რუსეთის საფოსტო სამსახური ბევრ სკანდალში გაეხვია

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის საფოსტო სამსახური ბევრ სკანდალში გაეხვია. გამოაშკარავდა აუარება დაურიგებელი ამანათის არსებობა და ინტერნეტში გავრცელდა უხერხული ვიდეობი ფოსტის ხელმძღვანელობაზე. ახალმა ვიდეომ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფოსტის ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა მუსიკალური ვიდეორგოლის სახით, ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ეს წელი რუსეთის საფოსტო სამსახურისთვის რთული აღმოჩნდა. ჯერ გამოაშკარავდა 500 ტონა დაურიგებელი საერთაშორისო ამანათების არსებობა, რამაც საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. რუსეთის ფოსტა თავისი ნელი მუშაობით ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ ამ ამბის გამო ფოსტის გენერალურ დირექტორსაც კი მოუწია აპრილში სამსახურის დატოვება. შემდეგ ინტერნეტსივრცეში ერთიმეორის მიყოლებით გავრცელდა რამდენიმე ვიდეორგოლი, რომლებშიც საკმაოდ უარყოფითად ფიგურირებდნენ ფოსტის ყოფილი თანამშრომლები. სულ ბოლო “შერცხვენა” ივნისის ბოლოს შედგა, სამოყვარული მუსიკალური ვიდეორგოლის სახით. მან ფართოდ გამოიწვია დამცინავი რეაქცია ინტერნეტის ფარგლებში.

ვიდეორგოლი რამდენიმე თვის წინ სპეციალურად გადაიღო კონკურსისთვის “წლის თანამშრომელი” გადაიღო კირა შეველევამ, რომელიც ციმბირის ქალაქ ბელი იარის ფოსტაში მუშაობდა. მართალია, შეველევა დისკვალიფიცირებულ იქნა მუსიკალური ნიჭის ნაკლებობის გამო, მაგრამ მისი ნამუშევარი მაინც გამოქვეყნდა ინტერნეტში. ამან, თავის მხრივ, ფოსტის ხელმძღვანელობა ძალიან გააჯავრა.

ფოსტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ვიდეორგოლი რუსეთის საფოსტო სამსახურისა და შეველევას თანხმობის გარეშე გავრცელდა. ამიტომ, რუსეთის სახელმწიფო ფოსტა დამნაშავე პირისგან კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავს.

იმის მიუხედავად, რომ ვიდეორგოლი საბოლოოდ წაშალეს “Youtube”-იდან, მისი ასლები კვლავ ხელმისაწვდომია და განაგრძობს მწარე კომენტარების მოზიდვას.



ერთ-ერთი მაყურებელი დამცინავად აღნიშნავს: “აი რატომ მუშაობს ფოსტა ასე ნელა, თურმე ვიდეორგოლებს იღებენ და მღერიან.”

“თქვენი სიმღერა და, საერთოდ, რაც ამ ვიდეოში ხდება, თავის მოკვლისკენ არის წამქეზებელი.”

ცეცხლზე ნავთს ასხავს ისიც, რომ შეველევას სიმღერა უფრო პოპულარულია, ვიდრე რუსეთის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მუსიკალური კლიპი:



ვიდეო, რომელიც ქალაქ ტამბოვის ფოსტის პერსონალის ქებით არის განმსჭვალული, ერთი წლის განმავლობაში 190 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა თუ ნახა. შეველევას ვიდეო კი, რომელიც 21 ივნისს გამოქვეყნდა, უკვე 200 000 ჯერ იქნა ნახული – ესეც სულ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ წაიშლებოდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ასევე გავრცელდა ორი ვიდეო, რომელიც რუსეთის საფოსტო სამსახურის საეჭვო მომსახურებას ასახავს. ერთ-ერთ მათგანში ნაჩვენებია, ნოვოსიბირსკში როგორ უდიერად ყრის მომუშავე ამანათებს მატარებლის ვაგონიდან ძირს, რკინიგზის ბაქანზე. ეს ვიდეო, რომელიც 17 ივნისს გამოქვეყნდა, უკვე 400 000 –ზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული:



მეორე ვიდეო გადაღებულია მოსკოვთან ახლომდებარე ქალაქში, სადაც თანამშრომელი ქალების ჯგუფი კლიენტს ფოსტის შენობიდან აგდებს და შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ცოცხით მისდევს მას ქუჩაში. ვიდეოში კლიენტი მამაკაცი, რომელიც ამასთან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, ხსნის, რომ კამერა მას შემდეგ მოიმარჯვა, რაც ფოსტის თანამშრომლებმა უარი უთხრეს ნათესავის დარეგისტრირებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ, დოკუმენტის ფერადი ასლის ნაცვლად, შავ-თეთრი ასლი მიიტანა. ვიდეოში, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა, აშკარად ჩანს როგორ მისდევს ფოსტის თანამშრომელი კლიენტს ცოცხით ხელში და უყვირის, რომ ის “ადამიანი არ არის და ნამდვილად არ არის კაცი” და თან “ძაღლს” ეძახის. ამ ვიდეომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა – 800 000 ზე მეტი მნახველი და ათასაობით კომენტარი.

რუსები დიდი ხანია ითხოვენ თავიანთი ქვეყნის საფოსტო სისტემის რეფორმას. მაგრამ ფოსტა ჩივის, რომ ფინანსების მწვავე დეფიციტს განიცდიან და 42000 ფილიალის 70% წაგებაზე მუშაობს. მათი თქმით, ამანათების დარიგებაში შეფერხება იმით აიხსნება, რომ სულ უფრო მეტი რუსი იწერს საქონელს ინტერნეტით. გასულ წელსსაფოსტო სამსახურმა, ინტერნეტში შეკვეთილი 17 მილიონი ამანათი დაარიგა, განსხვავებით 2009 წლისგან, როდესაც ასეთი ამანათების რაოდენობა სულ 2.3 მილიონი იყო.

მოამზადა ანა ლომთაძემ