სატელიტური სურათები მიუთითებს, რომ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო აფეთქებამ და არა რაკეტამ

ავიაკატასტროფის ადგილი

აშშ-ის სატელიტური სურათები მოწმობს, რომ რუსეთის თვითმფრინავი, რომელიც ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოვარდა, იმსხვერპლა აფეთქებამ და არა რაკეტამ, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა 2 ნოემბერს განაცხადა, აფეთქების მომენტში და ადგილას ინფრაწითელი ტექნოლოგიით გამოჩნდა სიმხურვალის ტალღა, რაც მოწმობს, რომ თვითმფრინავი შიგნიდან განადგურდა, ბომბის ან საწვავის კონტეინერის აფეთქების შედეგად.

კერძოდ, მაღალჩინოსანმა NBC News-ს უთხრა, რომ მოხდა გარკვეული ტიპის აფეთქება და თვითმფრინავი დიდ სიმაღლეზე ყოფნისას დაიშალა, თუმცა არ არის მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახის რაკეტამ ჩამოაგდო.

ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომხდარის ობიექტური სურათის დასადგენად. უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა, რათა შესაბამისად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება...
ვლადიმირ პუტინი

ვარაუდი, რომ თვითმფრინავი რაკეტამ იმსხვერპლა, ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ვერსიას შორის, რომლებიც გავრცელდა თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე.

თვითმფრინავი 31 ოქტომბერს კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა, როცა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 224-ვე, ადამიანი. ეს არის უდიდესი კატასტროფა რუსეთისა და საბჭოეთის ავიაციის ისტორიაში.

ავარიიდან რამდენიმე საათში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა, რომელიც სინაიზე ეგვიპტის ძალებს ებრძვის, პასუხისმგებლობა იკისრა კატასტროფაზე, სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმების პასუხად, თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ ვარაუდს.

ექსპერტები ეჭვს გამოთქვამდნენ, რამდენად ჰქონდათ ამ რეგიონში მოქმედ ექსტრემისტებს ისეთი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავის ჩამოგდება. თუმცა არ გამოირიცხა ბომბის ან სხვა სახის შიდა აფეთქების შესაძლებლობა.

NBC-სთან საუბარში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, სატელიტი აღმოაჩენდა თვითმფრინავისთვის დამიზნებული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტის კვალს, თუკი ის მართლაც ისროლესო.

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 ნოემბერს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომხდარის ობიექტური სურათის დასადგენად. უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა, რათა შესაბამისად მოვახდინოთ ამაზე რეაგირება“.

ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ სმირნოვმა 2 ნოემბერს თქვა, პილოტის შეცდომის ან ტექნიკური გაუმართაობის შესაძლებლობა გამოირიცხაო.

თუმცა რუსეთის ავიაციის უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ნერადკომ გააკრიტიკა ავიაკომპანიის განცხადებები. მისი თქმით, ისინი ნაადრევი იყო და არ ემყარებოდა რეალურ ფაქტებს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, გამოძიების მსვლელობაში მოსკოვი ვერც ერთ ვერსიას ვერ გამორიცხავსო, თუმცა დასძინა, რომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს მიზეზების „გამოცნობისგან“.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ ფლობენ პირდაპირ მტკიცებულებას ინციდენტში ტერორისტების მონაწილეობის შესახებ.

მედიის კითხვას, შეეძლოთ თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს თვითმფრინავის ჩამოგდება, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლაპერმა უპასუხა, სავარაუდოდ, არა, მაგრამ ამ შესაძლებლობას მაინც არ გამოვრიცხავდიო.