სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საგზაო მოძრაობა საშიშია

ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში უფრო და უფრო იზრდება, იზრდება ავტოავარიების გამო დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

2015 წელს საქართველოში 6 500-მდე ავტოსაგზაო შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს, დაახლოებით, ხუთასით მეტია, ვიდრე იყო 2014-ში. ავტოავარიების შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა ათი ათასამდე. დაღუპულებს შორის 28 ბავშვია. ეკა ლალიაშვილი, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებს:

„არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და ქვეითების არასწორი ქცევა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლიდან მოყოლებული, გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე მძღოლებს და ქვეითებს, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები უნდა გამკაცრდეს:

„2012 წელს, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ გაანახევრა ჯარიმები ისეთ დარღევებზე, როგორიც იყო სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, შუქნიშანზე წითელზე გავლა და ა.შ. ამ ჯარიმების განახევრება და ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა ძალიან თანმიმდევრული იყო, იმიტომ რომ, როგორც გამოდის, ეს იყო მთავრობის მხრიდან ერთგვარი გზავნილი, რომ ამ დარღვევებს სერიოზულად არ უყურებენ“.

დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა იმ ფონზე, როდესაც გაერომ მიზნად ამ ციფრის შემცირება დაისახა, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ის ლაპარაკობს სხვა პრობლემებზეც: ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, ცუდი ინფრასტრუქტურა, მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი არანაკლები მიზეზიაო, ამბობს.

ამასვე ფიქრობს ორგანიზაციის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა. მისი თქმით, უსაფრთხო ტრანსპორტის ქონა საკმაოდ მრავალმრივ სამუშაო თემაა:

„გამართული და უსაფრთხო ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელია იმავე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება. ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ამ სფეროში იყოს კონკრეტული გეგმა და მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ როგორც სახელმწიფომ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა“.

იმაზე, რომ პრობლემა მრავალმხრივია, საგზაო უსაფრთხოების სამივე სპეციალისტი - გელა კვაშილავაც, დავით მესხიშვილიცა და ეკა ლალიაშვილიც - თანხმდება, თუმცა, სამივეს აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამ საკითხის მოგვარება რამდენიმე სახელმწიფო უწყებაზეა გადანაწილებული:

„ეს ნორმალურია, მაგრამ, ამავდროულად, თუ ჩვენ ვიმსჯელებთ და იმ წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას გავიზიარებთ, რომლებმაც შეამცირეს საგზაო შემთხვევების რაოდენობა, ყველგან არის მაკოორდინირებელი უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში საგზაო შემთხვევების შემცირებაზე“, - ამბოს ეკა ლალიაშვილი.

ამ თემის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გრძელვადიანი გეგმა გზებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად, რაც მოიცავს საკანონმდებლო ბაზის, ავტოპარკისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.