რუსუდან რუხაძე ატმოსფეროს ცვლილებებით და ენის უცვლელობით

რუსუდან რუხაძემ სულ რამდენიმე წელია, რაც მხატვრული პროზის წერა დაიწყო, დიდი ხნის ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ. ჟურნალისტი მის მოთხრობებში, პრინციპში, არ ჩანს, თუმცა ჩანს წერის დიდი გამოცდილება, სიტყვასთან დიდი ხნის ურთიერთობა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა დამწყები მწერალი იმას არ ნიშნავს, რომ მან ცოტა ხნის წინ დაიწყო ენაზე, სტილზე ფიქრი, მასზე მუშაობა.

Your browser doesn’t support HTML5

რუსუდან რუხაძე ატმოსფეროს ცვლილებებით და ენის უცვლელობით

გამომცემლობა "ინტელექტმა" 2013 წელს მისი სადებიუტო წიგნი "ჩაისთან მოსაყოლი ამბები" გამოსცა, შარშან კი მოთხრობების მეორე კრებული - "ერთი თქვენგანი გამცემს". კრებულში ათი მოთხრობაა და თემის ან ჟანრის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ტექსტები რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ, თუმცა იგავს წერს რუსუდან რუხაძე, მოთხრობას ბავშვობისდროინდელ მოგონებებზე თუ თანამედროვე ქართულ გარემოს აღწერს, ნებისმიერ შემთხვევაში ეს სხვადასხვაობები სტილურ სხვადასხვაობებს ვერ იწვევს. ყველა მოთხრობა თითქოსდა ერთი ენითაა დაწერილი. კარგია ეს თუ ცუდი? წიგნის პლუსია ეს თუ მინუსი? მოდით, პასუხის გაცემას ნუ ვიჩქარებთ და ჯერ მოვუსმინოთ პროზაიკოს მაკა ლდოკონენს.

მაკა ლდოკონენი

მაკა ლდოკონენი: რუსიკოს ლიტერატურული ენა უცვლელი რჩება და ის ფაქტიც, რომ ძალიან მგრძნობიარე მწერალია და თავის მოთხრობებში წარმოაჩენს ხოლმე არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ სხეულსაც გვაჩვენებს. არა მარტო გონებით, არამედ სხეულითაც გრძნობს ავტორიც და პერსონაჟებიც. "ერთი თქვენგანი გამცემს" ჰქვია კრებულს და ეს სახარებისეული ფრაზა ისე ორიგინალურად არის ინტერპრეტირებული ამ მოთხრობაში, რომ მე, ცოტა არ იყოს, სახტად დავრჩი, იმიტომ რომ მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან რელიგიური საკითხები და თემატიკა წამოიჭრებოდა წინა პლანზე, მაგრამ ღალატზეა ხომ ეს მოთხრობა, მაინც ღალატზეა. ეს არის ღალატის გააზრების მექანიზმზე: როგორ იაზრებს სხეული ღალატს, რა ხდება მასში, რა პროცესები. აქვს კიდეც ფრაზა ასეთი: "როდესაც სხეული სიტყვებს მარხავს, მერე ეს სხეული იწყებს უკვე ტკივილის ენაზე საუბარს". თითქოს არაფერი განსაკუთრებული: საზღვაო კურორტზე მიდის ორი წყვილი, კარტი, ლუდი, ზღვის ჰავა, სააბაზანო ოთახში ოთხივე პერსონაჟის არეული სურნელი და, სხვათა შორის, აქედანვე არის მინიშნებული, რომ ყნოსვა იკარგება. პირველი შეგრძნება იკარგება ამ პერსონაჟში და მერე თანდათან ის მხედველობასაც კარგავს, ხმასაც კარგავს, მეტყველების უნარს კარგავს და თუ პრაგმატულად და სამედიცინო კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს, ვიფიქრებთ, რომ ვერ არის კარგად ეს გოგო. არადა, ექიმი ეუბნება, შენ არ ხარ ჩემი პაციენტი, ყველა ექიმი ასე ეუბნება. შემთხვევით არ ჩადო რუსუდანმაც, ალბათ, ის მომენტი, რომ სხეული იწყებს მეტყველებას. და აი, როდესაც უხილავი სინდისი ჩვენს სხეულში იწყებს ხელების ფათურს, იქ უკვე კანონზომიერებას არ ექვემდებარება არც გონება და არც სხეული. ალბათ, ეს არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი.

