კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, შეხვდნენ. ქალაქის ისტორიული ნაწილის დამცველებმა მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა 27 ოქტომბერს ოფიციალური წერილით მოითხოვეს და მიზეზიც განმარტეს. საქმე ეხება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოს შემადგენლობას, რომელიც ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქის ისტორიულ განაშენიანების არეალში სამშენებლო პროექტების დამტკიცებაზე. ორგანიზაცია „ბათომის“ აქტივისტ შოთა გუჯაბიძეს მიაჩნია, რომ საბჭო ქალაქისთვის მავნე გადაწყვეტილებებს აწერს ხელს და ხშირ შემთხვევაში კორუფციულ გარიგებებშიც კი მონაწილეობს:
Your browser doesn’t support HTML5
„ე. წ. ზონალური საბჭო ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობს, ქალაქისთვის საზიანოს. მაგალითად, რაც თვალნათლივ ჩანს, ყველანაირი გეგმისა და გათვლების გარეშე, ქაოტური მშენებლობა მიმდინარეობს, რომელმაც ქალაქი, უბრალოდ, წაშალა. გარდა ამისა, თანმდევი პროცესები ახლავს: შუქი, ჰაერი, საცობები და ა.შ. ბევრი პრობლემა მოიტანა. ეს ყველაფერი სწორედ ამ საბჭოზე წყდება და ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ეს ადამიანები არიან არაკომპეტენტურები, თანამდებობრივი ნიშნით დანიშნული ჩინოვნიკები და ხშირ შემთხვევაში მოტივირებულებიც“.
ზონალური საბჭოს შვიდივე წევრი საჯარო მოხელეა. მათგან ორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელია, დანარჩენები კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის, რეგიონის ეკონომიკის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. საბჭოს წევრია, აგრეთვე, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც საბჭოში გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის უფლებით სარგებლობს, მანამდე კი საბჭოზე წარსადგენად სწორედ იგი იღებს და ამზადებს საინვესტიციო სამშენებლო წინადადებებს. ზონალურ საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკომპლექტებს და, კანონის თანახმად, მისი წევრები დარგის სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სწორედ საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და მისი კანონის შესაბამისად დაკომპლექტებას მოითხოვდნენ საზოგადოება „ბათომის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე თანახმაა ზონალური საბჭოს წევრები შეცვალოს. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველების კატეგორიული მოთხოვნაა, საბჭოში არ შევიდნენ მოქმედი არქიტექტორები და იგი მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდეს:
„მოქმედი არქიტექტორი, რომელიც შეკვეთებს ასრულებს, არ უნდა იყოს ამ საბჭოში. ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და, დავაკონკრეტოთ, დარგის ექსპერტი ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტს. ეს შეიძლება იყოს არქიტექტორ-რესტავრატორი და ხელოვნებათმცოდნე“.
საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლებისა და მთავრობის თავმჯდომარის ერთსაათიან შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი. შეხვედრიდან გამოსული სხვა ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, მხოლოდ ამ უკანასკნელმა გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან:
ორგანიზაცია „ბათომი“ კი მომავალში აქცია-გამოფენისთვის ემზადება. ბათუმის ისტორიულ უბნებში ისინი ფოტოებს გამოფენენ, სადაც ნაჩვენები იქნება, რა დაინგრა და რა არა ბოლო 25 წლის მანძილზე ქალაქში...
„დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება და, ბუნებრივია, დასკვნაც იქნება შესაბამისი, რაც მისაღემი იქნება საბჭოსთვის და ქალაქისთვის. კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ და ზონალური საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება. ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის და მივესალმები“.
გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის დამცველებიც მიესალმებიან, თუმცა, როგორც აქტივისტი ირმა ზოიძე ამბობს, მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ ზონალური საბჭოს ახალი შემადგენლობის შერჩევაა. საბჭო, მისივე თქმით, საზოგადოების ნდობით მოსარგებლე დარგის სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს, მათ ნაწილს კი ხელისუფლებას საზოგადოება „ბათომი“ შესთავაზებს:
„ამ საბჭოში უნდა იყვნენ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები, დარგის სპეციალისტები, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებია, ვისაც ავტორიტეტი აქვს, ვინც იბრძოდა ამ ცვლილებებისთვის. მოდი, ეს ადამიანები ჩავრთოთ, ანუ გარედან კი აღარ იყვირონ, გადაწყვეტილების მიღებაში ჩავრთოთ. სხვანაირად არ გამოვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ საქმეს“.
კულტურული მემკვიდრეობის დამცველ აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს. რეგიონის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო გუჯაბიძემ კი განაცხადა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ზონალური საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებას გარკვეული დრო დასჭირდება:
„დრო დასჭირდება, რომ დარგის სპეციალისტები ჩავრთოთ, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ბათუმში, სამწუხაროდ, არ გვყავს ბევრი, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩავრთოთ თბილისელი სპეციალისტები, ახალი წევრების სია წარვადგინოთ, გავიაროთ მუშაპროცესი. თავისთავად ეს შემადგენლობაც იქნება, ალბათ, საზოგადოება „ბათომთან“ წარდგენილი და მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული შემდგომშიც“.
ორგანიზაცია „ბათომი“ კი მომავალში აქცია-გამოფენისთვის ემზადება. ბათუმის ისტორიულ უბნებში ისინი ფოტოებს გამოფენენ, სადაც ნაჩვენები იქნება, რა დაინგრა და რა არა ბოლო 25 წლის მანძილზე ქალაქში. მათ შორის ათეულობით განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ისტორიული შენობაა, რომლებიც მაღალსართულიანი კორპუსებით ჩანაცვლდა.