აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, საქართველოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:05 წუთზე დაეშვა. მისი ტურნე, რომელიც ესტონეთს, საქართველოსა და ჩერნოგორიას აერთიანებს, მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის მესიჯის გადაცემას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და რომ არ შეეგუება აგრესიას რუსეთის მხრიდან. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ანალიტიკოსები უკავშირებენ ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ისახავს მიზნად და რომელსაც უკვე მოჰყვა საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან. მაიკ პენსის ვიზიტი დროში ემთხვევა ვაზიანში დაწყებულ ქარულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნას - „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 8 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ.
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა, კერძოდ, ტალინიდან, სადაც ის 31 ივლისს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდა და მკაფიო განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს თვალი დახუჭოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ამ კონტექსტში მან ილაპარაკა ნატოს ერთიანობისა და სიძლიერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შექმნილ მყიფე სიტუაციაში და თქვა, რომ საფრთხეს, მიმართულს ალიანსის წევრი ერთი რომელიმე სახელმწიფოსკენ, ერთიანი ძალებით მყისიერად უპასუხებენ სხვა წევრებიც. ამერიკა სადარაჯოზე დგას:
„ამ წუთასაც რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები, ძირი გამოუთხაროს სუვერენული ერების დემოკრატიებს და ერთმანეთის წინააღმდეგ გაყოს ევროპის თავისუფალი ერები. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ძალის გამოყენებას, მუქარას, დაშინებას, დამღუპველ ზეგავლენებს ბალტიის ქვეყნებისა და (ჩრდილოატლანტიკური) ხელშეკრულების სხვა ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ“.
ზუსტად ჯერ არავინ იცის, რის სათქმელად და შესათანხმებლად ჩამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოში, მაგრამ თუკი 30 ივლისს ტალინში „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული კომენტარით ვიმსჯელებთ, ვაშინგტონიდან წამოსული მესიჯი ერთნაირი იქნება მისი ტურნეს მარშრუტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც:
“პრეზიდენტმა ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპაში მარტივი მესიჯით გამომგზავნა: ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს ამერიკის მარტო ყოფნას. ჩვენი მესიჯი ერთნაირია როგორც ბალტიის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსა და ჩერნოგორიისთვის - ჩვენი მოკავშირეებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში: ჩვენ ვართ თქვენთან, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვრდით, თავისუფლების სახელით”.
იმავე ინტერვიუში მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მზადყოფნა უახლოეს ხანში მოაწეროს ხელი 25 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, ხოლო 27 ივლისს სენატის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს, რომელიც ძირითადად ეკონომიკური სანქციების რეჟიმს აძლიერებს რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის. დოკუმენტში სერიოზულ საფრთხედ არის შეფასებული საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები. განრისხებულმა რუსეთმა უკვე გადადგა საპასუხო ნაბიჯები: უფლებები შეუზღუდა რუსეთში მოღვაწე ამერიკელ დიპლომატებს და ამერიკის საელჩოსა და საკონსულოებში დასაქმებულთა რიცხვის 755 ერთეულით შემცირება მოითხოვა. 31 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკვე პესიმისტურად უყურებს ამერიკასთან ურთიერთობების სწრაფად გაუმჯობესების პერსპექტივას:
„საკმაოდ დიდხანს ველოდით, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა... გვქონდა იმედი, რომ სიტუაცია რაღაცნაირად შეიცვლებოდა...მაგრამ, როგორც ჩანს, თუკი ის მაინც შეიცვლება, ეს არ იქნება მალე“.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად, იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო (ჩერნოგორია). ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება აშშ-ის მხრიდან როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი...მიხეილ ჯანელიძე
ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მისამართით გამოხატულ უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ლაპარაკობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მაიკ პენსის ვიზიტიც ამ მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილად განიხილება. 31 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იყო მთავარი გარანტი საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მიმართულებებით. ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ ამ ტურნეს ფარგლებში მაიკ პენსი ძირითადად ნატოს წევრ ქვეყნებს სტუმრობს. გამონაკლისია - საქართველო. მაიკ პენსის ტურნეს მარშრუტზე ყურადღება მიხეილ ჯანელიძემაც გააკეთა:
„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში, საქართველოსთან ერთად, იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ესტონეთი და მონტენეგრო (ჩერნოგორია). ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება აშშ-ის მხრიდან როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გავრცელდა ბატონი ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო (ჩერნოგორია) არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით, თავისუფლების დასაცავად“.
საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ დაპირისპირებაში ფრონტის ხაზზე და, პარალელურად, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი...ბათუ ქუთელია
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია და ეს მოხდა მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერს ვაშინგტონში თავად მაიკ პენსი მასპინძლობდა. ამ ვიზიტის ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა 8 მაისს გამართული დაუგეგმავი შეხვედრა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტ პენსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში მიიღო. ანალიტიკოსებმა ეს ფაქტი მაშინ არა შემთხვევით, არამედ მეტად მნიშვნელოვან, საგანგებო ფაქტად განიხილეს და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც დაუკავშირეს. მოვლენათა ჩამონათვალში იყო, მაგალითად: კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; ამავე სიაში იყო 30 კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილი და ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ გააქტიურებული თანამშრომლობა. ამ ჩამონათვალს ახლა ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტიც შეემატა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება რუსეთის აგრესიული რევანშიზმის შეკავება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს ასევე უკავშირებს კონგრესის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს. შესაბამისად, ბათუ ქუთელიასთვის, ისევე როგორც სხვა არაერთი ანალიტიკოსისთვის, ნათელია ვაშინგტონის ინტერესის გაძლიერება თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ:
„საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ დაპირისპირებაში ფრონტის ხაზზე და, პარალელურად, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და დაცვა ამ საფრთხეებისგან არის აშშ-ის საშინაო პოლიტიკის საგარეო კუთხით გაგრძელება და სწორედ ამიტომ გვაძლევს ჩვენ შანსს, რომ ეს ისტორიული ფანჯარა გამოვიყენოთ და ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“.
ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო შექმნილი დაძაბული სიტუაციის ფონზე საქართველოს როლი უდავოდ იზრდება და აშშ-ის უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც დემოკრატიის უცვლელ ფასეულობებს ეყრდნობა, სწორად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს მისცემს შანსს გადაწყვიტოს მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
31 ივლისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. ოფიციალური შეხვედრები 1 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი და იმავე დღეს, 16:00 საათისთვის, მაიკ პენსი საქართველოდან ჩერნოგორიაში გაემგზავრება.