სამცხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

10 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამცხე-ჯავახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ბორჯომსა და ადიგენში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობენ. წყალდიდობის გამო ბორჯომში, დაბა ახალდაბასთან, გზის ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა და მოძრაობა 2 საათზე მეტხანს შეჩერდა. ასობით მანქანა გზის გაწმენდას ელოდებოდა. ახალდაბის ხიდთან და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა და ხეებმა მოსახლეობას სათავსოები, სადურგლო საამქროები და მაღაზია დაუზიანა.

Your browser doesn’t support HTML5

სამცხეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ადიგენის რაიონშიც. განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი ვარხანი, რომელიც ძლიერი წვიმისგან დაიტბორა. მდინარის წყალი ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებსა და საქონლის სადგომებში შეუვარდა. დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა გზები და ხიდები. დაიტბორა ნათესები.

ვარხნის გარდა, წყალდიდობამ დააზარალა სოფლები: აბასთუმანი, ბენარა, არალი და უნწა. მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე მუშაობდა. ადიგენის მუნიციპალიტეტთან ერთად დაზარალებულების დახმარებას ახალციხის გამგეობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტიც ცდილობდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ვითარება მძიმეა.

სამცხეში უხვი ნალექით გამოწვეულ ზარალს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვიდრე კომისია ორივე მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს დაადგენს, მანამდე ადგილობრივებს საკუთარი ძალებით უწევთ შექმნილ ვითარებასთან გამკლავება.