ატმოსფეროს შექმნა - ეს, ალბათ, რუსუდან რუხაძის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რასაც ის კარგად ართმევს თავს. გარემოს დახატვა, ინტიმის, ეროტიკის, ვნებების ხელშესახებობა არის ის, რაც ამ მოთხრობებში ატმოსფეროს აჩენს. არადა, სივრცეები სულ იცვლება. მაგალითად, "მოძრავ დღესასწაულში" ავტორი ახალგაზრდა მასწავლებელი ქალისა და უფროსკლასელი მოსწავლის ურთიერთობას მოგვითხრობს, როგორ გარბიან ისინი ქალის სოფელში, როგორ ქმნიან თავშეკავებული ეროტიზმით გაჟღენთილ მყუდრო ოჯახს, როგორ იწყებენ სოფლისთვის კინოსეანსების ორგანიზებას, როგორ თამაშობენ "კინოობანას" და როგორ იქცევა ეს "კინოობანა" ბოლოს ტრაგიკულ თამაშად. "ნაგასაკიში" გაზეთის რედაქციის გაბუღულ ატმოსფეროს გვაგრძნობინებს რუსუდან რუხაძე, სიგარეტით, როგორც "ატომური ბომბით" ორგანიზმმოწამლული თანამშრომელი გოგო-ბიჭის შხამიან ვნებებს და მათ უშედეგო მცდელობას, დაიწმინდონ ამ შხამებისგან და ერთგულება მოახერხონ. "ოქროს სარაიაში" კი ძველი თბილისის "იტალიური ეზოს" ატმოსფეროა დაჭერილი პატარა ბიჭის თვალით. არის ტექსტები, სადაც საერთოდაც არარეალისტური გარემოა და ასეთ გარემოსაც ცდილობს შესატყვისი ატმოსფერო მოუძებნოს ავტორმა. ერთ-ერთ ასეთ მოთხრობაზე ისაუბრა მაკა ლდოკონენმა. მოვუსმინოთ მას.

მაკა ლდოკონენი: ძალიან აქტუალური თემაა გაშლილი ერთ-ერთ მოთხრობაში სელექციურ აბორტზე. ესაა "#რძისფერიჰოია". რომ დავიწყე ამ მოთხრობის კითხვა, არ ვიცოდი რაზე იყო, წავიკითხე ერთი თავი და დავბრუნდი უკან, იმიტომ რომ ჯერ ძალიან მეტკინა, მერე კიდევ ძალიან კარგად დავფიქრდი, ვინ არიან, სად მიდიან ეს გოგოები, მერე აღმოჩნდა, რომ ისინი არიან ის გოგოები, რომლებიც არ იბადებიან იმის გამო, რომ მშობლებმა გაიგეს, რომ არიან გოგოები. ამ სამყაროში უკვალოდ არაფერი არ იკარგება, სიტყვაც კი არ იკარგება და ეს სიტყვაც კი მატერიალურ ფორმას იღებს სხვა სივრცესა და განზომილებაში. მითუმეტეს, სად დაიკარგება ბავშვი, რომელიც ჩაისახა. ბოლოს და ბოლოს, ექოსკოპია გადაუღეს, გააშუქეს, მისი ფოტო არსებობს... ისინი მიდიან დაუბადებელი გოგონების გიმნაზიაში და იქ ხვდებიან სიცოცხლის მასწავლებლები, რომლებიც მათ ასწავლიან, როგორ იარსებონ, და მათ მაჯაზე შებმულია მუშამბის სამაჯური, რომელსაც აწერია მათი მშობლების სახელი, გვარი და არდაბადების თარიღი. მათ ეუბნებიან: ამ სასწავლებლიდან თქვენ არავინ გაგიშვებთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ აქაურობა, თუ გაცვლით მთელ აქაურ ცხოვრებას დედამიწაზე ერთი დღის რეალურ სიცოცხლეზე. კიდევ ძალიან მტკივნეული თემა არის ის, რომ სამოტივაციო წერილს წერენ გოგონები. რატომ უნდათ სიცოცხლე, რატომ უნდათ, რომ დედამიწას მოევლინონ.

