ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ საქართველო, გასული სამი წლის მსგავსად, მეორე კალათაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს. ამ ანგარიშში შევიდა ტრეფიკინგის შემთხვევები არა მარტო ადამიანებით უკანონო ვაჭრობის, არამედ შრომითი ტრეფიკინგის კუთხითაც. რეკომენდაციის ნაწილში აღნიშნულია, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ქვეყანას სჭირდება ინსპექტორების გადამზადება და შესაბამისი სამსახურის შექმნა. გიორგი გოგუა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის, როგორც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ფორმის, შესახებ - ესაუბრა იმაზე, თუ რა კეთდება და რა გაკეთდა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო.
რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება განვიხილოთ შრომითი ექსპლუატაცია როგორც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ფორმა?
გოჩა ალექსანდრია: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, შრომითი ექსპლუატაცია არის პროცესი, როდესაც ადამიანებს ამუშავებენ ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუსაბამო პირობებში. პირველ რიგში, აქ იგულისხმება სამუშაო დრო და ანაზღაურება. აქვე შემოდის ელემენტები, როგორიც არის: ყოველდღიური დასვენების დრო სამუშაო პერიოდში, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება და შრომის უსაფრთხო და ღირსეული პირობები. ეს არის ის საკითხები, რომელთა დაუცველობა წარმოშობს შრომითი ექსპლუატაციის პირობებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს პირობები უხეშად ირღვევა, ეს იძულებითი შრომის მდგომარეობას უახლოვდება და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის პრობლემა ხდება.
რადიო თავისუფლება: ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა გადაამზადოს, გაწვრთნას პერსონალი, ჰქონდეს ინსტიტუცია, რომ გამოიძიოს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტები ქვეყანაში. არის თუ არა ჩვენთან აქტუალური ეს პრობლემა?
გოჩა ალექსანდრია: ტრეფიკინგი არის მოვლენა, რომელსაც რამდენიმე წინაპირობა უნდა ახლდეს, რომ ფაქტად დაფიქსირდეს. ერთი წინაპირობა ადამიანის იძულებაა, იმუშაოს არასასურველ ადგილას იმდენ ხანს, რამდენიც მას არ სურს. მეორე კი ისაა, რომ მას ან საერთოდ არ უნდა უხდიდნენ თანხას, ან უხდიდნენ იმაზე ბევრად ნაკლებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ამ საკითხში მომზადებული, განათლებული ექსპერტები, სპეციალისტები - შრომის ინსპექტორები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ცოდნა, როგორ შეაფასონ, რამდენად არის ადამიანის მდგომარეობა ტრეფიკინგთან მიახლოებულ ან იძულებითი შრომის პირობებში. გამომძიებელს ამის დადგენა გაუჭირდება. მან შეიძლება დაადგინოს იძულების მომენტი, როდესაც ვიღაც მისცემს ჩვენებას, მაიძულესო - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ რამდენად არის მეორე ელემენტი - უხდიან თუ არა ადამიანს შესაბამის ანაზღაურებას, სამუშაო დრო კანონმდებლობასთან შესაბამისი თუა, - ეს ყველაფერი გამოძიებისთვის არაპროფილურია, მათი სფერო არაა. ამიტომაც შრომის ინსპექტორს შეუძლია ყველაზე კარგად შეაფასოს შრომითი ურთიერთობის ასპექტები და დაასკვნას, არის იძულებითი შრომის ან ტრეფიკინგის მსგავსი შემთხვევა თუ არა. ფაქტის აღმოჩენა პოლიციასაც შეუძლია, მაგრამ იდენტიფიცირება შრომითი ურთიერთობების სფეროს სპეციალისტის საქმეა.
რადიო თავისუფლება: რას აკეთებს დეპარტამენტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა? რამდენად უახლოვდება ის იმას, რაც შრომის ინსპექცია უნდა იყოს?
გოჩა ალექსანდრია: უახლოვდება, მაგრამ ძალიან ნელა. ესეც არ არის განპირობებული ხელისუფლების მოტივაციით, ეს სფერო მოაწესრიგოს, შექმნას შრომის ბაზრის სრულყოფილი ინსტიტუტები. ეს ისევ და ისევ სამოქალაქო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, პროფესიული კავშირების, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ისა და ევროკავშირის კომბინირებული ზეწოლის შედეგია. თან, მიუხედავად ამ წნეხისა, ეს ნაბიჯები მაინც ძალიან ნელია და მუხრუჭდება სხვადასხვა მოთამაშის მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტრეფიკინგის, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის საკითხების მოსაგვარებლად დამატებითი ინსტიტუციის შექმნა ეკონომიკის შეფერხება იქნებოდა, ინვესტორებისთვის - ცუდი სიგნალი და რომ ამას არსებული ინსტიტუტებიც მოერევიან, მაგალითად, გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრო... მაგრამ გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ისინი ამ საკითხს ვერ ერევიან და კონკრეტულად ვერ განსაზღვრავენ, რა არის შრომითი ტრეფიკინგი.
რადიო თავისუფლება: რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციები შესრულდეს ან ქვეყანა მინიმალურ სტანდარტებს მაინც მიუახლოვდეს, რაც ამ ანგარიშის მიხედვით დღეს ასე არ არის?
გოჩა ალექსანდრია: ის ინსტიტუციური განვითარება, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ნამდვილად არის პროგრესი და ამან შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, როდესაც ასეთი პრობლემები და შეფასებები ან არ იქნება, ან მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ არსებული ინსტიტუტები - პირველ რიგში კი, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი - რეალურ სტრუქტურად, რეალურ ორგანოდ ჩამოყალიბდეს. მათ უკვე ჰყავთ 25 ინსპექტორი, რომლებიც ნომინალურად ინსპექტორები კი არიან, მაგრამ ჯერ ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვთ. მათი გადამზადება მიმდინარეობს. მათ საშუალება უნდა მიეცეთ, რომ თავიანთი უნარები უფლებამოსილებებსა და მოვალეობებში ასახონ. ვგულისხმობ საკანონმდებლო განვითარებასაც. დღეს არსებობს ამ დეპარტამენტის დებულება, მაგრამ ის გაჯერებულია დათქმებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთ კანონში ცვლილება შევა...
რადიო თავისუფლება: რომელია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები?
გოჩა ალექსანდრია: პირველ რიგში, წარმოუდგენელია შრომის ინსპექტორი საწარმოში, ორგანიზაციაში, ფირმაში შესვლის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში შესაბამისი მიწერილობის გაცემის უფლებების გარეშე. ასევე, თუ საჭირო გახდა, სანქცირების უფლების გამოყენების გარეშე. შრომის ინსპექცია, საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, მონიტორინგს ორი მიმართულებით უნდა ახორციელებდეს: პირველი, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და, მეორე, შრომის ფუნდამენტური უფლებების გაკონტროლების მიმართულებით. ჩვენთან ბიზნესი და მთავრობა სრულიად უსაგნოდ და უსაფუძვლოდაა შეშფოთებული იმით, რომ შეიძლება შრომის ინსპექციამ შრომის საბაზისო უფლებები შეამოწმოს. არადა, შრომის ძირითადი უფლებების დაუცველობაა ის ძირითადი ფაქტორი, რაც შემდგომში შრომის ექსპლუატაციას, იძულებით შრომას ან ტრეფიკინგს წარმოშობს.