ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში აიოვის შტატში. მან დაამარცხა მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც აქამდე ლიდერად იყო მიჩნეული, ხოლო დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიდერობს. აიოვის შტატის ელექტორატი არის პირველი, ვინც გამოხატავს თავის არჩევანს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხანგრძლივი, რთული პროცესისათვის, რომელიც წელს 8 ნოემბერს დასრულდება.
აიოვაში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში სენატორ ტედ კრუზის გამარჯვება მძიმე დარტყმად ითვლება მილიარდერ დონალდ ტრამპისათვის. ეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ლიდერობდა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინირების მსურველებს შორის და მსოფლიო მედიის ყურადღებას იპყრობდა სკანდალური განცხადებებით - იქნებოდა ეს ქალების თუ უმცირესობების შესახებ. ახლა, აიოვის შტატში შიდაპარტიულ არჩევნებში წარმატების შემდეგ, მედიის ყურადღების ცენტრში ტედ კრუზი მოექცა.
„აიოვამ ყველას გვიჩვენა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატსა და შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა მედია... აირჩევს არა ვაშინგტონის ისტებლიშმენტი... აირჩევენ არა ლობისტები... არამედ აირჩევს ყველაზე გასაოცარი ძალა, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენობა: ეს ძალა ვართ „ჩვენ, ხალხი“ - ამერიკელი ხალხი“, - ასე მიმართა აიოვის შტატში მდებარე დმოინში შეკრებილ მხარდამჭერებს ტედ კრუზმა.
რაც შეეხება დემოკრატებს, ასევე აივოის შტატში შიდაპარტიული არჩევნების დათვლის შედეგებით, მცირე უპირატესობით ლიდერობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი: მას ხმების 49,9% ერგო, ხოლო მის მეტოქეს, სენატორ ბერნი სანდერს, - 49,6%.
„გმადლობ, აიოვა! მსურს იცოდეთ, რომ გავაკეთებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი: კვლავაც დავიცავ თქვენს ინტერესებს! კვლავაც ვიბრძოლებ თქვენთვის! ყოველთვის ვიმოქმედებ, რათა მივაღწიო, რომ ამერიკა იყოს ისეთი, როგორისაც მე მწამს: ქვეყანა, სადაც დაპირება ოცნებისა, რომელსაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის ვიცავთ, კი არ განელდება, არამედ შთაგონების წყარო იქნება მომავალი თაობებისათვის“, - ასე მიმართა თავის მხარდამჭერებს ჰილარი კლინტონმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბრის კენჭისყრამდე, რომელიც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ვინაობას გაარკვევს, აგერ, ცხრა თვეზე მეტი რჩება, საარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაში შევიდა: პრეზიდენტობის რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებად დასახელების მსურველები ჯერ ნომინირებისათვის იბრძვიან, რათა შემდეგ უკვე პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჩაებან.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ბარაკ ობამა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს 2008 წელს, შემდეგ კი, განმეორებით, - 2012-ში, შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესაბამისად, უნდა გადადგეს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ.
ახლა კი, თებერვლიდან ივნისამდე, შეერთებული შტატების ყველა შტატში ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების ვინაობის დასადგენად.
აიოვამ ყველას გვიჩვენა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატსა და შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა მედია... აირჩევს არა ვაშინგტონის ისტებლიშმენტი... აირჩევენ არა ლობისტები... არამედ აირჩევს ყველაზე გასაოცარი ძალა, რომელსაც ემყარება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენობა: ეს ძალა ვართ „ჩვენ, ხალხი“ - ამერიკელი ხალხი...ტედ კრუზი
ასეთ შიდაპარტიულ არჩევნებს უმეტეს შემთხვევაში პრაიმერებს უწოდებენ, თუმცა ამ ტერმინს არ ხმარობენ ყველა შიდაპარტიული არჩევნებისას. შტატების უმრავლესობაში პრაიმერის დროს მოქალაქეები საარჩევნო ბიულეტენებს იყენებენ სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად, მაგრამ ზოგ შტატში, მათ შორის, აიოვაში, იმართება არა პრაიმერი, არამედ კოკუსი, რაც გულისხმობს, ფაქტობრივად, პარტიულ შეკრებას საკითხის განსახილველად და კანდიდატის დასასახელებლად. აიოვაში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს ახლა მოჰყვება პრაიმერები ნიუ ჰემპშირში (9 თებერვალს), სამხრეთ კაროლინაში (20 თებერვალს), ნევადაში ((23 თებერვალს) და შიდაპარტიული არჩევნები დანარჩენ შტატებშიც.
ხოლო მას შემდეგ, რაც პარტია თავის კანდიდატს დაასახელებს, დაახლოებით, სამი თვე დარჩება შეერთებულ შტატებში არჩევნების დღემდე, წელს 8 ნოემბრამდე.
2017 წლის 20 იანვარს ბარაკ ობამა ოფიციალურად დატოვებს თავის პოსტს. დაიწყება შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის მმართველობის ოთხწლიანი ვადა.