საქართველო ახალი რეალობის წინაშე

ირაკლი ალასანია

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლება და მოვლენები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა - ეს იყო კვირის მთავარი თემა. რამდენიმე დღეში საქართველო შეცვლილი პოლიტიკური სპექტრის, ახალი რეალობისა და ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, საღამოს, გაათავისუფლა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში ჭეშმარიტების დადგენას ეწინააღმდეგებოდა და საკითხის პოლიტიზებას ცდილობდა.

კერძოდ, იმავე 4 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მისამართით ახალი ბრალდება გაახმაურა. საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეთა კვების სფეროში არსებულ სავარაუდო დარღვევებს. პროკურორის ეს ნაბიჯი ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა:

„ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან. და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე, ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, რომ შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე“.

ჩვენ აქ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ. მე დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა...
ირაკლი ალასანია

ალასანიას კვალდაკვალ გადადგა სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, მეორე დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილე დავით ზალკანიანი. საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ასევე პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“. საზოგადოება ინტერესით ელოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ის თანამდებობაზე დარჩა და ახალ ოპოზიციას არ შეერთებია.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 5 ნოემბერს დაინიშნა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომა თხუთმეტი წუთის დაწყებულიც არ იყო, როდესაც კოალიციის ოფისის შენობა ირაკლი ალასანიამ დატოვა.

„ჩვენ აქ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ. მე დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება „თვისუფალ დემოკრატებს“ მისცემს შანსს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა“.

„ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრება გასაკვირი არ არის:

„საზოგადოებაში ეს კითხვები არ ჩნდება და რადგანაც თქვენ, ჟურნალისტებს, გიჩნდებათ, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფელთვის დარჩება იმ ადამიანად, ვისი აზრიც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

რაც ალასანიამ გააკეთა, ჩემთვის პირადად ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია...
ირაკლი ღარიბაშვილი

მთელი კვირის განმავლობაში ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მუდმივად იმეორებდნენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და მას საფრთხე არ ემუქრება. პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა:

„თუ რაიმე საფრთხე და რაიმე პრობლემები შეექმნა ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით, იმიტომ რომ წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე“.

გაცილებით მკვეთრი იყო პრემიერ-მინისტრი. 6 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური, მოღალატე და ნაციონალების ლობირებაში შემჩნეული უწოდა:

„რაც ალასანიამ გააკეთა, ჩემთვის პირადად ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია და ამ აბსურდულ წინააღმდეგობებსაც მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნაციონალებს ლობირებდა, სწორედ ალასანია იყო“.

კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნეს საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის პროცესის თაობაზე...
გიორგი მარგველაშვილი

ღარიბაშვილის თვალში ასევე უპასუხისმგებლოდ მოიქცა საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც, რომელმაც, ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ღარიბაშვილის თქმით, ის ეცადა ყველა მოადგილე თან გაეყოლებინა, რაც არ გამოუვიდა.

რაც შეეხება ალასანიას შემცვლელს, ირაკლი ღარიბაშვილმა მის პოსტზე თავისი ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძე წარადგინა. ვინ დაიკავებს დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს:

„კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნეს საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის პროცესის თაობაზე. ამ საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე ვთხოვ პარლამენტს, რომ პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისა და საქართველოს მოსახლეობისადმი“.

კვირის განმავლობაში მწვავე საკითხად რჩებოდა, დაკარგავდა თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი საფრთხე არ იკვეთება, რადგან 7 ნოემბერს გაირკვა, რომ 12 დამოუკიდებელი დეპუტატი კოალიციაში შესვლას აპირებს.

8 ნოემბერს კი გაიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა, რომელზეც ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარეთ აირჩიეს. დემოკრატების წევრი გახდა მაია ფანჯიკიძეც.

გამოკვლევის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაა, რომელიც წამების კონკრეტულ ფაქტებზე საჩივრებს განიხილავს და ამ საქმეებს გამოიძიებს. რომ წარმოვიდგინოთ, ეს უნდა იყოს პატარა პროკურატურის მსგავსი ინსტიტუტი...
გიორგი ბურჯანაძე

რაც შეეხება კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, 4 ნოემბერს ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ და ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამართეს პრეზენტაცია ანალიტიკური გამოკვლევისა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003 წლიდან 2013 წლამდე არსებული ვითარების ანალიზს მოიცავს. უფლებადამცველებმა 1200 მსჯავრდებული, მათგან 600 ყოფილი პატიმარი, გამოკითხეს. გამოკითხულთა 74%, აცხადებს, რომ ციხეებში პატიმართა წამების შესახებ დანამდვილებით იცოდნენ მათ გამჟღავნებამდე. 51%, აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ყოველდღე ხდებოდა, სისტემატიურად, ხოლო ამჟამინდელი პატიმრების 76% აღნიშნავს, რომ საპატიმროებში ყოველდღიურად აწამებდნენ ადამიანებს. გამოკითხულთა 75,4% აცხადებს, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო რესპონდენტთა 84,2% ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნიც იყვნენ.

როგორც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, ამ კვლევამ რამდენიმე აუცილებელი ცვლილების საჭიროება გამოკვეთა:

„გამოკვლევის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაა, რომელიც წამების კონკრეტულ ფაქტებზე საჩივრებს განიხილავს და ამ საქმეებს გამოიძიებს. რომ წარმოვიდგინოთ, ეს უნდა იყოს პატარა პროკურატურის მსგავსი ინსტიტუტი, რომელზე გავლენასაც ვერავინ მოახდენს, ის თავად გამოიძიებს კონკრეტულ ფაქტებს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს“.

2015 წლის პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება. იზრდება ასევე პედაგოგთა ხელფასები, რომელთა მატებაც 50 ლარიდან 200 ლარამდე განისაზღვრება.

პედაგოგები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აქციების მოწყობითაც იმუქრებიან. პედაგოგის საშუალო ხელფასი დღეს 300-330 ლარს შეადგენს. პედაგოგთა პროფკავშირი ითხოვს, რომ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლოესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს - 700-800 ლარს.