„რუსთავი 2“-ის საქმის პოლიტიკური შეფასებები

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი ქართველმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს. ამ თემაზე 10 ივნისს ყოველდღიურ მედია-ბრიფინგზე ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა. სააპელაციო სასამართლოს 10 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაშის დადგენის შესახებ, ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებამდე „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა ან შეცვალა, ეს იქნება „დღევანდელი მთავრობის საწინააღმდეგო ნაბიჯი“.

„ეს იქნება ვიღაც სხვისი პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებენ თვითონ მოდავე მხარეები“.

10 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60 პროცენტის მესაკუთრედ ადგენს ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტის მფლობელად - მისივე დაფუძნებულ კომპანია „პანორამას“.

ამავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ მედია-ბრიფინგეზე ამ თემაზე „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის შეკითხვას უპასუხა დეპარტამენტის სპიკერმა მარკ ტონერმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია, პოლიტიკური მრავალფეროვნება და სამართლის სფეროს თავისუფლება გადამწყვეტია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანისთვის:

„ამიტომაც მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოიჩინონ თავშეკავება და ყველაფერი გააკეთონ, რათა ეს პროცესი გადაწყდეს ისეთი სამართლებრივი გზით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.

2015 წლიდან მოყოლებული, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო სასამართლო დავა დაიწყო, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე არაერთხელ აღინიშნა, რომ აშშ ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება.

ამ თემაზე 10 ივნისს ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმაც. მან თქვა, რადგან სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებო, თუმცა აღნიშნა, რომ მედიისა და სასამართლოს თვისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესშიც.

„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის მიმართ გამოთქმული მრავალი კრიტიკული აზრის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესი დამოუკიდებელია ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებისგან:

„წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს საქმეში და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს. ბატონ ნიკას [გვარამიას] შეუძლია, ამ ემოციურ ფონზე, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი, ამისთვის ვიბრძოდი მრავალი წელი. ეს მიღწეულია“.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის 21-დღიანი ვადა აქვთ, თუმცა მანამდე მათ მოსამართლეებისგან განაჩენის სამოტივაციო დასკვნა უნდა მიიღონ.