"კაზანტიპის რესპუბლიკა" სტუმრებს ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე მიიღებს. ტერიტორია უკვე შემოისაზღვრა, სცენა აიგო და მოსამზადებელი სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება. ანაკლიის მოსახლეობა ტურისტების მისაღებად კარ-მიდამოს აწესრიგებს, პარალელურად კი ეკლესია "კაზანტიპის" წინააღმდეგ გამოდის. როგორ ემზადებიან ანაკლიაში კაზანტიპისთვის, რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას და რას გეგმავენ პროექტ "კაზანტიპის" ორგანიზატორები?..
„კაზანტიპი“ უკვე გადაწყვეტილია: ორი თვის წინ გადაწყდა, ჩატარებულიყო. და ეს თემა აქტუალური მაისის დასაწყისში გახდა. ის ხალხი, რომელსაც თოთხმეტ აგვისტოს ჩამოსვლა და რაღაც მასკარადის მოწყობა უნდა, აქამდე სად იყო?..დათა შელია
ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ხალხმრავლობაა. განუწყვეტლივ ისმის გადაძახილ-გადმოძახილი ქართულად, რუსულად და მეგრულად. აგვისტოს ცხელ ამინდში, ზღვის პირას შეკრებილი ხალხი აქ უჩვეულო არ არის, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ახლა ბულვარში ირევიან, დამსვენებლები არ არიან. მაისიდან მოყოლებული, უკვე მესამე თვეა, აქ „კაზანტიპის რესპუბლიკა“ შენდება. 20 აგვისტომდე მშენებლობა უნდა დასრულდეს, იქამდე კი დიდი დრო არაა დარჩენილი.
ანაკლია პატარა, ზღვისპირა დასახლებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვართან. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ადრე ეს ადგილი მთლიანად დაჭაობებული იყო და თუ ვინმე ჩამოვიდოდა, მხოლოდ ჭაობის ფრინველებზე სანადიროდ. ინფრასტრუქტურის განვითარება აქ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ანაკლიასთან ახლოს ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობა გადაწყდა. ზღვის სანაპირომდე მისასვლელი გზები დაიგო და სამი დიდი სასტუმროც აშენდა. მოსახლეობა შიგადაშიგ შემორჩენილი ჭაობების ამოშრობას კი პროექტ „კაზანტიპის“ დაწყებამდე ცდილობს.
ნუგზარ მიქავა ანაკლიაში სამუშაოდ ზუგდიდიდან დადის. ტურისტების მისაღებად მზადების პროცესში ისიც ჩართულია. ზღვასთნ ახლოს, გზის პირას, პატარა ჭაობთან მდგარ სამ კოტეჯს აახლებენ დამსვენებლების დასაბინავებლად:
"ეს კოტეჯი აგერ იდგა, ჩვენ უკან, ახლა სხვა ფორმას ვაძლევთ, აქეთ მხარეს გადმოგვაქვს. ეს ჭაობი ნელ-ნელა უნდა დავაშროთ, ღორღით - ხრეშით უნდა ამოვავსოთ, იმიტომ რომ აქ ფესტივალი ტარდება და ვალამაზებთ ტერიტორიას. სასტუმროები კი არის აქ, მაგრამ ის უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე კოტეჯი. ის მცირე შემოსავალი კი, რაც აქ იქნება, მეპატრონეს დააკმაყოფილებს".
ანაკლიელებს სახლ-კარის მოსაწესრიგებლად ორიოდე კვირა დარჩათ, ამიტომაც მუშაობა აქ დილიდან საღამომდე არ წყდება. ზოგი ეზოში, ღია ცის ქვეშ კაფეს აწყობს, ზოგი ოთახებს ამზადებს გასაქირავებლად. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ დამსვენებლების მოთხოვნები. ყველაზე მთავარი კი, როგორც ყვებიან, საპირფარეშოსა და სველი წერტილების მოწესრიგებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კოსმეტიკური რემონტიც, რაც სახლების გარეგნულად გალამაზებას გულისხმობს. პროექტ „კაზანტიპის“ გამო აქ იმაზე მეტ ტურისტს ელოდებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შესაბამისად, შემოსავლის იმედიც აქვთ. ამიტომაც ზოგმა ბანკში კრედიტი აიღო, ზოგი კი თავისი სახსრებით ცდილობს, კარ-მიდამო მოაწესრიგოს.
ცალკეული პირები, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან, ამას არ უარვყოფ, თუმცა ყველა პირობა არ სრულდება. უფრო მეტ ლოიალურობას ვისურვებდი, რადგან უნდა დავინახო რაღაც აზრი, პერსპექტივა ჩვენი აქ ყოფნისა, თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს...ნიკიტა მარშუნოკი
ნიკუშა გაბისონია ჩვიდმეტი წლისაა. ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, თუმცა ორსართულიანი სახლი ანაკლიაშიც აქვთ. მეგობრებთან ერთად საქმიანობას დილაადრიან იწყებს, რომ 10 აგვისტომდე მთავარი სამუშაოს დასრულება მოასწროს. მწვანე, ხუთკუთხა სახლი და ეზო ჯერ არეულ-დარეულია. აქა-იქ სამუშო იარაღები ყრია და ელექტროგაყვანილობაც მოსაწესრიგებელია. ნიკუშა ახლა აივნის მოაჯირს თეთრი საღებავის მეორე ფენას უსვამს:
"ახლა კოსმეტიკურ სამუშაოებს ვასრულებთ. სახლს გარედან ვღებავთ, რომ ლამაზი იყოს და კლიენტები, ტურისტები მოიზიდოს. შემდეგ ფანჯრებსა და ეზოს მივხედავთ. შიგნით უკვე თითქმის ყველაფერი მზადაა და დაახლოებით 10 რიცხვისთვის დასრულდება. სახლმა დაახლოებით 20 ტურისტი უნდა დაიტიოს".
