რატომ იცლება სოფელი?

სოფელი გრძელჭალა, ყვარელი

კახეთში სოფლების ხალხისგან დაცლა განსაკუთრებით პატარა დასახლებებშია თვალშისაცემი - იქ, სადაც 500 და უფრო ნაკლები კომლი ცხოვრობს.

კახეთს პატარა სოფელი ბევრი აქვს. უმეტესი მათგანი ბარში მდებარეობს - იქ, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერია, რომ ოჯახმა სოფლისთვის შესაფერისად იცხოვროს, თუმცა სულ უფრო ხშირად ვხედავთ სახლებს, რომლებიც მოუვლელობისა და უყურადღებობისგან გაპარტახებულია. რატომ იცლება სოფელი? - ეს შეკითხვა ჩვენ თავად სოფლის მოსახლეობას დავუსვით:

„ყველაზე დიდი პრობლემა სამსახურებია. ერთი ორ თავ ყველს გამოვიტანთ ხოლმე, რომ პურის ფული მაინც გვქონდეს. ყველანაირად გვიჭირს. გაუსაძლისია ცხოვრება!“

„წლები გადის და ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ვერ გააკეთეს, რომელ განვითარებაზეა ლაპარაკი?! მხოლოდ გზას ვინ ჩივის, არ გვაქვს წყალი და ბუნებრივი აირი“.

სოფელში მცხოვრებ ერთ ჩვეულებრივ ოჯახს 1 ჰა და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს. შესაბამისად, მისი წლიური შემოსავალიც იმაზეა დამოკიდებული, რას მოიყვანს ამ ნაკვეთში, რამდენს და რა ფასად გაყიდის. მაგალითად, ლაგოდეხის ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ძირითადად სიმინდი და საზამთროს ბაღი მოჰყავს. უფრო ნაკლებს - კიტრი და პომიდორი, შემდეგ მოდის სხვა ბოსტნეული კულტურა. ზოგჯერ მოსავალი კარგი მოდის, მაგრამ ფასი არ აქვს, ზოგჯერ პირიქითაა. ასეა სიმინდის შემთხვევაშიც. 2015 წელს მოყვანილი სიმინდი გლეხების დიდ ნაწილს ჯერ ისევ გასაყიდი აქვს, რადგან მას ახლა ისეთი ფასი აქვს, რომ გლეხი ხარჯებს კი დაფარავს, მაგრამ მოგებას ვერ ნახავს. სოფლის მეურნეობით იმედგაცრუებული მოსახლეობის ნაწილმა უკვე გადაწყვიტა და სოფელი დატოვა. ისინი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდნენ.

„ჩემი აზრით, ძალიან მარტივი გასაკეთებელია: ააშენე ფაბრიკა-ქარხნები და დაასაქმე ადამიანები - ისე, როგორც ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ. წარმოება თუ არ იქნა, ყოველთვის რთული იქნება არსებობა“.

სოფლებს მხოლოდ ამ მიზეზით არ ტოვებენ. ხშირად საბაბი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობაა. მაგალითად, კახეთში ერთი მუნიციპალიტეტიც კი არ არსებობს, სადაც წყლის მიწოდების და ხარისხის პრობლემა იყოს მოგვარებული. ასეა გზებთან დაკავშირებითაც. არადა, სოფლებში ამ პრობლემების მოგვარებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ბოლო 5 წლის განმავლობაში 700-კომლიანი სოფლის წყლით მომარაგებაზე 300 ათას ლარამდეა გახარჯული, პრობლემა კი დღემდე არსებობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ამბობს, რომ შიდა მიგრაცია არის, თუმცა არა მასშტაბური და საგანგაშო.

„მოსახლეობა თვლის, რომ ქალაქში სამსახურის შოვნის ალბათობა მეტია და ამიტომ სოფლიდან ძირითადად ახალგაზრდები მიდიან, მაგრამ, როგორც მე ვიცი, ამას მასობრივი სახე არ აქვს“.

საკრებულოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, სოფლების ხალხისგან დაცლა შეამჩნია ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა:

„სოფლების დაცლა ძალიან შესამჩნევია. სიტყვაზე, სოფელ აფენში რომ გაიარო, ალბათ, 100 სახლიდან 20-25 დაკეტილია. ხალხისგან დაცლა პატარა სოფლებს უფრო ეტყობა. გლეხი ძირითად შემოსავალს შემოდგომაზე ელოდება და სხვა დროს მას ყოველდღიური ფული უჭირს. სოფლებიდან ქალაქში მიდიან, რადგან ვაჭრობა მეტად არის განვითარებული. დღიურ სამუშაოს იქ უფრო ნახულობენ“.

როგორც ცნობილია, საქართველოში საყოველთაო აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, მაგრამ საბოლოო მონაცემები, სად რამდენი ადამიანი ცხოვრობს, არ არის გამოქვეყნებული, თუმცა კვლევების ნაწილი უკვე საჯაროა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ კახეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 89 ათასით შემცირდა. კახელები საცხოვრებელ ადგილად ხშირად დედაქალაქს ირჩევენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა.