სავჩენკოს განთავისუფლების საერთაშორისო პეტიცია უწყვეტი შიდა პროტესტის ფონზე

ნადია სავჩენკო

უკვე 270-ზე მეტმა მოღვაწემ მოაწერა ხელი უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს, განთავისუფლების მოთხოვნას, რომლის ადრესატებიც ევროკავშირის ლიდერები არიან. საყოველთაოდ ცნობილი ადამიანები - ნობელის პრემიის ლაურეატები, მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები - მოუწოდებენ ევროპელ ლიდერებს „საგანგებო ზომებს მიმართონ უკრაინის მოქალაქის, 34 წლის ნადია სავჩენკოს, დაუყოვნებლად განთავისუფლებისათვის“.

ღია წერილის ინიციატივა ეკუთვნით პოლონელ და უკრაინელ ინტელექტუალებს, რომელთა მიმართვამ ერთ დღეში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. „ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი უნარი გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე საერთაშორისო დიპლომატიის ეფექტიანობისა და ევროპული იდეალებისადმი ჩვენი ერთგულების გამოცდა იქნება“, - აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ნობელის პრემიის ლაურეატები ბელორუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და ავსტრიელი ელფრიდა ელინეკი, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მარკუს მერკელი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარი გი ვერხოფსტადტი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, მიხაილ ეპშტეინი და სხვები. ხელმოწერების ფონია საპროტესტო აქცია კიევში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობის წინ, სადაც საკუთარი აზრის გამოსახატავად 6 მარტს მრავალი მოქალაქე მივიდა.

„აქ მოვედით, რომ სიტყვით დავუჭიროთ მხარი ნადია სავჩენკოს განთავისუფლებას, მეტი არაფერი. მეეჭვება, ეს მას დაეხმაროს“, განუცხადა „როიტერსს“ აქციაზე მისულმა ახალგაზრდა კაცმა, სახელად პავლომ.

კიევში რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეიმყოფებოდა ნადია სავჩენკოს და, ვერა სავჩენკო, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი დის ბედს გადაწყვეტს ის, თუ რამდენად ერთიანი პოზიცია ექნებათ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ:

„ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ერთ ხმაში უნდა საუბრობდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. არ ვიცი, ეს იქნება ეკონომიკური ზეწოლა, პოლიტიკური ზეწოლა თუ, უბრალოდ, სიტყვები. ჩვენ უკვე გვქონდა საშუალება დაგვენახა, რომ რუსეთს ესმის მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლისა და ძალის ენაზე ლაპარაკი, მაგრამ ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ ნადია სავჩენკოს ბედზე რუსეთთან საუბარი. ეს მათი საქმეა“.

ასეულობით დემონსტრანტი მონაწილეობდა კიევში რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაში, სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნით. მათ კვერცხები და ქვები დაუშინეს შენობას, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, დააზიანეს ავტომანქანები და დაწვეს რუსეთის დროშა. მოგვიანებით საპასუხო აქცია მოსკოვში, უკრაინის საელჩოს შენობის წინ, რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტებმაც ჩაატარეს.

უკრაინელი სამხედრო მფრინავი, უკრაინის ვერხოვნა რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ოცი თვეა რუსეთის ფედერაციის ციხეში იმყოფება, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით. ბრალდების მხარე უკრაინელი მფრინავი ქალის23 წლით პატიმრობას მოითხოვს.

3 მარტის სასამართლოს სხდომის შემდეგ სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო.