ბათუმი: თურქული სკოლა ნებართვის გარეშე

თურქული სკოლა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ოთხსართულიან შენობაში თურქული სკოლა უკვე ორი წელია, რაც ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესი ამ შენობაში 2016 წლიდან დღემდე მიმდინარეობს, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებად აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი აუცილებელი პროცედურა სკოლას არ გაუვლია.

Your browser doesn’t support HTML5

ბათუმი: თურქული სკოლა ნებართვების გარეშე


სკოლა ექვემდებარება ბათუმში არსებულ თურქეთის საკონსულოს, სადაც აცხადებენ, რომ იგი საქართველოს მთავრობის თანხმობით დაფუძნდა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საკონსულო წერილობით ატყობინებს, რომ აღნიშნული სკოლა ამჟამად მხოლოდ თურქ ბავშვებს ემსახურება. „სკოლასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მომზადდა ორმხრივი შეთანხმება, რომლის ხელმოწერა უახლოეს მომავალში იგეგმება და ბოლო ეტაპს გადის. აღნიშნული სკოლა გაზრდის ახალ თაობებს, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ წერილში, რომელიც საკონსულომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესი, რომლის სტანდარტებს ადგენს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ ის მიადევნებს თვალს ავტორიზაციის პროცესს...
ინგა შამილაშვილი

თავად სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს და უარს აცხადებს ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობაზე, დაცვის სამსახური კი სკოლასთან მიახლოებისას ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას ითხოვს:

„არ შეიძლება-მეთქი! ვინ ვბრძანდები და დაცვა ვარ!“

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ადასტურებს, რომ სკოლას ავტორიზაცია არ აქვს გავლილი და განმარტავს იმ აუცილებელ პროცედურას, რომელიც სკოლამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო პროცესი წარმართოს:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესი, რომლის სტანდარტებს ადგენს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სწორედ ის მიადევნებს თვალს ავტორიზაციის პროცესს და მხოლოდ ამ ყველა პუნქტის გავლის შემდეგ, როდესაც სკოლას მიენიჭება ავტორიზაცია, მას შემდეგ განახორციელებს ის საგანმანათლებლო პროცესს. ამიტომ ჯერჯერობით ამ პროცესებში არ არის ჩართული ეს სკოლა და თუ იგი გაივლის ამ პროცესს, შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ეს არის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრეროგატივა, ის ახორციელებს ავტორიზაციის პროცესს“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ არაავტორიზებული სკოლები მათ არ ეხებათ, ბათუმში მოქმედ თურქულ სკოლას კი მათთვის განაცხადით ჯერ არ მიუმართავს.

აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, აკრედიტაცია. მას არეგულირებს საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რომლის გარეშე შეუძლებელია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის წესით...
პაატა დიასამიძე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საგანმანათლებლო საქმიანობა შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ისჯება ჯარიმით. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბათუმის ოფისში ფიქრობენ, რომ თურქული სკოლის საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე:

„აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, აკრედიტაცია. მას არეგულირებს საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, ეს აუცილებელი მოთხოვნაა, რომლის გარეშე შეუძლებელია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის წესით. შესაძლებელია საქაღთველოში ფუნქციონირებდეს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ ამას სჭირდება სპეციალური ნებართვა, რეგულაცია და აკრედიტაციის გავლა. ამის გარეშე კი დაუშვებელია განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, რაც იწვევს პასუხისმგებლობას და ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე.

ბათუმში თურქული სკოლა ავტორიზაციის გარეშე უნებართვოდ აშენებულ შენობაში ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრში მდებარე ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და ისე შევიდა ექსპლუატაციაში, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის ნებართვა დღემდე არ აქვს. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ობიექტი დაჯარიმებულია:

„იმ ეტაპზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოხდა სკოლის დაჯარიმება. ამ ეტაპზე კი ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, ვინაიდან სკოლას გააჩნია ავტორიზაციასთან არსებული პრობლემებიც და გარკვეულ ქმედებებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით. დემონტაჟი არის უკიდურესი ფორმა, მანამდე გასარკვევია და მოსაგვარებელია სხვა პროცედურული საკითხი“.

თურქული სკოლა

თურქული სკოლა ბათუმში 2016 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და დაემთხვა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ბათუმში უკვე არსებული შაჰინის სახელობის სკოლა- ლიცეუმს ავტორიზაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც ბათუმში თურქეთის კონსულმა განცხადა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით. გიულენს კი, თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯიფ ტაიფ ერდოღანი, გადატრიალების მცდელობის მთავარ ავტორად ასახელებს.

ამ ფაქტის შემდეგ საქართველოს განათლების სამინისტრომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა, რის გამოც სკოლამ საქმიანობა შეწყვიტა. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ამბობს, რომ ახალი თურქული სკოლის იმ დროს დაფუძნება, როდესაც შაჰინის სახელობის თურქულ ლიცეუმს პრობლემები შეექმნა, ეჭვს ბადებს:

„ემთხვევა პერიოდი - ჩვენი სკოლის დახურვამდე ამ სკოლის დაფუძნება, ყველა ჩვენი თურქი მოსწავლის გადინება და იმ სკოლაში გადასვლა. დაახლოებით 120-მდე მოსწავლე გადავიდა იმ სკოლაში ჩვენი სკოლიდან, რომლებიც იყვნენ თურქეთის მოქალაქეები, იყვნენ საკონსულოს თანამშრომლების, თურქი მოქალაქეების შვილები, რომლებიც საქართველოში ბიზნეს ან სხვა სახის საქმიანობას ეწევიან. ისე ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს, რომ ამ პროცესისთვის მიმდინარეობდა მზადება და ამ თურქული სკოლის დამფუძნებელი, ვინც ააშენა ეს სკოლა, ჩვენი სკოლის დახურვის შემდეგ მისი განცხადება ღიად იყო მის ფეისბუკგვერდზე, რომ ბათუმში დაიხურა ტერორისტების სკოლა და ჩვენ მიერ დაფუძნებული სკოლა კი ფუნქციონირებას აგრძელებსო. ეს ინფორმაცია ღიად ედო დამფუძნებელს, კომპანია „მეტროს“ მფლობელს“.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე ამბობს, რომ სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებლებმა სასამართლოში გაასაჩივრეს საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, დავა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ ისინი სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას.