შეხვედრა ვეტოს წინ

4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტების პაკეტზე სალაპარაკოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. უმრავლესობა პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ ის მაინც აპირებს კონსტიტუციას ვეტო დაადოს, მისი მოტივირებული შენიშვნები შეეხოს მმართველი გუნდის ორ ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ე.წ. ბონუსის გარეშე, რათა მანდატები პროპორციულად განაწილდეს პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე, რომელიც მიიღებს ხმების 5 %-ზე მეტს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების უმთავრესი მოთხოვნაა 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. შეხვედრას პრეზიდენტთან ვერ დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ვენეციაში გაემგზავრა, სადაც 6 ოქტომბერს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომა უნდა დაესწროს.

Your browser doesn’t support HTML5

შეხვედრა ვეტოს წინ

“პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საუბარი გვექნება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე...
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს. ეს საკითხებია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება. თუ პრეზიდენტი ამ შეთავაზებას გაითვალისწინებს, პროცესი დროში არ გახანგრძლივდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ვენეციაში გამგზავრებამდე:

„თუ პრეზიდენტი ამ ყველაფერს გაიზიარებს და ხელს შეგვიწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, მას შეუძლია ამ პროცესში პოზიტიური წვლილი შეიტანოს. ხოლო თუ ამას არ გაიზიარებს, მაშინ ჩვენი ინიციატივით მაინც დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან“.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე შეხვედრებს გამართავს კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და კომისიის მდივან თომას მარკერტთან. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება:

„საუბარი გვექნება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის მიერ პლენარულ სხდომაზე. მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა ჩვენს დოკუმენტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება ის დასკვნა, რომელიც იყო წარმოდგენილი. მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეს იყო არა ჩვენი სურვილის, არამედ ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის. ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგად მზადდება, ძალიან სერიოზული კომპრომისი და დათმობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს....
ეკა ბესელია

რაც შეეხება უმრავლესობის განწყობას პრეზიდენტთან შეხვედრის ფონზე, გია ჟორჟოლიანმა პრეზიდენტთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ხანგრძლივი პროცესი ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის და მალე ქვეყანას ექნება ახალი კონსტიტუცია:

„მე მგონია, რომ ბოლოსკენ მივდივართ და მივიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ფართო საზოგადოების ინტერესს შეესაბამება“.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ვეტო არ სჭირდება.

ეს იყო არა ჩვენი სურვილის, არამედ ჩვენი მზაობის დემონსტრირება კონსენსუსისთვის. ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგად მზადდება, ძალიან სერიოზული კომპრომისი და დათმობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს. ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების შედეგად ჩვენი მხრიდან გადაიდგა დამატებითი ნაბიჯი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

უმრავლესობისთვის კვლავაც მიუღებელია ის შენიშვნები, რომელთაც პრეზიდენტს სთავაზობს ოპოზიცია. გავიხსენოთ, რომ 28 სექტემბრის შეხვედრაზე მათ პრეზიდენტს კონსტიტუციის პროექტზე ვეტოს დადება პრეზიდენტისა და 20 პარტიის მიერ შეთანხმებული საკითხების ირგვლივ შესთავაზეს, რომელშიც ძირითადია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება 2024 წლამდე და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით, ამ საკითხებზე მმართველის გუნდის პოზიცია აღარ შეიცვლება:

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი 26 სექტემბერს დაამტკიცა და ნულოვანი კონსენსუსის პირობებში მხარი დაუჭირა რედაქციას, რომელშიც მრავლად დარჩა პრეზიდენტისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი საკითხები. რამდენიმე დღით ადრე კი, 22 სექტემბერს, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიმართ ადრე გამოთქმულ დადებით შეფასებას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მაქსიმალური კონსენსუსის პირობებში. ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში კონსენსუსის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ქმნის ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2024 წლის არჩევნებამდე გადადოს მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამასთან, ვენეციის კომისია მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების შენარჩუნებისა და საარჩევნო ბარიერის 3 %-მდე შემცირების შესახებ.

გამოსავალს ფართო კონსენსუსში ხედავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც:

„ის, რომ კონსენსუსი შესაძლებელია, ეს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დროსაც დადასტურდა და, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც შესაძლებელი გახდა საერთო აზრის ჩამოყალიბება, ამიტომ მთავარი განწყობა ყველას მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსის ძიება. ეს იქნება ერთადერთი და ბოლო გზა ამ რთული ვითარებიდან გამოსასვლელად“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი, ეს 9 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი. ვეტოს გამოყენების ვადა მას სწორედ ამ დროისთვის ეწურება.