ნიკუშა გაბისონია ჯერ არასრულწლოვანია, ამიტომაც „კაზანტიპის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ვერ შევა, თუმცა 20 აგვისტოს მაინც ენთუზიაზმით ელოდება - ისევე, როგორც ანაკლიის მოსახლეობის უმეტესობა. მათ აქციაც კი გამართეს, რათა „კაზანტიპის“ მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულება გაეპროტესტებინათ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს საპატრიარქო „კაზანტიპს“ აქტიურად ეწინააღმდეგება. მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
"კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი "ტურისტი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა“.
სამღვდელოების ნაწილი და მრევლი 14 აგვისტოს ანაკლიაში საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ პროექტის ჩაშლის უფლებას არავის მისცემენ.
დათა შელია ანაკლიაში „კაზანტიპის“ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობს. პატარა მაღაზია და სახლი აქვს, რომელსაც ტურისტებზე აქირავებს. როგორც ამბობს, საკმაოდ მძიმე პირობებში ანაკლიელებს ძლივს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ და შანსი მიეცათ, ტურისტული ზონა განავითარონ:
„კაზანტიპი“ უკვე გადაწყვეტილია: ორი თვის წინ გადაწყდა, ჩატარებულიყო. და ეს თემა აქტუალური მაისის დასაწყისში გახდა. ის ხალხი, რომელსაც თოთხმეტ აგვისტოს ჩამოსვლა და რაღაც მასკარადის მოწყობა უნდა, აქამდე სად იყო? ხმა მანამდე ამოეღოთ. თავიდანვე რატომ არ გამოხატეს პროტესტი: მარხვას ემთხვევა და რადგან უკვე გადაწყვეტილია, მოდი, ჩავატაროთ ეს ფესტივალი მარხვამდე ან მარხვის შემდეგო? ახლა მარხვით სპეკულირებენ, ეგრე არ გამოვა. ესენი კუნთებზე იყურებიან და კუნთებზე ყურებით ყველანი წავაგებთ".
სანამ ანაკლიის მოსახლეობა კარ-მიდამოს აწესრიგებს, „კაზანტიპის რესპუბლიკის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ადგილი, სადაც ელექტრონული მუსიკის კონცერტები და სხვა დაგეგმილი ღონისძიებები უნდა გაიმართოს, განმუხურის ტერიტორიაზეა.
„კაზანტიპმა“ ყირიმის ნახევარკუნძულიდან საქართველოში 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადმოინაცვლა, სადაც 1992 წლიდან არსებობდა. როგორც „კაზანტიპის“ ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, ეს არ არის ფესტივალი, არამედ, პროექტია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. „ეს არის არარსებული რესპუბლიკა სადღაც მზისქვეშეთში... რომელიც 1992 წელს ნიკიტა მარშუნოკმა დააარსა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა“, - ვკითხულობთ ვებგვერდზე.
განმუხურში კაზანტიპის ტერიტორია სამი მხრიდან რკინის ღობითაა შემოსაზღვრული და დამსწრეებს იქ მოხვედრა ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი ნახევარკილომეტრიანი ხიდით შეეძლებათ. სამი თვის განმავლობაში ელექტრო ხაზები გაიყვანეს, სცენა ამფითეატრითურთ ააგეს, ზღვის სანაპიროზე პალმები დარგეს, ბილიკები გაიყვანეს და „რესპუბლიკა“ სტუმრების მისაღებად მოამზადეს – როგორც პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ამბობს – საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარების გარეშე:
"ცალკეული პირები, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან, ამას არ უარვყოფ, თუმცა ყველა პირობა არ სრულდება. უფრო მეტ ლოიალურობას ვისურვებდი, რადგან უნდა დავინახო რაღაც აზრი, პერსპექტივა ჩვენი აქ ყოფნისა, თუმცა ამას ყველა ვერ აცნობიერებს. უნდა დავმკვიდრდეთ და საქმე ვაკეთოთ. არაა საჭირო დროისა და ენერგიის ხარჯვა მსჯელობაზე - კარგია ეს თუ ცუდი. მოდი, გავაკეთოთ ეს საქმე და შედეგებზე სექტემბერში ვილაპარაკოთ. მე ხომ მომწონს, თქვენც მოგეწონებათ".
ნიკიტა მარშუნოკის თქმით, კაზანტიპისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი მაღალი დონის ღონისძიების ჩასატარებლად გამოდგება. როგორც ამბობს, თუ კაზანტიპი სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებს, ეს იქნება „რესპუბლიკის“ საჩუქარი საქართველოსთვის. „თუმცა წასვლაზე საუბარი ჯერ ადრეა“, - ამბობს „კაზანტიპის“ პრეზიდენტი. - „ვნახოთ, როგორ ჩაივლის ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ ძალიან მოგვწონს“.