უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს იზოლატორიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მოსამართლემ, ლარისა ცოკოლმა, არ დააკმაყოფილა პროკურორების თხოვნა მისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.
სააკაშვილი: რა იქნება ახლა
- სააკაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული
- გათავისუფლების მიუხედავად, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძალაში რჩება
- უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ განიხილება მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული
სააკაშვილი უკრაინაში გადავიდა იქ მომხდარი სახალხო ამბოხების შემდეგ და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირობებში ის რეგიონის გუბერნატორად მსახურობდა 2015-2016 წლებში, თუმცა შემდეგ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის მწვავე დაპირისპირება გაჩნდა.
49 წლის სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მასობრივ კორუფციაში სდებს ბრალს. პროკურორებს მისი შინაპატიმრობაში დატოვება სურდათ მანამ, სანამ გამომძიებლები გამოიკვლევდნენ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, რომლებსაც თავად სააკაშვილი მიიჩნევს შეთითხნილად იმ მიზნით, რომ ძირი გამოეთხაროს მის პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს კიევში და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს, მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, რომელთა მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში, აფინანსებდა რუსეთში გაქცეულ ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს, ჯგუფი.
სააკაშვილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი, ასევე, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადის 10 დეპუტატი სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგა მიხეილ სააკაშვილს.
მოსამართლე ცოკოლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ყიჟინით შეხვდა სააკაშვილის ასეულობით მხარდამჭერი, რომლებიც რვასაათიანი პროცესის დროს სასამართლოს შენობის წინ იყვნენ შეკრებილნი.
„ეს კარგი მოსამართლეა. მან ყველაფერი სწორად და კანონთან შესაბამისად გააკეთა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ყველაფერი დაკარგული არ არისო.
სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძალაში რჩება, თუმცა თავად საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უკრაინაში და სხვა ოპოზიციონერებთან ერთად მოემზადება „მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებისთვის უკრაინის ხელისუფლებაში“.
სააკაშვილმა, რომელიც თავის დაკავებას შიმშილობის აქციით აპროტესტებდა, სასამართლოს სხდომის დაწყებისას უკრაინის ჰიმნი შეასრულა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სასამართლოს ოთახი ისე გაივსო ჟურნალისტებითა და სააკაშვილის მხარდამჭერებით, რომ ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანა სთხოვეს.
სააკაშვილს ემუქრება, ასევე, ექსტრადიციის შესაძლებლობა საქართველოში, სადაც ის რამდენიმე ბრალდებით იძებნება. ბრალდებები მოიცავს მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივ დარბევას...
გამოძიების დაწყებამ გასულ კვირაში ბიძგი მისცა შეტაკებებს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. კვირას რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა კიევის ცენტრში გამართულ აქციაში, რომელიც სააკაშვილის მხარდაჭერასა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნას ისახავდა მიზნად.
„როიტერსი“ ავრცელებს ლონდონში განთავსებული კვლევითი კომპანია „ტენეო ინტელიჯენსის“ შეფასებას, რომ ამ მომენტში საპროტესტო აქციები მთავრობის სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი უკრაინის საერთაშორისო დონორებისა და მხარდამჭერების ყურადღებას მიიპყრობს.
სააკაშვილს ემუქრება, ასევე, ექსტრადიციის შესაძლებლობა საქართველოში, სადაც ის რამდენიმე ბრალდებით იძებნება. ბრალდებები მოიცავს მისი პრეზიდენტობის დროს, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივ დარბევას; ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“; სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას; 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციონერ დეპუტატზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს; 2009-2013 წლებში 8.83 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას.
თავად ექსპრეზიდენტი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
სააგენტო „როიტერსს“ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, პავლო პეტრენკომ, უთხრა, რომ ექსტრადიციის თხოვნა განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პეტრენკომ უარყო ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.