რუსეთის გეგმას მოწინააღმდეგეები ცხინვალშიც გამოუჩნდნენ

ლეონიდ თიბილოვი, ვლადიმირ პუტინი. 2012 წელი

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები იმედით შეჰხარიან მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას, როგორც რუსეთთან შერწყმის საფუძველს. თუმცა ამ მიზნის მიღწევა, ეტყობა, არც ისე იოლი იქნება, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე გამოჩნდნენ ძალები, რომელთათვისაც მიუღებელია მოსკოვიდან მიღებული პროექტის შინაარსი.

„ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორისეპოქალური, ისტორიული შანსია დიდი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთთან ინტეგრაციის გზაზე“ – ასე ფიქრობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი, რომელიც 5 იანვარს ეწვია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას. ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულება იქნება სიმშვიდისა და კეთილდღეობის მომტანი და რომ სამხრეთ ოსეთი საბოლოოდ იქნება დაცული ყოველგვარი ახალი სავარაუდო პროვოკაციისგან. მამსუროვი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი პროექტი რუსეთის მიერ შეთავაზებული სახით დამტკიცდებოდა.

სტუმრის ოპტიმიზმს მხარი აუბა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. „ეს ძალიან სერიოზული დოკუმენტია, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვხაზოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონტური“, – თქვა მან და სიამოვნებით აღნიშნა, რომ ოსი ხალხი საგანგებოდ ემზადება ამ დიდი მოვლენისთვის და რომ მოსახლეობის „აბსოლუტური უმრავლესობა“ მხარს უჭერს ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთთან. მართალია, თიბილოვი გამოთქვამს იმედს, რომ ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ თებერვლის პირველი ათი დღის განმავლობაში გაფორმდება, მაგრამ ცხინვალიდან წამოსული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა პროცესი დროში გაჭიანურდეს.

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა, ე.წ. პარლამენტში შემავალი „სახალხო პარტია“ იყო. მართალია, რუსეთთან შეერთებაზე არც ამ პარტიის წევრები იტყოდნენ უარს, მაგრამ, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ალექსანდრ პლიევმა განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს:

იმის თქმა, შეუმდგარი პოლიტიკოსები არიანო... ანდა იმის თქმა, მხოლოდ ფილოსოფოსობენ და არაფრის გამკეთებლები არიანო, სულ მცირე, არაკორექტული და გაუმართლებელია. სამხრეთ ოსეთის თითოეულ მცხოვრებს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, რადგან ეს თემა ყველას ეხება...
ალან ჯუსოევი

„ხელშეკრულების ჩვენს ვარიანტში ვითხოვთ ერთობლივი ჯარისა და პოლიციის შექმნას და არა მთლიანად გადაცემას რუსეთისთვის... „ერთიანი ოსეთის“ მიერ მხარდაჭერილ ვარიანტში მოთხოვნილია, რომ ეს ყველაფერი რუსეთს გადავცეთ. ანატოლი ბიბილოვის, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერისა და პარტია „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო, რადგანაც ის ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინას. არ მესმის, რატომ წამოაყენა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ფორმულირებები. სხვა ყველაფერი მოგვწონს და ყველაფერს ვეთანხმებით“.

ე.წ. ხელშეკრულება შიდაპოლიტიკური მწვავე დაპირისპირების საფუძვლადაც იქცა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სახალხო პარტიას“ ოფიციალური ვებგვერდი დაუბლოკეს. არავის გამოჰპარვია, რომ ამ პარტიას მწვავედ დაუპირისპირდა მმართველი პოლიტიკური ძალა „ედინაია ოსეტია“ და მან ოპონენტებს პროცესის გაჭიანურების მცდელობით საქართველოს ინტერესების მხარდაჭერაც კი დააბრალა. როგორც ადგილობრივმა ექსპერტმა ალან ჯუსოევმა უთხრა „ეხო კავკაზას“, მმართველმა ძალამ უკადრებელი იკადრა და ასე დაუპირისპირდა ოპონენტების სამართლიან პროტესტს:

„იმის თქმა, შეუმდგარი პოლიტიკოსები არიანო... ანდა იმის თქმა, მხოლოდ ფილოსოფოსობენ და არაფრის გამკეთებლები არიანო, სულ მცირე, არაკორექტული და გაუმართლებელია. სამხრეთ ოსეთის თითოეულ მცხოვრებს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, რადგან ეს თემა ყველას ეხება. უმრავლესობის პარტიაა თუ უმცირესობის პარტია, მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც სამომავლოდ, დავუშვათ, როგორც უმრავლესობა იცხოვრებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ასევე იცხოვრებს უმცირესობაც“.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეცდომა არ დავუშვათ და არ ჩავყვეთ თიბილოვის განცხადებებს იმ დონეზე, რომ დავაზიანოთ ის ძირითადი სტრატეგია, რომელსაც ესოდენ მძლავრად – ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც...
გია ვოლსკი

ჯუსოევის თმით, 2015 წელი საკმაოდ რთული წელიწადი იქნება და მას არაერთხელ სმენია იმის შესახებ, რომ საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოსვლასაც გეგმავს ამ ე.წ. ხელშეკრულების პირველადი ვარიანტის გასაპროტესტებლად. ის ეთანხმება იმათ, ვინც ამბობს, რომ დოკუმენტის ამ სახით მიღება კარგად არ აისახება ხალხის სოციალურ მდგომარებაზე. ოს ექსპერტს აშინებს, მაგალითად, ის პერსპექტივა, რომ, რუსულ სტანდარტებთან დაახლოების შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებათა თანამშრომლების ნახევარი უმუშევარი დარჩება, რაც შესაძლოა ნიშნავდეს უმუშევარი შეიარაღებული ახალგაზრდების რიცხვის გაზრდას.

ნაბიჯს, რომელსაც მოსკოვი, სოხუმის შემდეგ, სულ მალე ცხინვალისკენაც გადადგამს, თბილისი „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არც საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალგზის მოწოდებას უწევს ანგარიშს, თბილისს მტკიცედ სჯერა, რომ ეს პრობლემა სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოგვარდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გია ვოლსკის თქმით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ორი გზა არსებობს: ერთი ეს არის შეიარაღებული დაპირისპირება და ომი, რაც გაუმართლებელია, ხოლო მეორე გზაა „გრძელვადიანი სწორი სტრატეგია, სადაც შენი მოკავშირეები არ მიგატოვებენ“.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეცდომა არ დავუშვათ და არ ჩავყვეთ თიბილოვის განცხადებებს იმ დონეზე, რომ დავაზიანოთ ის ძირითადი სტრატეგია, რომელსაც ესოდენ მძლავრად – ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც – მხარს უჭერს ბრიუსელიც და ვაშინგტონიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

2014 წლის 22 დეკემბერს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს საკითხი, კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების ჭრილში, გამოითქვა შეშფოთება ასევე იმის თაობაზე, რომ ანალოგიური „ხელშეკრულების" გაფორმება ცხინვალის რეგიონთან მიმართებითაც იგეგმება და რომ ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერა უგულებელყოფს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს.