დაასახელეთ თქვენი შხამი! ეგზოტიკური საწამლავით განადგურებული კრემლის მტრები

მარცვლები, რომლისგანაც იღებენ რიცინის შხამს.

გერმანიის ბუნდესვერის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

უფრო ადრე ბერლინის „შარიტეს“ კლინიკის ექიმებიც ვარაუდობდნენ, რომ ნავალნი შეიძლება მოეწამლათ ქოლიესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფის ნივთიერებით, რომელშიც შედის ორგანული ფოსფატები. მათ მიეკუთვნება საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების შხამები, მათ შორის ზარინი და „ნოვიჩოკი".

ნავალნი გერმანიაში გადაყვანამდე. 22 აგვისტო, 2020

კრემლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით ცუდად გახდა თვითმფრინავში 20 აგვისტოს, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თავდაპირველად იგი მოათავსეს ომსკის საავადმყოფოში, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის ამბავმა მეხსიერებაში წამოატივტივა კრემლის სხვა ოპონენტებზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმები როგორც ვლადიმირ პუტინის ეპოქაში, ისე უფრო ადრე.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ იმ შხამებზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით განხორციელებული სხვა ცნობილი თავდასხმების დროს გამოიყენეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

პიოტრ ვერზილოვი - „ერთობ სარწმუნო მოწამვლის“ საქმე

ანტიკორუფციონერ ბლოგერ ალექსეი ნავალნიმდე ორი წლით ადრე ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოს ექიმებმა სიკვდილისგან იხსნეს რუსი აქტივისტი, პიოტრ ვერზილოვი.

კრემლის კრიტიკოსი, 30 წლის პიოტრ ვერზილოვი, მოსკოვში ავად გახდა 2018 წლის 11 სექტემბერს. ერთ კვირაში იგი გადაიყვანეს ბერლინის “შარიტეს” კლინიკაში, რომლის ექიმებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ, დიდი ალბათობით, პაციენტი მოწამლული იყო.

ასევე ნახეთ ბერლინის საავადმყოფოს ექიმი: რუსი აქტივისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქრება

პიოტრ ვერზილოვს, პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრსა და რუსეთის ხელისუფლების სტაჟიან კრიტიკოსს, უეცრად დაუქვეითდა მხედველობა და დაკარგა ლაპარაკისა და მოძრაობის უნარი. გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ გარკვეული ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაირღვა პაციენტის ნერვული სისტემის მუშაობა, რომელიც შიდა ორგანოებს არეგულირებს.

სკრიპალებისა და „ნოვიჩოკის“ საქმე

ვერზილოვის მოწამვლამდე ორიოდე თვით ადრე ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს ორმაგი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

ასევე ნახეთ ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, არ გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სკრიპალის მიმართ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" გამოიყენეს, რათა შური ეძიათ ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ჯაშუშურ სამსახურებთან მისი თანამშრომლობის გამო.

თავდამსხმელებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეები, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი ამოიცნო.

ასევე ნახეთ "ჩეხეთის რადიო": "ბოშირივი" და "პეტროვი" პრაღაში სკრიპალს უთვალთვალებდნენ 2014 წელს

სკრიპალებზე თავდასხმის სკანდალი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, როდესაც ცნობილი გახდა სოლსბერის მახლობლად მცხოვრები ჩარლი როულისა და დონ სტერჯესის მოწამვლის ამბავი. ექიმებმა სტერჯესის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2018 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა.

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს 2006 წელს.

67 წლის სერგეი სკრიპალი, რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, და მისი ქალიშვილი, იულია, საავადმყოფოდან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გაეწერნენ.

2006 წელს რუსეთის სასამართლომ „ღალატსა და ჯაშუშობაში“ ცნო დამნაშავედ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც, ბრალდების თანახმად, ევროპაში მოქმედი რუსეთის აგენტების სია გადასცა ბრიტანეთის დაზვერვას (MI6).

სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთია რუსეთის კგბ-ს ხელწერით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმებს შორის.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის ისეთი ფაქტები, როგორიც იყო ალექსანდრ ლიტვინენკოზე განხორციელებული თავდასხა“, - განაცხადა ლონდონის პოლიციის უფროსის თანაშემწემ, მარკ როულიმ, „ბიბისისთან“ ინტერვიუში იმ დროს, როდესაც საავადმყოფოს ექიმები სკრიპალების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ.

ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ბრიტანეთში გაქცევის შემდეგ სასტიკად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას, 2006 წლის ნოემბერში ლონდონში მოკვდა მწვავე რადიაციული მოწამვლით.

ფენტანილი და კარფენტანილი

სკრიპალების მოწამვლის გარშემო ბრიტანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია სკრიპალი, ფენტანილის ზემოქმედების შედეგად გახდნენ ცუდად.

ფენტანილი სინთეტიკური ოპიატია, რომელიც მორფზე სულ მცირე 50-ჯერ ძლიერია.

ხოლო მისი მონათესავე, ასევე სინთეტიკური ოპიატი კარფენტანილი მორფზე ათიათასჯერ ძლიერია. ამ სინთეტიკურ ოპიატებს გამოიყენებენ მედიცინაში, მისით ვაჭრობენ ნარკოდილერები, რაც ხშირად სასიკვდილო შედეგს იწვევს, და მას იარაღადაც იყენებენ. არსებობს პეინტბოლის ტიპის თოფი, რომელიც ამ ნარკოტიკით დამუშავებულ ტყვიებს ისვრის, და აეროზოლი, რომელიც ოპიატს აფრქვევს.

ასევე ნახეთ კრემლის მტრები და ეგზოტიკური შხამები

ჰაერში გამოფრქვევის შემდეგ შხამი სხეულში ხვდება სასუნთქი გზებით ან კანთან შეხებით.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) ამერიკელი ექსპერტების დაკვირვებით, ფენტანილითა და კარფენტანილით შეიძლება მოიწამლონ სასწრაფო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მსხვერპლის კანზე ხელით შეხებისას.

საშიში სიმპტომები დაუდგინეს ბრიტანეთის პოლიციის იმ ორ თანამშრომელსაც, რომლებსაც პირველად ჰქონდათ შეხება სკრიპალებთან მათი მოწამვლის შემდეგ. ერთ-ერთ პოლიციელს საავადმყოფოს ექიმებმა ორი დღის განმავლობაში ჩაუტარეს ინტენსიური მკურნალობა.

რუსეთის სპეცრაზმელები. 2002 წ.

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა სწორედ კარფენტანილი გამოიყენეს 2002 წელს დუბროვკის თეატრში ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც 800 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

ამ რეიდმა კრემლის დასახულ მიზანს მიაღწია, მაგრამ სპეცოპერაციას ტერორისტებთან ერთად 120 მძევალი ემსხვერპლა.

ზემოხსენებულ კვლევაში ფიგურირებს ასევე სამხედრო-ქიმიური ინსტიტუტის უფროსის, რუსი გენერლის შეფასება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფენტანილებს შეუძლიათ ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულიად გათიშონ.

გელსემიუმი

გელსემიუმი შხამია, რომელსაც რუსი და ჩინელი მკვლელები იყენებენ ხოლმე. ის მიიღება Gelsemium elegans-იდან - იშვიათი მცენარიდან, რომელიც მხოლოდ აზიაში იზრდება.

მცენარიდან მიღებული საწამლავის ჩაყრა საჭმელში რუსი და ჩინელი დაქირავებული მკვლელების მიერ ადამიანის თავიდან მოშორების ნაცადი მეთოდია.

ალექსანდრ პერეპელიჩნის სიკვდილი​

ეს შხამი დაკავშირებულია ალექსანდრ პერეპელიჩნის სიკვდილთან.

რუსმა ოლიგარქმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსანდრ პერეპელიჩნიმ 2009 წელს თავი ლონდონს შეაფარა. ის ჩვენებას იძლეოდა კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ და ასევე ეხმარებოდა გამოძიებას სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებებზე ინფორმაციით.

პერეპელიჩნი 2012 წელს, 44 წლის ასაკში, ვარჯიშისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

თავდაპირველად გამოძიებამ მისი სიკვდილი ბუნებრივად მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით ახალმა ტესტებმა გვამში გელსემიუმის კვალი გამოავლინა.

პერეპელიჩნის გვამში მაღალტოქსიკური გელსემიუმის კვალის აღოჩენის შემდეგ, რუსი ოლიგარქის სიკვდილის მერვე წლისთავზე, 2020 წლის 18 მაისს ბრიტანეთში განახლდა გამოძიება.

სარის საგრაფოს სასამართლოს თანახმად, არსებობს „სერიოზული საფრთხე“, რომ პერეპელიჩნი მოეკლათ იმ წვლილის გამო, რომელიც მან შეიტანა რუსეთის მძლავრი დანაშაულებრივი სინდიკატის გამოაშკარავების საქმეში.

