”მიზიდულობის ძალა” მოსკოვსა და თბილისს შორის

სერგეი ლავროვი

თბილისიდან გაგზავნილი პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას მხოლოდ ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების დონეზე განიხილავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახლო მომავალში არავინ გადახედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილებას და არც დევნილების პრობლემები განიხილება ჟენევაში, ვიდრე საქართველო ამ თემით გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს. რას პასუხობენ მოსკოვის მიდგომებს თბილისში?

”ჩვენ შორის კვლავაც ძლიერია მიზიდულობის ძალა... ვფიქრობ, მეგობრობა არსად გამქრალა...”, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო რუსულენოვანი ტელეარხის, ”არტივიაი”-სთვის (RTVI) მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მაგრამ ამ ეტაპზე სერგეი ლავროვს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებისა თუ ჰუმანიტარული, კულტურული და სპორტული კონტაქტის განმტკიცების დონეზე წარმოუდგენია. ამის იქით პროცესი ვერ წავა - საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ პრინციპული პოზიციის დათმობა არც მოსკოვისგან არის მოსალოდნელი და არც თბილისისგან:

”არ მგონია, რომ ახლო მომავალში საქართველოში გამოჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის - მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო... მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არც რუსეთში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, ეს ჩვენ არ ვიყავით მართლებიო”.

მოსკოვის სიმართლის საილუსტრაციოდ სერგეი ლავროვი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და, როგორც ეს მანამდეც არაერთხელ მომხდარა, ამჯერადაც ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აგრესიულობას აბრალებს. ინტერვიუში ასევე მოსკოვისთვის ჩვეულ სტილში აღინიშნება, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება თვითმიზანს არ წარმოადგენდა და რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის რევანშის სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებით მიიღო.
როგორც კი გაიგებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან მისი მინისტრები ამბობენ რაიმე პოზიტიურს რუსეთთან მიმართებით, ის, წესისამებრ, მაშინვე აკეთებს კომენტარებს აუცილებლად საპირისპირო მიმართულებით...
სერგეი ლავროვი

ლავროვის შთაბეჭდილებით, სააკაშვილი თავისას არც ახლა იშლის, ახალ ხელისუფლებას ეჯიბრება და მოსკოვთან ვერბალურ ბრძოლას განაგრძობს:

”როგორც კი გაიგებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან მისი მინისტრები ამბობენ რაიმე პოზიტიურს რუსეთთან მიმართებით, ის, წესისამებრ, მაშინვე აკეთებს კომენტარებს აუცილებლად საპირისპირო მიმართულებით. მაგრამ არ მგონია, რომ მას უკვე ვინმე უსმენდეს მსოფლიოში”.

თუკი სერგეი ლავროვის სიტყვებით ვიმსჯელებთ, მოსკოვს მოსწონს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პრაგმატიზმი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა არამც და არამც არ განიხილება საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის კონტექსტში.

”ლავროვი საქართველოს პოლიტიკური მტერია ... და თუკი ის ამბობს, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა კარგია, ესე იგი ის არ არის კარგი”, - აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. მისი განმარტებით, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის შეცვლას ცდილობს:

”ლავროვი უკანა რიცხვით ცდილობს ისევ ის გზა გამოიყენოს - საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ქართული კანონმდებლობის შეცვლის მხარდაჭერით ნელ-ნელა დაათმობინოს საქართველოს თავისი ოფიციალური, ლეგიტიმური პოზიციები. თუკი ჩვენ ამ გზას გავყევით, ისტორიის თვალსაწიერიდან გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც არასოდეს არ გვეპატიება”.

ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოსადმი განწყობას და, კერძოდ, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ასობით ათასი ადამიანის პრობლემას უკავშირდება, სერგეი ლავროვმა ”არტივიაისთან” ინტერვიუშიც ილაპარაკა. მისი განმარტებით, ვიდრე საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად გააქვს დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებული რეზოლუციები, ეს თემა დაბლოკილი იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე - ცხინვალისა და სოხუმის გადაწყვეტილებითა და მოსკოვის სოლიდარობით.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს ატანილი და მსოფლიოს მუდმივად ესმოდეს დევნილების საკითხების შესახებ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია...
პაატა ზაქარეიშვილი

სხვათა შორის, მსგავს რეზოლუციებზე უარის თქმისკენ საქართველოს ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფიც” მოუწოდებს 10 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამგვარ უარს საქართველოსთვის მიუღებლად და საზიანოდ მიიჩნევს ანალიტიკოსების დიდი ნაწილი. მათი აზრით, მთავარი პრობლემა, რის გამოც რუსეთს გაეროში მიღებული ეს რეზოლუციები აღიზიანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას უკავშირდება. მოსკოვს არასოდეს დაუმალავს გაღიზიანება იმის გამო, რომ ეს დოკუმენტი აქცენტს აკეთებს დევნილებზე, ანუ ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებზე, რომელთა სახლებიც დოკუმენტის მხარდამჭერებს საქართველოს ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - ეგულებათ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებულ რეზოლუციებს უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. სწორედ ამიტომ, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო გაეროს ტრიბუნაზე უარის თქმას არ აპირებს:

”ვინაიდან არავითარი დინამიკა არ არსებობს და წინ არ მიდის საკითხები დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ და ჟენევაში ის აშკარად იძირებოდა და ჭაობში ეფლობოდა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს ატანილი და მსოფლიოს მუდმივად ესმოდეს დევნილების საკითხების შესახებ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია”.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია საბოლოოდ და ნატოში გაწევრიანება...
მანანა კობახიძე

იმას, რომ გარკვეული ეჭვები გამოხატა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენების საფუძვლიანი გამოძიება გადაწყვიტა, ოპონენტებისგან განსხვავებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სულაც არ მიიჩნევს წყლის დასხმად რუსეთის წისქვილზე. როგორც 10 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, უამრავი კითხვა არსებობს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში და ამ კითხვებს გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს; თუ საჭიროა, საქართველოს პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, თუმცა ეს არ შელახავს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ფაქტი უდავოა, ხოლო ის, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, აბსოლუტურად არ უშლის ხელს საქართველოს მთავარ მიზანს - ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

”ჩვენი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია საბოლოოდ და ნატოში გაწევრიანება... ამის პარალელურად, ის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს - ეს გაცხადებული პოლიტიკური მიზანია, რასაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები”.

თუმცა რუსეთთან დაახლოების გზაზე არსებობს ამ ეტაპისთვის გადაულახავი წინაღობა: ვიდრე საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თბილისი გამორიცხავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოსკოვთან.