გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში დღეს კვლავ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფები. შერეულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლებმა.
Your browser doesn’t support HTML5
თითქმის ექვსსათიანი შეხვედრის დეტალები ენგურის ხიდთან მომლოდინე ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გააცნო. კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზეც პრინციპულად აქტიურად დააყენეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯიოღლის გადმოცემის საკითხი, რომ ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
„დღეს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრას დაასწრეს ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მასალები, რომელიც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა წინა შეხვედრებზე... დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ ხორციელდება ამ მასალების საქმეში ჩართვა და, შესაბამისად, აუცილებელია ამ მასალების ხელახლა გადაცემა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი შეფასებით, ზოგადად, ამ საკითხს აქვს ორი განზომილება, ერთი არის პოლიტიკური და მეორე პრაქტიკული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ისევე, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ საკითხს განიხილავს პრაქტიკულ ჭრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
მისი განმარტებითვე, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე დრანდის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის, გიორგი ლუკავაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს მიერ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წინა შეხვედრის მსგავსად, დღესაც დააყენეს საკითხი 2012 წლიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქე ზაზა წულუკიას შესახებ.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა ჩვენ მიერ, მიღებულია და სამომავლოდ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნება. რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს და პრობლემა აღარასოდეს შეექმნებათ ადგილობრივ მოსწავლეებს...კახაბერ ქემოკლიძე
„გარკვეულწილად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან მიმართებაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ თემაზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაა, რომ ის ადამიანები, რომელთა საქმეებზეც კითხვის ნიშნები არსებობს, უნდა გათავისუფლდნენ“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმითვე, დღევანდელ შეხვედრაზეც დააყენეს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის საკითხი. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით გამართულმა მოლაპარაკებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო:
„ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა ჩვენ მიერ, მიღებულია და სამომავლოდ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნება. რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს და პრობლემა აღარასოდეს შეექმნებათ ადგილობრივ მოსწავლეებს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, დღეს, მეხუთედ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფების წარმომადგენლები. ამ ფორმატში შეხვედრების უფრო სწრაფად განახლების მიზეზი სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გახდა. გალში მორიგი შეხვედრა 11 ნოემბერს ჩაინიშნა.