივ, დიცსა და ხურვალეთში მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესის თაობაზე საკითხს უახლოეს დღეებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააყენებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც.

დიცში მიმდინარე პროცესების პარალელურად, რუსეთის ფედერაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი. საქმე ისაა, რომ ჟურნალისტების მიერ ოლიმპიადის გასაშუქებლად საჭირო სააკრედიტაციო ფორმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სუბიექტებადაა შეყვანილი. საუბარია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ელექტრონულ ბაზაში განთავსებულ ტელე-მედიის სარეგისტრაციო ფორმაზე, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცალკე „სახელმწიფოებად" არიან მოხსენიებულნი. ანუ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელ ჟურნალისტებს სოჭის ოლიმპიადის გაშუქების შესაძლებლობა ეძლევათ.

როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ევროპის მაუწყებელთა კავშირს ინფორმაცია სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მიაწოდა, მათ კი მონაცემები გადაუმოწმებლად, მექანიკურად გადაიტანეს. ელგუჯა ბერიშვილი ოლიმპიადაზე დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელ სპორტსმენთა მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა იმას, რომ ოლიმპიადის გასაშუქებლად საჭირო სააკრედიტაციო ფორმაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მოხვდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტად მიიჩნევს:
ელგუჯა ბერიშვილი
ელგუჯა ბერიშვილი

„თუ რუსეთის ნაკრებში არის ვინმე აფხაზი სპორტსმენი - ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით და, ალბათ, არც არის, იმიტომ რომ აუცილებლად გვეცოდინებოდა - და თუ ის დააკმაყოფილებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, მაშინ ის, ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას და რუსეთის სახელით გამოვა. სხვა შემთხვევა ყველაფერი გამორიცხულია, მათ შორის, ჟურნალისტების მონაწილეობაც, აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, სტატუსით“.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ელოდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის მხრიდან არანაირი სახის პროვოკაცია არ განხორციელდება:

„საქართველომ თქვა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე უარს ამბობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი სოჭში გაემგზავრება და მიიღებს მონაწილეობას სპორტულ ღონისძიებებში. მაგრამ ჩვენ იქვე ვთქვით, რომ ჩვენს ამ დადებით ნაბიჯს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება რუსეთის მხრიდან. ეს რეაგირება კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ გვექნება იქ საქმე პროვოკაციებთან და ისეთ ფაქტებთან, რომ სადღაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი იყვნენ მოხსენიებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები“.
რუსეთი საკმაოდ რთული კონსტრუქციის მექანიზმია, სადაც ძალიან ბევრი რამე მუშაობს - არ არის მარტო საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი. მათ შიდაპოლიტიკური მიმართულებები აქვთ. მათ აღიარეს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და შიდა აუდიტორიას უნდა დაუმტკიცონ კიდევაც, რომ აქვთ იმის უნარი, რომ შეინახონ და დაიცვან ეს აღიარებული დამოუკიდებლობა...
გიორგი გვიმრაძე

ეს პროვოკაციები არც ერთ შემთხვევაში არ უწყობს ხელს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მიაღწევს იმას, რომ სოჭის ოლიმპიადაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები დამოუკიდებლად არ იქნენ წარმოდგენილნი.

ოლიმპიადის გასაშუქებლად სარეგისტრაციო სიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მოხვედრას არაკონსტრუქციულ ქცევად აფასებს „სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი გიორგი გვიმრაძე, თუმცა, მისი აზრით, ეს არ უნდა შეფასდეს ერთმნიშვნელოვნად როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოსთან კონფრონტაციისთვის გამოყენებული ინსტრუმენტი. გიორგი გვიმრაძის თქმით, ამას სხვა მიზეზებიც აქვს.

„რუსეთი საკმაოდ რთული კონსტრუქციის მექანიზმია, სადაც ძალიან ბევრი რამე მუშაობს - არ არის მარტო საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი. მათ შიდაპოლიტიკური მიმართულებები აქვთ. მათ აღიარეს ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და შიდა აუდიტორიას უნდა დაუმტკიცონ კიდევაც, რომ აქვთ იმის უნარი, რომ შეინახონ და დაიცვან ეს აღიარებული დამოუკიდებლობა. ამიტომ მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობა ვერ იქნება რუსეთის ქმედების გადამწყვეტი, თუმცა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ეს არ შეიძლება რამენაირად კონსტრუქციულად მივიჩნიოთ“, - ამბობს გიორგი გვიმრაძე, რომლის აზრითაც, საქართველოს მხრიდან ამ თემებზე რეაგირება ადეკვატური და საკმარისად მკაცრია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG