თითქმის ერთი თვეა, თბილისის მერია მტკვარს ნარჩენებისგან წმენდს. მდინარიდან ამოაქვთ საყოფაცხოვრებო ნაგავი, შლამი და ხე-მცენარეები. ეს სამუშაოები არ ეხება მდინარის სხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის, კანალიზაციის პრობლემას. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, სწორედ კანალიზაციაა თბილისში მდინარე მტკვრის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი.
Your browser doesn’t support HTML5
მტკვარში წყლის ხარისხს გარემოს ეროვნული სააგენტო ამოწმებს. მდინარეში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიშნულია წერტილები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები წყლის ნიმუშს იღებენ და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების შემადგენლობაზე ამოწმებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ამბობს, ანალიზების მიხედვით, ყველაზე დიდი პრობლემა წყალში ამონიუმის აზოტის შემადგენლობაა. ამ ნივთიერების არსებობა საკანალიზაციო ნარჩენის ჩაღვრაზე მიუთითებს. ნორმალურ პირობებში, როგორც მარინე არაბიძე ამბობს, ამ ნივთიერების წილი 1 ლიტრ წყალში 0.39 მილიგრამი უნდა იყოს, 2017 წლის იანვრის მონაცემებით კი, ეს რიცხვი ნორმას აჭარბებდა:
,,თბილისში, ვახუშტის ხიდთან აღებულ სინჯში ნორმას 2.7-ჯერ აღემატებოდა, მეტეხის ხიდთან კი - 1,8-ჯერ. ზოგადად, მონიტორინგით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ფიქსირდება გარკვეულ პერიოდებში ზოგიერთ სინჯში ამონიუმის აზოტის გადაჭარბების შემთხვევები".
ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე წლების წინ თბილისის ქალაქმგეგმარებლად მუშაობდა. მისი თქმით, კანალიზაციის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საკმაოდ მწვავედ იდგა. დღეს კი, როდესაც მშენებლობების რაოდენობა გაიზარდა, მაშინდელი საკანალიზაციო სისტემა არ შეცვლილა, რაც საფრთხეა მტკვრისა და მთლიანად ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისთვის:
"მტკვარი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეკრეაციისთვის და როდესაც ეს წყალი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადამიანები მას ვერ ითვისებენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ნიშნავს, რომ ეს ელემენტი აკლია ქალაქს".
Your browser doesn’t support HTML5
2017 წლის თებერვლის ბოლოს თბილისის მერიამ დედაქალაქის ტერიტორიაზე მტკვრის კალაპოტის წმენდა დაიწყო. მდინარიდან ამოაქვთ შლამი, ნაგავი და მცენარეთა ნარჩენები, თუმცა ეს სამუშაოები არ ეხება წყლის ხარისხს. როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე ამბობს, თითქმის 1 თვის განმავლობაში მტკვრიდან 4 500 კუბურ მეტრამდე ნარჩენი ამოიტანეს:
"საკმაოდ ბევრი იყო პლასტმასის ბოთლები და პლასტმასისვე სხვადასხვა ნივთი. რა თქმა უნდა, ათწლეულების განმავლობაში გაუწმენდაობის გამო ამოსული იყო დიდი ბალახები და ველურად ამოსული ხე-მცენარეები. ასეთ ადგილებში, სადაც ფიზიკურად ვერ მივდიოდით, სპეცტექნიკით ვიმუშავეთ. სადაც მიდგომა შევძელით, ყველა ასეთი მონაკვეთი გაწმენდილია“.
დავით დოლიძე ამბობს, რომ სამუშაოების ეს ეტაპი, დაახლოებით, ერთ კვირაში დამთავრდება, თუმცა აქვე დასძენს, დროგამოშვებით მდინარის ხელახლა გაწმენდა იქნება საჭიროო:
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სამუშაოები 2-3 თვეში ერთხელ მუდმივად იქნება საჭირო".
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, სხვა ვალდებულებებთან ერთად გულისხმობს წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასაც. ამისთვის ქვეყანამ უნდა დაგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებებისა, რასაც საფუძვლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ანალიზები ედება. როგორც სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ამბობს, ამ საკითხზე სახელმწიფოს ჯერ მუშაობა არ დაუწყია და ამ ეტაპზე მხოლოდ ანალიზებს ამზადებენ:
"დირექტივის მთელი იდეა ისაა, რომ ყველა ზედაპირული წყალი იყოს კარგი სტატუსის მატარებელი და თუ არ არის, დგება ღონისძიებათა გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ მონიტორინგი გრძელდება და ვამოწმებთ, ამ ღონისძიებებმა მიგვაღწევინა თუ არა კარგი სტატუსისთვის".
ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ნაგვისა და საკანალიზაციო ნარჩენისგან მტკვრის გაწმენდა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, როგორც თავად ამბობს, მდინარის "გასათავისუფლებლად". მისი თქმით, გამწმენდი ნაგებობების აღდგენაც კი არ არის საკმარისი და მტკვრის ეკოლოგიურად გაწმენდასთან ერთად საჭიროა ის იქცეს ადგილად, სადაც ადამიანები განტვირთვას შეძლებენ:
"პირველ რიგში, ამას ხელს უშლის ორი გამჭოლი მაგისტრალი, რომლებიც ქმნიან სანაპირო ქუჩებს და რომელთა გამოც მტკვარს ვერ მიეკარები. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სატრანზიტო მაგისტრალების დუბლების გაჩენაშია გამოსავალი, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად შეიძლება ავტოსატრანსპორტო მოძრაობის შემცირება ქალაქში და ამ სიმძლავრეების გადატანა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე".
ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, ამ პრობლემის მოგვარებას ეკოლოგებთან ერთად ქალაქმგეგმარებელთა ჩარევაც სჭირდება, რათა მოსახლეობამ შეძლოს მტკვრისა და მისი შენაკადების მაქსიმალურად ათვისება.