გამოვა კონკურენცია კოალიციაში?

გიორგი კვირიკაშვილი, დავით უსუფაშვილი

რესპუბლიკური პარტია არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ დაუყოვნებლივ გასვლას, განაცხადა ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, „ქართული ოცნებაც“ დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვის მომხრენი არიან.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ეროვნული კომიტეტის მიერ 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით, იმისათვის რომ კოალიცია ახალი პოლიტიკური რეალობისთვის მომზადებულიყო. ხათუნა სამნიძის თქმით, რესპუბლიკური პარტია არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდუალურ რეჟიმში, და ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან რესპუბლიკელების დაუყოვნებლივ გასვლას.

ხათუნა სამნიძემ „ქართულ ოცნებასთან“ სამომავლო კოალიციურ თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და ის პირობებიც დაასახელა, რომელსაც მომავალი თანამშრომლობისას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა:

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელებისა და ვიდეოშანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“.

ამ ეტაპზე საჭიროა მთავრობაში მუშაობა ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შევეცდებით ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე...
გიორგი კვირიკაშვილი

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს, შეხვდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნებაც“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიც ამასვე იზამენ. ამჟამად კოალიცია შედგება შემდეგი პოლიტიკური ძალებისგან: „ქართული ოცნება“, რესპუბლიკური პარტია, „მრეწველთა პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „კონსერვატორები“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობა არსებული შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას, ხოლო არჩევნების შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება გაცილებით დემოკრატიულია და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებაში არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ვეძებოთ:

„ამ ეტაპზე საჭიროა მთავრობაში მუშაობა ჩვეულებრივად გავაგრძელოთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შევეცდებით ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე“.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკელთა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იყარონ კენჭი არჩევნებზე არ ეკუთვნის რესპუბლიკურ პარტიას და გადაწყვეტილება არ მიღებულა მხოლოდ რესპუბლიკელების გადასახედიდან. ნათელი იყო, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობა და რესპუბლიკელები ამ გამოწვევას იღებენ.

დღეს ბევრი სვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ რესპუბლიკელებმა და „ქართულმა ოცნებამ“ თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა. როგორ და ასე!..
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის თქმით, მათი მოქმედებებით არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება ქვეყნის უსაფრთხოება, არ გაჩნდება არანაირი კითხვა ქვეყნის განვითარების ვექტორთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილის სიტყვებით, რესპუბლიკური პარტია და „ქართული ოცნება“ დღეიდან გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში:

„დღეს ბევრი სვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ რესპუბლიკელებმა და „ქართულმა ოცნებამ“ თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა. როგორ და ასე! სხვანაირად, თუ ყველა კოალიცია, არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშალა, მთავრობა წავა-წამოვა, მაშინ როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება?“

პარტია „ქართული ოცნება“ სამომავლო გეგმებს აპრილის დასაწყისში დააზუსტებს, როცა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე პრემიერმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი უკვე გამოხატა მედიასთან; არჩევნებში დამოუკიდებლად, ხოლო პარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბების მომხრენი არიან მრეწველები; საამისოდ მზაობის თაობაზე ლაპარაკობენ კონსერვატორებიც; „ეროვნული ფორუმი“ თავის გეგმებს ყრილობის შემდეგ გაახმაურებს. პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს რეალობაში რესპუბლიკურ პარტიას ძალიან გაუჭირდება კოალიციურ რეჟიმში „ქართული ოცნების“ კონკურენტი იყოს და ასე მივიდეს არჩევნებზე.

კოალიცია, როგორც ძალზედ ეკლექტური წარმონაქმნი, არჩევნებამდე რომ ვერ მიაღწევდა, ეჭვი არ ეპარებოდა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მას უჭირს შეაფასოს რესპუბლიკური პარტიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის, შანსები საარჩევნოდ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასე პროცესი უფრო დემოკრატიული იქნება.