სამთავრობო ინიციატივის თანახმად, რომელსაც პროექტის სახე ჯერ არც მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ 5 დარჩება. რას ემყარება მმართველი გუნდის გათვლები და რა არგუმენტებს უპირისპირებენ მას საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები?
Your browser doesn’t support HTML5
„თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“- ნათქვამია 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება და ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტის გაუარესება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, მაგრამ თანახმად მმართველი პარტიის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, მოსალოდნელია 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება და, მაშასადამე, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა. ერთ-ერთი ამ რიგის განცხადება მედიასთან ამ ცოტა ხნის წინ დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა:
“თვითმმართველ ქალაქებში ირჩევენ მერებს, სათემო მუნიციპალიტეტები რასაც ეწოდება, იქ ირჩევენ გამგებლებს. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ მოხდება გამსხვილება, ანუ დაბრუნება ძველი საზღვრების, მაშინ ეს სათემო მუნიციპალიტეტები იქნება და, ცხადია, იქ არჩეული იქნება გამგებლები“.
ამ პირობით, თვითმმართველი ერთეულის სტატუსს დაკარგავენ ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური. სტატუსს შეინარჩუნებენ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებებს ძირითადად ფინანსური ხარჯების შემცირების აუცილებლობით ხსნიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ცვლილება მხოლოდ ფართო საზოგადოების ჩართულობით განიხილება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავის მხრივ, საკითხისადმი ფრთხილი მიდგომის საჭიროებაზეც საუბრობს:
“არის საჭირო ძალიან დეტალური მსჯელობა, თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები - მათ შორის, ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ასე შემდეგ - და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ გვექნება“.
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტში კი კომისიის ფორმატში განიხილება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების საკითხი. შესაბამისად, როგორც მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“, ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე ამბობს, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების მიმართვას ხელისუფლებისადმი აქვს ერთგვარი პრევენციის, გაფრთხილების ფუნქციაც - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც:
“მუნიციპალიტეტების გაერთიანება ყოველთვის იწვევს ხოლმე გადაწონვას, ასე ვთქვათ, მუნიციპალური ბიუჯეტისა ქალაქის მხარეს, იმიტომ რომ ქალაქში მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, მეტ სერვისს იღებს სახელმწიფოსგან და ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობს ხოლმე მეტად კმაყოფილი ჰყავდეს დიდი ქალაქის მოსახლეობა და ამ შემთხვევაში სოფლები ყურადღების გარეშე რჩებიან ხოლმე. გაყოფის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან კარგი რამ გაკეთდა თავის დროზე, იმიტომ რომ მეტი ყურადღება მიექცა სოფლებს, მეტი ინფრასტრუტქურული პროექტების განხორციელება დაიწყო სოფლებში - ბაღები, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისები, რომლებიც სოფლებისთვის აქამდე ხელმიუწვდომელი იყო. ამათი გაერთიანება, ვფიქრობ, რომ ძალიან დააზარალებს მოსახლეობას“.
გიორგი ანდღულაძის აზრით, თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ შეუსაბამობები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება არა მარტო უწყებრივ დონეზე, არამედ მოსალოდნელი ცვლილებების არსთან დაკავშირებითაც. მათ შორის, იგი ეჭვობს, რომ შესაძლოა ხარჯების შემცირების ნაცვლად, არსებული პრაქტიკით, ადმინისტრაციულმა ხარჯებმაც მოიმატოს. შესაბამისად, დავით ლოსაბერიძისთვის საინტერესოა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დეკლარირებული დაპირება დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდგომი გაგრძელების შესახებ უკუმიმართულებით დატრიალდა. კითხვაზე კი, რას შეეძლო ეს გამოეწვია, იგი გვიპასუხებს:
“მე არ გახლავართ პოლიტიკოსი და პოლიტიკურ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებ და შეფასებებს. აქ შეიძლება იყოს რამდენიმე მომენტი. ერთი, ეს არის შიდაპოლიტიკური საკითხები, ვთქვათ, თვითონ მმართველ გუნდს შორის, შიგნით. მეორე არის, ვთქვათ, გარკვეული ინტერესები, მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც არაკანონიერს. ცენტრალიზაციის მომხრეები ყოველთვის ითხოვენ, რომ მთელი თანხები მათ ხელში იყოს თავმოყრილი, მთელი რესურსები და კონტროლი მათ ხელში იყოს თავმოყრილი“.
დავით ლოსაბერიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მოსალოდნელი გამსხვილებით უკმაყოფილონი არიან შესაბამისი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებიც. დაპირებული შემდგომი ტერიტორიული ოპტიმიზაციის ნაცვლად კი ცენტრალიზების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, თავის მხრივ, ანტირეფორმად მიიჩნევს „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი. მისთვის თვითმმართველობების გამსხვილების გამართლება ხარჯების დაზოგვით გაუგებარია:
“ზოგადად, დემოკრატიული ინსტიტუტები ძვირი სიამოვნებაა და თანხების დაზოგვა ამ მიმართულებით არ არის გამართლებული. არც ის დეკლარირებული რაოდენობა, რომელსაც მთავრობა ასახელებს, არ იზოგება ამდენი. ძალიან მიზერული თანხები შეიძლება „დაიზოგოს“, მაგრამ ამ დაზოგილ თანხებს შეიძლება ბევრი გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს - ვთქვათ, დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, იგივე სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება და ასე შემდეგ“.
რეგიონალური განვითარების სამინისტრო კი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების შესახებ დაწყებულია, თუმცა გაერთიანება გარკვეული პირობების აუცილებელი დაცვით მოხდება. კერძოდ, შეერთების შედეგად არ უნდა გაუარესდეს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად უნდა დაბალანსდეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, უნდა სრულყოფილ იქნეს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა და სხვ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშულია, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ შეეხება მერებისა და გამგებლების არჩევითობის საკითხს.