სააკაშვილი საველე ვითარებაში გადადის

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაწყვიტა კიევში, ვერხოვნა რადას წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში, დაიდოს ბინა, სადაც ოპოზიციის იმ ლიდერებთან სურს მოლაპარაკებების გამართვა, რომლებსაც ის თანამოაზრეებად მიაჩნია უკრაინისა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ წამოწყებულ უთანასწორო პოლიტიკურ ბრძოლაში.

„მსურს მოვუწოდო ოპოზიციის ლიდერებს - სადავოის, გრიცენკოსა და სხვებს - მოვიდნენ ჩვენთან, მოვიდნენ ჩემთან“, - საჯაროდ მოუწოდა სააკაშვილმა ლვოვის მერსა და პარტია „სამოპომოჩის“ ლიდერს, ანდრეი სადავოის, და „სამოქალაქო პოზიციის“ თავკაცს, ანატოლი გრიცენკოს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის დროს მწყობრიდან გამოჰყავდა თბილისის ცენტრში გაშლილ ოპოზიციის კარვებს, ასეთ რადიკალურ ნაბიჯამდე მიიყვანა უკრაინის გენერალური პროკურორისა და წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დაახლოებული იური ლუცენკოს მიერ 24 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებებმა. კიევში რეგიონალური განვითარების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ქვეყანაში გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა.

თუ უკრაინის გენერალურ პროკურორს დავუჯერებთ, სააკაშვილის მომხრე საქართველოს 20 მოქალაქე ოდესის ოლქის ადმინისტრაციის კუთვნილი ავტომობილებით გადაადგილდება მთელი უკრაინის მასშტაბით და ამზადებს გადატრიალებას.

სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა სააკაშვილს დევნილის სტატუსზე. ამიერიდან იგი აპატრიდია (მოქალაქეობის არმქონე პირია) ყველა იმ გარემოების გარეშე, რაც შეუძლებელს გახდიდა მის დეპორტაციას...
იური ლუცენკო

„სააკაშვილმა სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე და პასუხს მას სამართალდამცველები გასცემენ“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

უკრაინის გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილის მომხრე ოცი ქართველი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ან რას ნიშნავს „სამართალდამცველების პასუხი“, თუმცა აშკარაა, რომ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიმართ უკრაინაში სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამ ქვეყანაში სამი წლით აუკრძალა შესვლა საქართველოს პარლამენტის წევრ კობა ნაყოფიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება. უფრო ადრე კი უკრაინაში ცხოვრების უფლების მქონე სამი ქართველის უკანონო მოტაცებისა და დეპორტაციის საქმეზე სააკაშვილმა განცხადებით მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელიც არამცთუ სხვა არაკეთილსაიმედო საქართველოს მოქალაქეების, არამედ თავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირებასაც არ გამორიცხავს.

„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა სააკაშვილს დევნილის სტატუსზე. ამიერიდან იგი აპატრიდია (მოქალაქეობის არმქონე პირია) ყველა იმ გარემოების გარეშე, რაც შეუძლებელს გახდიდა მის დეპორტაციას“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

თითქოს ერთი გეგმის ნაწილი იყოს, უკრაინის გენერალური პროკურორის ამ განცხადების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვის სააპელაციო სასამართლომ სასწრაფოდ დაიწყო მიხეილ სააკაშვილის აპელაციის განხილვა, რაც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადალახვის გამო დაწესებული 3.4 ათასი გრივნის ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდას შეეხება.

მიხეილ სააკაშვილი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე უფრო მძიმე ვითარებაში იმყოფება. საქართველოში იგი ბრალდებულია, უკრაინის ხელისუფლება აპატრიდს უწოდებს და დეპორტაციით ემუქრება პოლიტიკოსს, რომელმაც საკუთარი მოქალაქეობაც კი დათმო იმისათვის, რომ რეალობად ექცია უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ იდეალები.