სახელმწიფო C ჰეპატიტის წინააღმდეგ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამა. 21 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროგრამის მეორე ეტაპზეც, რომელიც 2016 წლიდან უნდა დაიწყოს. რა შედეგით დასრულდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი და რას ფიქრობენ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ბენეფიციარები?

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 6 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროგრამის ხელმძღვანელი მაკა გოგია ამბობს, ბოლო კვლევის მიხედვით, დაინფიცირებული საქართველოს მოსახლეობის 7.1 პროცენტი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული:

„ეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია და თუ ისინი მკურნალობის პროგრამაში არ ჩაერთვებიან და ეპიდებია არ შეჩერდება, ის უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თქვა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2016 წელს მეორე ეტაპზე გადავა და სახელმწიფო 20 000 პაციენტს უმკურნალებს:

„ქვეყანაში თებერვლის პირველ რიცხვებში გამოჩნდება უნიკალური პრეპარატი „ჰარვონი“, რომლის მოქმედებაც უფრო ძლიერია, ვიდრე იმ პრეპარატისა, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით“.

ორ თვეზე მეტია, მკურნალობა დავამთავრე და დაახლოებით სამი კვირის შემდეგ უნდა ჩავიტარო ბოლო ტესტირება, რომ ვნახო, ვირუსი ხომ არ შემობრუნდა...
ლაშა აბესაძე

C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია. ის შეიძლება გაგრძელდეს ცოტა ხანს, თუმცა ასევე შესაძლებელია ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰაყვეს.

ლაშა აბესაძე ერთ-ერთია, რომელმაც ხუთი თვის წინ ვირუსისგან გასათავისუფლებლად ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა და, როგორც ამბობს, დღეს მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:

„ორ თვეზე მეტია, მკურნალობა დავამთავრე და დაახლოებით სამი კვირის შემდეგ უნდა ჩავიტარო ბოლო ტესტირება, რომ ვნახო, ვირუსი ხომ არ შემობრუნდა“.

სამოქალაქო აქტივისტი პაატა საბელაშვილი წევრია კომისიისა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ზედამხედველობს. როგორც ამბობს, ის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც თავი შეიკავა პროგრამისთვის მხარი დაეჭირა. მისი აზრით, თუ ეს ელიმინაციის პროგრამაა, მაშინ სახელმწიფომ გვერდითი ეფექტების მკურნალობაც უნდა დააფინანსოს. პაატა საბელაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს:

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალიზებულია, ხოლო პაციენტების ძირითადი ნაწილი ნარკოტიკის ინტრავენული მომხმარებელია, მაშინ როგორ ვაპირებთ მათ გამოვლენას და მკურნალობას?“

პაატა საბელაშვილი აღნიშნავს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და მის გარეშე პაციენტებს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება გაუჭირდებოდათ, თუმცა სახელმწიფომ ამ სერვისის დახვეწაზე უნდა იმუშაოს.