სასამართლოზე ასევე აღინიშნა, რომ არსებობდა „ისტორიული მტრობა“ პერეპელიჩნისა და დმიტრი კოვტუნს შორის. ანდრეი ლუგავოისთან ერთად დმიტრი კოვტუნიც ეჭვმიტანილია 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს სასიკვდილო მოწამვლაში.

ასევე ნახეთ ლონდონმა სანქციებს მიმართა ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ

პოლონიუმ-210 და ალექსანდრ ლიტვინეკოს საქმე​

პოლონიუმი იშვიათი რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც წყალბადის ციანიდზე 250 ათასზე მეტჯერ ტოქსიკურია.

პოლონიუმით მოწამლეს ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის ეფესბეს ყოფილი აგენტი, რომელმაც 2000 წელს თავი ლონდონს შეაფარა.

ალექსანდრ ლიტვინენკო​ (1962-2006)

ლიტვინენკო ლონდონის სუში ბარში, 2006 წელს მოწამლეს. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის, სავარაუდოდ, პირველი ადამიანია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად მოკვდა. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დმიტრი კოვტუნმა მოწამლეს პუტინისა და მისი უშიშროების სამსახურის დირექტორის, ნიკოლაი პატრუშევის, ბრძანებით.

სიკვდილამდე დაწერილ წერილში ლიტვინენკო ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებდა მისი მოკვლის შესახებ ბრძანების გაცემაში.

უფრო ადრე მან დაადანაშაულა რუსეთის სპეცსამსახურები 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქებასა და სხვა ტერაქტებში, რომლითაც კრემლი მიზნად ისახავდა გაეზარდა ვლადიმირ პუტინის რეიტინგი და უზრუნველეყო მისი ხელისუფლებაში მოყვანა.

ლიტვინენკოს თანახმად, პუტინმა გასცა ასევე გამომძიებელი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას, მოკვლის ბრძანება. აღსანიშნავია, რომ ორი თვით ადრე, ვიდრე ლიტვინენკოს სასიკვდილოდ მოწამლავდნენ, ანა პოლიტკოვსკაია თავდამსხმელებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში გამოასალმეს სიცოცხლეს.

თალიუმი

ქიმიურ ელემენტ თალიუმს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური როლი ენიჭება მძიმე მეტალების წარმოების პროცესში.

თალიუმი და მისი ქიმიური შენაერთები განეკუთვნებიან ე.წ. კუმულატიურ შხამებს, რომლებიც აზიანებენ ნერვულ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და თირკმელებს.

თალიუმის მარილი, როგორც ძლიერი შხამი, გამოიყენება ინსეკტიციდებსა და ვირთხის საწამლავში. თალიუმით მოწამვლა იწვევს შინაგანი ორგანოების პარალიზებას და თმების გაცვენას. თალიუმს, რომელსაც „მომწამვლელ შხამს“ უწოდებენ, ხშირად იყენებდნენ სიკვდილის იარაღად.

ნიკოლაი ხოხლოვი​

1957 წელს საბჭოთა KGB-მ თალიუმის იზოტოპით გერმანაში მოწამლა საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლაი ხოხლოვი. იგი აშშ-ში გაიქცა და გათქვა საბჭოთა მტრების წინააღმდეგ KGB-ს მიერ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციები, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა.

გერმანელმა ექიმებმა მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ შეძლეს ხოხლოვის გადარჩენა, მაგრამ KGB-ს ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ ხოხლოვი მოწამლეს არა თალიუმით, არამედ რადიოაქტიური პოლონიუმით, როგორც 2004 წელს ლიტვინენკო.

სხვათა შორის, ლიტვინენკოს მოწამვლის შემდეგ თავდაპირველად არასწორი დიაგნოზი დაისვა. დასაწყისში ექიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმე ჰქონდათ თალიუმით და არა პოლონიუმ 210-ით მოწამვლასთან.

იური შეკოჩიხინი​

​ცნობილი რუსი ჟურნალისტი და სახელმწიფო სათათბიროს წევრი, იური შეკოჩიხინი, მწვავედ ილაშქრებდა რუსეთის ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

​შეკოჩიხინი, რომელიც მოწამვლამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) გამომძიებლებს უნდა შეხვედროდა, 2003 წლის ივლისში გარდაიცვალა მძიმე ინტოქსიკაციის შედეგად.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. ლაიელის სინდრომი, მაგრამ შეკოჩიხინის სამედიცინო დიაგნოზი და აუტოფსიის დასკვნა დღემდე FSB-ს ჰყავს კონტროლზე აყვანილი.

ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ შეკოჩიხინის სასიკვდილო სიმპტომები ძალიან წააგავდა რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ხოხლოვისა და ლიტვინენკოს სიმპტომებს.

ტეტრაქლოროდიბეზოდიოქსინი (TCDD) – „დიოქსინი“​

TCDD, რომელსაც ხშირად, თუმცა შეცდომით, დიოქსინს უწოდებენ, უფერო, უსუნო ნივთიერებაა. სწორედ მისგან ამზადებდნენ Agent Orange-ს, მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აშშ-ის არმია ვიეტნამთან ომში იყენებდა.

TCDD სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიჩნეულია კანცეროგენად, რომელიც ადამიანში ავთვისებიან სიმსივნეს წარმოქმნის.

ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

ამ ნივთიერებით, ტეტრაქლოროდიბეზოდიოქსინით, მოწამლეს ვიქტორ იუშჩენკო 2004 წელს, როდესაც ის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ.

გამოკვლევამ ცხადყო, რომ იუშჩენკოს შემთხვევა იყო მეორე, როდესაც ადამიანის სხეულში აღმოჩნდა ასეთი მაღალი კონცენტრაციის TCDD.

ამ საშიში ნივთიერების შედეგად უკრაინელი პოლიტიკოსის სახე დაიფარა რუხ-მოლურჯო წყლულებით და წანაზარდებით, რომლის კვალი, მრავალი წლის მკურნალობის მიუხედავად, იუშჩენკოს კლავ ეტყობა.

ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც მტკიცედ ემხრობოდა უკრაინის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, მის მოწამვლაში ადანაშაულებდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამ საქმის გამოძიებას.

ოფიციალური შედეგებით, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ვიქტორ იანუკოვიჩი, რასაც „ნარინჯისფერი რევოლუციად“ ცნობილი მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დიდძალი ბიულეტენი იქნა გაყალბებული იანუკოვიჩის სასარგებლოდ. ამის შემდეგ უკრაინაში დაინიშნა ხელახალი არჩევნები, რომელშიც იუშჩენკომ გაიმარჯვა.

ზარინი

ზარინი განეკუთვნება ფოსფორორგანულ მომწამვლელ ნივთიერებათა სახეობას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანზე ახდენს ნერვულ-პარალიტიკურ ზემოქმედებას.

ზარინი განეკუთვნება სასიკვდილო შხამებს და მას იყენებენ როგორც მომწამვლელ ნივთიერებას. იწვევს ნერვული სისტემის პარალიზებას, განსაკუთრებით, სწრაფად მისი შესუნთქვის დროს.

იბნ ალ-ხატაბი (1969-2002)

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) 2002 წელს განაცხადა, რომ "აგენტურულ-საბრძოლო ოპერაციის" შედეგად გაანადგურეს საუდის არაბეთში დაბადებული ცნობილი საველე მეთაური, იბნ ალ-ხატაბი, რომელიც ჩეჩენ სეპარატისტთა მხარდამხარ იბრძოდა რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში 1990-იან წლებში, 2000-ის დასაწყისამდე.

ნათესავებისა და სხვა ჩეჩნური წყაროების თანახმად, ხატაბი დაიღუპა მალევე მას შემდეგ, რაც გახსნა წერილი, რომელშიც იდო სწრაფი ზემოქმედების ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერება ზარინი ან სხვა მისი მსგავსი შხამი.

რუსული მედიის თანახმად, ხატაბმა წერილი მიიღო დაღესტნელი ორმაგი აგენტისაგან, რომელმაც ამისათვის გასამრჯელო მიიღო FSB-სგან.

უხილავი რიცინის გრანულები

„ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირი შეიარაღებაში ფლობდა რიცინის შხამს, რომელიც საბჭოთა КГБ-მ „ვარშავის ბლოკიდან“ დასავლეთში გაქცეული სულ მცირე სამი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენა.

რიცინს ღებულობენ ზეთოვან რძიანისებრთა ოჯახის მცენარე აბუსალათინისგან (Ricinus communis).

რიცინი არის უსუნო თეთრი ფხვნილი, რომელიც კარგად იხსნება წყალში. ადამიანი იწამლება რიცინის სისხლში მოხვედრით, კიდევ უფრო უარესია შხამის ფილტვებში შეღწევა.

მარილის გრანულის ზომაზე დანაწევრებისა და გაფხვიერების შემდეგ რამდენიმე მარცვალიც კი სასიკვდილოა ზრდასრული ადამიანისთვის.

გიორგი მარკოვი

გიორგი მარკოვი (1929-1978)

1978 წელს ცნობილი ბულგარელი დისიდენტისა და ჟურნალისტის მკვლელობა ლონდონში ე.წ. ქოლგით ჩხვლეტით განხორციელებულ თავდასხმას განეკუთვნება.

მარკოვი, რადიოსადგურ თავისუფალი ევროპისა და ბიბისის კორესპონდენტი, სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რიცინით მოწამლეს.

გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ, ქოლგის წვერით ჩხვლეტის შედეგად, მარკოვის სხეულში შეყვანილი იქნა რიცინის კაფსულა. თავდასხმა მოხდა იმ დროს, როდესაც გიორგი მარკოვი ლონდონის ვატერლოოს ხიდზე ავტობუსს ელოდებოდა.

ვლადიმირ კოსტოვი

10 დღეში შეეცადნენ ანალოგიური გზით მოეკლათ კიდევ ერთი ბულგარელი დისიდენტი, საბჭოთა ბანაკიდან დასავლეთში გაქცეული ვლადიმირ კოსტოვი, რომელიც რადიოსადგურ თავისუფალ ევროპაში მუშაობდა.

1978 წლის აგვისტოში პარიზის მეტროში კოსტოვს ზურგიდან შეუშხაპუნეს რიცინის ხსნარი, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა, რადგან ჩხვლეტის შედეგად ჟურნალისტის სისხლში შხამის მხოლოდ უმნიშვნელო დოზა მოხვდა.

ბორის კორჩაკი​

დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ორმაგი აგენტი, ბორის კორჩაკი, 1981 წლის აგვისტოში თირკმელში დაიჭრა პნევმატური იარაღიდან ნასროლი რიცინიანი ტყვიის გულით, როდესაც ვირჯინიის სურსათის მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობდა.

კორჩაკიც ასევე გადაურჩა თავდასხმას. ის დარწმუნებული იყო, რომ თავდასხმა საბჭოთა KGB-ს მიერ იყო ორგანიზებულია.

დაუდგენელი შხამები

ჰაფიზულა ამინი

ჰაფიზულა ამინი, ავღანელი პოლიტიკოსი, 1979 წელს მხოლოდ სამი თვის განმავლობაში იკავებდა ავღანეთის პრეზიდენტის პოსტს მას შემდეგ, რაც ჯერ დაამხეს, ხოლო შემდეგ მისი ბრძანებით საიდუმლოდ მოკლეს ამინის წინამორბედი, ნურ მუჰამედ ტარაკი,

იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამინი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) აგენტი იყო.

ვიდრე რუსეთის სპეცრაზმი ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს წამოიწყებდა, ამინის გარემოცვაში ჩანერგილმა საბჭოთა KGB-ს აგენტმა 1979 წლის 13 დეკემბერს ავღანეთის პრეზიდენტის მოწამვლა სცადა. ამინი მიხვდა, რომ ის მოწამლეს და ამიტომ საჭმელი და სასმელი თავის სიძეს გაასინჯა, რომელიც იმდენად ავად გახდა, რომ სამკურნალოდ მოსკოვში წაიყვანეს.

მოწამვლის მცდელობიდან ორი კვირის თავზე ჰაფიზულა ამინი მოკლეს საბჭოთა ჯარისკაცებმა, რომლებმაც შტურმით აიღეს ტაჯბეგის სასახლე ქაბულში. პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტად კრემლმა დანიშნა თავისი მარიონეტი, ბაბრაკ კარმალი, რომელიც მოსკოვში გარდაიცვალა 1996 წელს.

ანა პოლიტკოვსკაია (1958-2006)

ანა პოლიტკოვსკაია

ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, კრემლის კრიტიკოსი ანა პოლიტკოვსკაია საშინლად ცუდად გახდა ჩაის დალევის შემდეგ, 2004 წლის სექტემბერში. ეს მოხდა აეროფლოტის კუთვნილ თვითმფრინავში, რომლითაც ანა პოლიტკოვსკაია ბესლანის სკოლაში მძევალთა აყვანის შედეგად განვითარებული კრიზისის დროს მოსკოვიდან სამხრეთ რუსეთში მიფრინავდა.

პოლიტკოვსკაია დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსეთის FSB-მ მოწამლა. მედიის ცნობით, პოლიტკოვსკაია უნდა მოეწამლათ საბჭოთა უშიშროების საიდუმლო ლაბორატორიაში შექმნილი უცნობი შხამით.

ანა პოლიტკოვსკაია 2004 წელს საწამლავს გადაურჩა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქალი მისსავე საცხოვრებელი სახლის ლიფტში მოკლეს.