მეორე დღეა, შავ ზღვაში გრძელდება სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების, იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ძებნა.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მებრძოლ-მყვინთავთა კურსის მონაწილე სამხედროებმა, რომლებიც გონიოში, საზღვაო სპეცდანიშნულების გეგმიურ სწავლებაში მონაწილეობდნენ, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ ვეღარ შეძლეს ზედაპირზე ამოსვლა. სამაშველო-სამძებრო ოპერაციას ატარებენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების და შსს-ს დანაყოფები. ოპერაციაში მონაწილეობენ ამერიკელი სამხედროებიც. საქართველოს მთავრობის თხოვნით, აშშ-ის მთავრობამ ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მონაწილეობა მიიღონ ორი ქართველი სამხედროს ძებნაში.
გონიოში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად ოპერაციის ადგილას მივიდა და დაკარგული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს გაესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.