რუსიკოს ლიტერატურული ენა უცვლელი რჩება და ის ფაქტიც, რომ ძალიან მგრძნობიარე მწერალია და თავის მოთხრობებში წარმოაჩენს ხოლმე არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ სხეულსაც გვაჩვენებს. არა მარტო გონებით, არამედ სხეულითაც გრძნობს ავტორიც და პერსონაჟებიც. "ერთი თქვენგანი გამცემს" ჰქვია კრებულს და ეს სახარებისეული ფრაზა ისე ორიგინალურად არის ინტერპრეტირებული ამ მოთხრობაში, რომ მე, ცოტა არ იყოს, სახტად დავრჩი...
მაკა ლდოკონენი

კრებულის ათი მოთხრობიდან ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და, ჩემი აზრით, საყურადღებო ტექსტია "ყვითელი წვიმის კავატინა". ესაა იგავის ტიპის მოთხრობა, რომელიც ერთი გოგონას თითქოსდა ჩვეულებრივი ისტორიით იწყება. ის, საკუთარი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევს დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში გადავიდეს საცხოვრებლად და იქ ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად იწყებს მუშაობას. რეალისტური, ოღონდ ზოგადი, აბსტრაქტული გარემო იქმნება პატარა ქალაქისა და მწერალიც იქ მცხოვრები გოგონას შინაგან ემოციებსა და სხეულებრივ სურვილებს აღწერს, მათ გამძაფრებასა და ტრანსფორმაციებს, მაგრამ თანდათან მოთხრობა სულ სხვა განზომილებას იძენს, თანდათან ირკვევა, რომ მწერლის მთავარი მიზანი სულ სხვა რამ იყო: თურმე ის თვითმკვლელების ქალაქს ხატავს, ქალაქს, სადაც სუიციდის მსურველებს შეუძლიათ ჩავიდნენ და ექიმებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ სასურველი და უმტკივნეულო სიკვდილი ლეგალურად მიიღონ. მანამდე კი სწორედ იმ სასტუმროში ცხოვრობენ, სადაც ეს გოგო დამლაგებლად მუშაობს. ანუ, საბოლოო ჯამში, რუსუდან რუხაძე ცდილობს ამ პატარა ქალაქში ეროსისა და თანატოსის თანაცხოვრების ატმოსფერო შექმნას.

თუმცა მოდით ახლა კვლავ "ოქროს სარაიას" დავუბრუნდეთ და ერთხელაც მოვუსმინოთ მაკა ლდოკონენს.

მაკა ლდოკონენი: ძველი უბნის სურნელი, თუნდაც „ოქროს სარაიაში“, კარგად იგრძნობა. აქ ასე არის: კვირის დღეები გაწერილია. ზოგი ქიშმიშის დღეა, ზოგი კაკლის მურაბის, ზოგი შაქარყინულის, ზოგი შემწვარი თევზის და ა.შ. ყოველ დღეს ახლავს თავისი სურნელი და სხვადასხვა ეროვნების ადამიანი. ეს არის კოლორიტის ნაკრები და გგონია, ეს დრო ბრუნავს, ამ კვირის დღეებს მიჰყვება, გგონია, რომ მთავარი პერსონაჟი ბიჭი არასდროს გაიზრდება, არასდროს წავა დედიკოს გარეშე აბანოში და მუდმივად ექნება იმის იმედი, რომ მამამისის მიერ დატოვებულ სარაიაში აღმოაჩენს ოდესმე უამრავ ოქროს. მაგრამ ცხოვრება იცვლება და მთელი სიკარგეც ამ მოთხრობების ის არის, რომ ორიგინალურად იცვლება, ორიგინალურად იხსნება ნასკვი...

საბოლოო ჯამში, კარგად გამოიკვეთა, რომ რუსუდან რუხაძის ეს წიგნი თემატურად მრავალფეროვანია, თუმცა, ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ეს მრავალფეროვნება ერთ ენობრივ ქსოვილშია მოქცეული. ენა კი გაწონასწორებული და მოჩუქურთმებულია, აპოლონურია და, მიუხედავად ყველაფრისა, ამის გამო იგი მაინც რაღაცნაირი "ტკბილი" ავტორი გამოდის, ბევრ ტკბილს კი თითქმის ვერავინ ჭამს. ყოველ შემთხვევაში, კაცები ნამდვილად ვერა. არის ერთი მოთხრობა, "ქვის კაცები", სადაც რუხაძე ცდილობს ცივი, მშრალი და სასტიკი იყოს. ვფიქრობ, სამომავლოდ კარგი იქნება, თუ იგი შეეცდება ხანდახან თავი დააღწიოს იმ ენას, რომელსაც შესანიშნავად ფლობს, მაგრამ თითქოს უკვე მის ტყვეობაშიცაა. თუკი ამას მოახერხებს, თუკი დიონისურობა გაჩნდება მის ტექსტებში, ეს მის სათქმელს მეტ სიმძაფრეს შესძენს.