ვადა ამოიწურა, შედეგები უცნობია

დღეს, 15 აპრილს, ამოიწურა ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარდგენილი ცვლილებების იმ პაკეტის განხილვის ვადა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. სამუშაო ფორმატში ინტერპარტიულმა ჯგუფმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრაქტიკულად ერთი შეხვედრა გამართა. რამდენად შედეგიანი გამოდგა პროცესი, სავარაუდოდ, 16 აპრილს გაირკვევა.

ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარდგენილი ოთხპუნქტიანი პაკეტი, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის თანახმად, შესაძლოა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე მსჯელობის საგანი გახდეს. პაკეტში შემავალი საკითხებია საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა, შემცირება ბარიერებისა როგორც პარლამენტში შესასვლელად, ისე კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მისაღებად და უფასო სარეკლამო დრო, ანუ საარჩევნო სუბიექტებს შორის სარეკლამო საეთერო დროის თანაბრად განაწილება. სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ ამ საკითხებზე მამუკა კაციტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს 14 აპრილს ესაუბრა:

“გუშინ, გვიან ღამით, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა მე პრემიერ კვირიკაშვილთან და მთავრობის საპარლამენტო მდივანთან შალვა თადუმაძესთან. დამირეკეს, მთხოვეს, რომ მივსულიყავი. ბუნებრივია, მე მივიღე ეს მიპატიჟება. ვიმსჯელეთ ოთხივე საკითხთან დაკავშირებით. ამ მსჯელობის შედეგად გამოირკვა და გაირკვა და დადგინდა ამ ფორმატში, ანუ ჩვენ სამის შეხვედრაში, რომ მეორე, მესამე და მეოთხე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ეს შეთანხმება საბოლოოდ უნდა, ასე ვთქვათ, გაირკვეს, შეთანხმდეს და ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან“.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავს, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრაზე განიხილება სისტემის საკითხზე ინტერპარტიული საარჩევნო ჯგუფის მიერ შეთავაზებული სამი ალტერნატიული წინადადებაც. მათში პირველია მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმება და სამხარეო-პროპორციული სისტემის შემოღება, მეორეა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პოლონური მოდელი, ანუ მანდატების განაწილების ალტერნატიული წესი, და მესამე - დისბალანსის დაშვება მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის.

მამუკა კაციტაძე ამბობს,რომ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო სისტემის მოდიფიცირების საკითხს შეეხო, საკმაოდ მძიმედ წარიმართა, თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დეტალები და შედეგები 13 სუბიექტისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს 15 აპრილს საგანგებო შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“ ზურაბ ხარატიშვილიც, რომელიც ეგრეთ წოდებული წინასწარ შეთავაზებათა პაკეტის წარდგენის დაგვიანებას ხელისუფლების მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკის ნაწილად მიიჩნევს. იგი ფიქრობს,რომ ამით ხელისუფლება ოპოზიციისა და საარჩევნო გარემოსადმი არცთუ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ავლენს:

“აქამდე იყო მხოლოდ ერთი შეხვედრა, რომელზეც გადავეცით ჩვენი წინადადებები და დავუზუსტეთ რა იგულისხმებოდა და უფრო დეტალურად განვუმარტეთ. და ამდენი ხანი, ასე ვთქვათ, ერთი თვის თავზე, ანუ იმ ვადაში, როცა ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, პირველი წინასწარი რაღაცა წინადადების პაკეტი შემოგვთავაზეს, რომელსაც ხვალ საბოლოო სახეს მისცემენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, როგორც მე მესმის“.

პროცესები კი, გეგმის თანახმად, შემდეგი სცენარით განვითარდება: „ქართულ ოცნებასა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის შეთანხმებულ საკითხებზე გაფორმდება დოკუმენტი და ამ დოკუმენტის მიხედვით „ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში მის ასახვას უზრუნველყოფს.

შეძლებენ თუ არა შეთანხმებას მხარეები რაიმე საკითხზე, უახლოეს მომავალში გაირკვევა. თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი შენიშნავს იმასაც, რომ 2016 წლის არჩევნების წინ ჯერჯერობით არ შექმნილა პლატფორმა, ფორმატი, რომლის მეშვეობითაც, პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხებზე არსებითი მსჯელობა გაიმართებოდა. ირმა პავლიაშვილის თანახმად, ინტერპარტიული ფორმატი, არსებული ფორმით, ფართო წარმომადგენლობითობის საშუალებას არ იძლევა:

“წინა პერიოდის მაგალითები ავიღოთ, როდესაც ინტერფრაქციული ფორმატი იყო შექმნილი, სადაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, საპარლამენტო პარტიები და არასაპარლამენტო პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ისხდნენ და მსჯელობდნენ ამა თუ იმ საკითხებზე და, შესაბამისად, ამ შეთანხების თუ არშეთანხმების ფორმატის შემდგომ უკვე მოდიოდა ის დრო, როდესაც საპარლამენტო განხილვები იწყებოდა ამა თუ იმ საკითხზე, ინიცირება ხდებოდა რეგულაციების. საარჩევნო კანონმდებლობაში კიდევ დარჩენილია ხარვეზები და ჩვენ თუ გვინდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მივიღოთ თანასწორი საარჩევნო გარემო, ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს“.

ძირეული ცვლილებები კი, რომლებიც არსებითად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, ახალგაზრდა იურისტთა შეფასებით, არ განხორციელებულა და, შესაბამისად, მოგვარებას საჭიროებს ისეთი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედიარეგულაციებისა და საარჩევნო დავების კუთხით არსებული მთელი რიგი პრობლემები.