Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი სადავოა


არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებები სამართლებრივად გაუმართავია, და პრემიერ-მინისტრს ურჩევენ მათ კონტრასიგნაციაზე უარი თქვას.

სამოქალაქო სექტორის აზრით, პრეზიდენტის განკარგულებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან. კერძოდ, განკარგულებების თანახმად, არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დასახელდა, სამართლებრივი აქტების ამოქმედების ვადად კი - 8 აგვისტო. რა განაპირობებს საარჩევნო კამპანიის დაწყების ბუნდოვანებას და ვინ როგორ კითხულობს კანონს?

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, განკარგულებები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილისთვის სამართლებრივად გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ მის მიერ გამოცემული განკარგულება არა პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის შემდეგ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე, არამედ 8 აგვისტოს, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, უნდა ამოქმედდეს. პრეზიდენტმა ბუნდოვანების გაფანტვა თავადვე სცადა იმის განმარტებით, თუ რატომ გაჩნდა ორი თარიღი მის განკარგულებებში;

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

“8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, და ამისი შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, აქედან გამომდინარეობს, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე? იმიტომ რომ მინდოდა და მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხანგრძლივი - კერძოდ, 6-თვიანი - და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ, მაგრამ ის პრეზიდენტის განმარტების შემდეგაც ამტკიცებს, რომ გაურკვევლობა მაშინ, როდესაც ზოგიერთი პარტია უკვე აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, დააზარალებს საარჩევნო გარემოს:

“სამართლებრივი თვალსაზრისით, სიტუაცია არის მარტივი და ცალსახა. იმ წუთიდან, რა წუთიდანაც პრეზიდენტის განკარგულება არის გამოქვეყნებული, მოქმედებს რეგულაციები, რომლებიც აწესებს თამაშის წესებს პოლიტიკური აქტორებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი წინასაარჩევნო გარემოში. შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს პერიოდი, როდესაც ეს რეგულაციები არ მოქმედებს, თამაშის წესები არ არის დაწესებული, ეს წინასაარჩევნო გარემოზე დადებითად ვერ იქონიებს გავლენას“.

რაც შეეხება საკანონმდებლო ნორმებს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკავშირდება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს. ანუ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია და ამოქმედება მასთან დაკავშირებული წესებისა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის განკარგულებებმა ერთგვარად კურიოზული მდგომარეობა შექმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძისთვის გასაგებია პრეზიდენტის კეთილი ზრახვები, მათ შორის, ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სათანადოდ არ იყო გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ცნობით, იგი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან იყო შეთანხმებული:

“გამოდის, რომ არ იყო საკმარისად გაანალიზებული და სათანადოდ გააზრებული, ზუსტად რას ითვალისწინებს და რას იწვევს პრეზიდენტის მიერ მსგავსი აქტის გამოცემა და სწორედ ამან გამოიწვია, ალბათ, გარკვეული გაუგებრობები. შეიძლება ეს, კი ბატონო, მთავრობასთან და პრემიერთან კონსულტაციის შედეგადაც ყოფილიყო, მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც კაზუსური სიტუაცია ავირიდოთ, რაშიც, გამოდის რომ, ჩავვარდით, ალბათ, გარკვეულ გამოსავლებზე მსჯელობა საჭიროა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვართ თუ არა წინასაარჩევნო ოფიციალურ პერიოდში, რაც განსაზღვრავს გარკვეულ რეგულაციებს“.

თუ, ვთქვათ, პრეზიდენტი ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან ყველა ის შეზღუდვა, რაც ორგანული კანონით არის დაწესებული, ამოქმედდება...
ზაქარია ქუცნაშვილი

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში ერთი გამოსავალი იქნებოდა, პრემიერმა არ მოახდინოს პრეზიდენტის განკარგულებების კონტრასიგნაცია და მოტივირებული შენიშვნებით აქტები მას დაუბრუნოს უკან. მეორე ვარიანტია ხარვეზების გამოსასწორებლად აქტი თავად პრეზიდენტმავე გამოიწვიოს უკან. უმრავლესობის რიგებში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სრულიად ახალი განკარგულება გამოსცეს.

“თუ, ვთქვათ, პრეზიდენტი ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან ყველა ის შეზღუდვა, რაც ორგანული კანონით არის დაწესებული, ამოქმედდება. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსავალია ის, რომ გამოქვეყნების ახალი თარიღი დადგინდეს, რომელიც თანხვედრაში იქნება ამოქმედებასთან“, ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი.

პრეზიდენტის განკარგულებების კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს კანონით 10 დღის ვადა აქვს. ვადის ამოწურვამდე კვირაზე მეტია. გავრცელებული ცნობით, საკითხის თაობაზე მსჯელობა 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG