დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საპენსიო ცვლილებები ამოქმედდა. უკვე მიმდინარე თვიდან ასაკობრივი პენსიონერები, ადრე არსებული 160 ლარის ნაცვლად, 180 ლარს მიიღებენ. ანალოგიურად, 20 ლარით გაიზარდა და იმავე ოდენობის თანხას მიიღებს სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილი.
„პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს (მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას) და ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება. სულ, ეს ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს“, განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 30 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი პენსია 65 %-ით გაიზარდა.
პენსიის გაზრდას მიესალმებიან, თუმცა ამ შემთხვევაში 20 ლარს უმნიშვნელო დანამატად მიიჩნევენ თავად პენსიონერები, მით უფრო იმ ფონზე, როცა ლარის არასტაბილური კურსის გამო სურსათის ფასებიც დროდადრო იმატებს.
ზუგდიდელი როინ ორჟონიას განცხადებით, მნიშვნელოვნად მხოლოდ მთავრობის წევრთა დანამატები იზრდება და არა პენსია:
„სირცხვილია, თვითონ ამდენი ათასი პრემია და დანამატი რომ აქვთ. პრემია არაო, დანამატიაო ახლა. სულ ერთია, ფული ხომ მიაქვთ მაინც. რაში გვყოფნის პენსია, არაფერში, პურს და შაქარს თუ ჰყოფნის და მეტი არაფერი“.
ასევე ფიქრობენ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პენსია საჭირო მედიკამენტებისთვისაც კი არ ჰყოფნით. ნაწილი თვლის, რომ თავად სახელმწიფოს აქვს მწირი ბიუჯეტი და ამიტომ „თვითონაც უნდა გაიჭირვონ”:
„თუ ფასი დააკლდა სხვა რამესაც, კარგია, თუ არადა, რას გვეყოფა, 20 ლარი რა არის“;
„რას ეყოფა ადამიანს 20 ლარის დამატება, როცა 100 ლარის წამალი არ მყოფნის. მერე საჭმელს არ იტყვი? ან გასათბობს არ იტყვი?“
„წამლის მეტს ვერაფერს ვყიდულობ და მეტი არაფერი გვინდა?“
„უკეთესი იქნება, თუ მოემატება, მაგრამ ქვეყანას უჭირს და ჩვენც უნდა გავიჭირვოთ, რა ვქნათ, აბა!“
„77 ლარი მივეცი რაღაც სამ თავ წამალს, რას მყოფნის ეს პენსია?! 20 ლარით კიდევ ერთ ტაბლეტს დავამატებ და ვიყიდი“;
„მომატებულიც არ გვყოფნის, მაგრამ თუ მოუმატებენ, კარგი იქნება“, - აცხადებენ რესპონდენტები.
საპენსიო ცვლილებების დოკუმენტი მთავრობის წევრებმა გასული წლის დეკემბერში მოამზადეს და დღეიდან შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პენსიონერთა პენსია სხვებზე მეტად გაიზრდება და 216 ლარი იქნება.