ნიკა გვარამია: თაღლითობაში შემჩნეული მოსამართლე „რუსთავი 2“-ის საქმეს უნდა ჩამოშორდეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოითხოვს, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას ჩამოშორდეს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, ვინაიდან ის, 2014 წელს „თაღლითობაში იყო შემჩნეული”. ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია მან კონფიდენციალურად მიიღო სანდრო წყაროსგან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნიკა გვარამიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სიტყვებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს, სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი იმ კოლეგიის წევრს, რომელიც ამჟამად „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საკითხს განიხილავს, 2014 წელს თბილისში ბინის დასაქირავებლად მისთვის თანხის გამოყოფა მოუთხოვია. აღმოჩნდა, რომ ბინას ის საკუთარი დედისგან ქირაობდა და, მაშასადამე, სახელმწიფო თანხებს უკანონოდ ითვისებდა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. დაიწყო საქმის გამოკვლევა. იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა საქმის პროკურატურისთვის გადაცემა მოითხოვა, მაგრამ ახლადდანიშნულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს და ნათია გუჯაბიძეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს:

ნიკა გვარამია

„საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციით მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე. მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაასაჯაროვოს ამ წარმოების ყველა მასალა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. „რუსთავი 2“ წინააღმდეგია მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში ბრალდებულმა მოსამართლემ, უფრო სწორად, თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, ვინაიდან ის განსაკუთრებით მოწყვლადია საქართველოს პროკურატურის მიმართ, გარდა იმისა, რომ თაღლითია“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება:

„საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში.

გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა...
საქართველოს მთავარი პროკურატურა

გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნიკა გვარამიას განცხადებას არ ეხმაურებიან. საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის თქმით, საბჭო კოლეგიალური ორგანოა და ის მხოლოდ ერთობლივად მიღებულ განცხადებას გაავრცელებს.

სააპელაციო სასამართლოში კი განმარტეს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადების კომენტირებას არ აპირებს.