რესპუბლიკური პარტია არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში დარჩება

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად, ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. მისი ინფორმაციით, ეროვნული კომიტეტის მიერ 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით იმისათვის, რომ კოალიცია მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის.

ხათუნა სამნიძის თქმით, პარტიის გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკელების დაუყოვნებლივ გასვლას მმართველი კოალიციიდან, მთავრობიდან და პარლამენტის და საკრებულოების უმრავლესობიდან. ხათუნა სამნიძის განმარტებით, ამ საკითხებს რესპუბლიკური პარტია ეტაპობრივად გადაწყვეტს, რაც დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე.

„სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების ულტიმატუმების ფონზე“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკელები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ განახლებაზეც.

„ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება“ - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ რესპუბლიკელები შეეცდებიან მათი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც შესაძლოა გახდეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატოს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი. გარდა ამისა, რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.

"ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება, ფრაქცია "რესპუბლიკელები" იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა", - ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმზე გადასვლით წყვეტენ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციური ფორმატით საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და დროსა და ენერგიას მიმართავენ პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ. რესპუბლიკელების განცხადებითვე, მათი გადაწყვეტილება პარტია "ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს დასახულ პოლიტიკურ გზას, არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლას. „ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე“ - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.