როგორ ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ

21-22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის მცხოვრებნი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და კორპუსის უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვთ.

ანტიტერორისტული ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ ამ კორპუსის ბინადართა ერთი ნაწილი ჯერ კიდევ სასტუმროებში ცხოვრობს. იმ ბინებს, რომლებიც ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი იყო, ზარალის ოდენობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა აღდგენისთვის საჭირო თანხა მათ მფლობელებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

კორპუსის შესწავლა თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ 9 დეკემბერს დაასრულა და, მათი დასკვნის თანახმად, ავარიულობის მიხედვით, ნაგებობის დაზიანება მესამე ხარისხისაა.

ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ყველა ის მოქალაქე, რომელსაც მატერიალური ზიანი მიადგა, კომპენსაციას მიიღებს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მოქალაქეებისთვის, რაც მსგავს სიტუაციაში შეეძლო გაეკეთებინა.