21 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა სასულიერო პირების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთან, გიორგი მამალაძის ადვოკატებს, პროკურატურის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო, არ ეძლევათ შესაძლებლობა საზოგადოებას გააცნონ თავიანთი არგუმენტები.
საქართველოს საპატრიარქოში მისული სასულიერო პირები არ მალავდნენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქთან ბრალდებული დეკანოზის საქმეზე სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა გაკეთებული კომენტარებიდანაც კარგად ჩანდა, რომ სასულიერო პირთა ნაწილისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულო და ცრუ ბარლდების მსხვერპლია, ნაწილისთვის კი სარწმუნოა პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოტანილი ფაქტები. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს კომენტარი:
„მთავარია ახლა მამა გიორგისათვის წაყენებული ამ მძიმე ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს“.
დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში...გიორგი მარგველაშვილი
თუმცა სად არის სიმართლე, სწორედ ამაზე ვერ თანხმდებიან სასულიერო პირები. ტიტულარული ეპისკოპოსი, მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი არ ენდოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას:
„სიმართლე გაირკვევა, სიმართლე არ დაიმალება არასდროს. გვიან თუ ადრე, სიმართლე იზეიმებს. არ დაიკარგება სიმართლე, უფალი არ დაუშვებს. ...და ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამედ. არის ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა. გაირკვევა სიმართლე, ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება“.
იმისთვის, რომ ყველაფერი გაირკვეს და დალაგდეს, ბრალდებულ დეკანოზს უნდა მიეცეს თავის დაცვისა და მართლების საშუალება, რასაც ის მოკლებულია პროკურატურის მიერ დაწესებული შეზუდვის გამო. ასე ფიქროს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:
„დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი. როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს თუნდაც თავისი წილი დანაშაულისა თუ უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრობითობისა და უდუნაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. შესაბამისად, მე არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი და არც მოსამართლე, მაგრამ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორე მხარეს კი არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა“.
თუ კათოლოკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს პროკურატურა ამ ნების წინააღმდეგ წავა, იმიტომ რომ წლებია ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც პატრიარქი, უზარმაზარი ნდობის მქონე ადამიანი, რამეს ითხოვს, სახელმწიფო მზად არის გადასცეს ყველაფერი, რასაც ითხოვს...ლევან სუთიძე
შეჯიბრობითობის პრინციპისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე ჩივიან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებიც, თუმცა ბრალდებულის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, რომელსაც ხელი არ მიუწვდება გამოძიების მასალებზე, უარი განაცხადა გაუთქმელობის ხელწერილის დადებაზე და საზოგადოებას ბრალდების არგუმენტები გააცნო დეკანოზ გოორგი მამალაძესთან საუბრის შემდეგ. მიხეილ რამიშვილის თქმით, ადვოკატებს ასევე უნდა მიეცეთ პატრიარქთან შეხვედის საშუალება:
„პროკურატურას არაერთხელ უთქვამს, რომ პატრიარქის ჩამობრძანების შემდეგ გააცნობს პატრიარქს გარკვეულ დოკუმენტაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენც მოგვისმენენ, რადგანაც თანასწორობის პრინციპი არ უნდა იქნეს დარღვეული. შესაბამისად, მამა გიორგი ელოდებოდა პატრიარქის ჩამობრძანებას და მოხარულია მისი დაბრუნებით და მზად არის, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეხვდეს“.
ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. ამის შესახებ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა:
„პატრიარქი დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაიგოს, თუ რა მოხდა, და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. ის ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ასევე აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს უახლესი დღეების განმავლობაში“.
შემთხვევით არ არის, რომ პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ როგორც პროკურატურის, ასევე ბრალდებულის ადვოკატები. ჟურნალ „ტაბულის“ რელიგიის მიმომხილველის, ლევან სუთიძის, თქმით, დიდწილად პატრიარქის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელებას პოვებს აღნიშნული საქმე:
„თუ კათოლოკოს-პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს პროკურატურა ამ ნების წინააღმდეგ წავა, იმიტომ რომ წლებია ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც პატრიარქი, უზარმაზარი ნდობის მქონე ადამიანი, რამეს ითხოვს, სახელმწიფო მზად არის გადასცეს ყველაფერი, რასაც ითხოვს“.
ლევან სუთიძე ვარაუდობს, ასევე, რომ ხელისუფლება რაღაც ფორმით ცდილობდა ჩარეულიყო ეკლესიის საქმეში, თუმცა პატრიარქის განცხადებებიდან ჩანს, რომ ილია მეორე დიდად არ არის დარწმუნებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში - ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც დარწმუნებული იყო ხელისუფლება, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა.
„ამ პირობებში ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი, რადგანაც, როგორც ჩანს, ერთადერთი მიუმხროებლი მხარე ამ შემთხვევაში ისევ საზოგადოებაა და არა საქართველოს საპატრიარქო ან საქართველოს პროკურატურა“, უთხრა ლევან სუთიძემ რადიო თავისუფლებას.