ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შედეგადაც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი განისაზღვრა 6,75%-ით. ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის თანახმად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად მოსალოდნელია, რომ 2017 წელს ინფლაცია იქნება ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად განაპირობებს ერთჯერადი ფაქტორები, მათ შორის სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა. ეროვნული ბანკის განმარტებითვე, გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად განაპირობებდა გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირის გაუფასურება და ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება.„ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინი, მის მისათოკად ეროვნული ბანკი არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად, ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მოექცევა მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში და სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მის ნეიტრალურ დონეს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 1,8%.